ბენედიქტე (იღუმენი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იღუმენი ბენედიქტე (ბარკალაია)

ბენედიქტე (ბარკალაია ვახტანგი) – (1834 – 23.12.1911, ხობის მონასტერი), სასულიერო მოღვაწე, იღუმენი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა 1834 წელს სამეგრელოში, სენაკის მაზრაში (ზუსტი ადგილი უცნობია), აზნაურის ოჯახში. მიღებული ჰქონდა დაწყებითი განათლება. იცოდა მცირეოდენი რუსული (სალაპარაკო). სამსახური მან სახალხო მილიციაში დაიწყო. 1858 წელს იუნკერმა ვ. ბარკალაიამ მონაწილეობა მიიღო სამხედრო ექსპედიციაში, რომელსაც რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიაში აწარმოებდა. ომის დროს, მილიცია ძირითადად წინა პოზიციებზე იბრძოდა. ერთ-ერთი ოპერაციის დროს ვახტანგი თავის ორ მეგობართან ერთად უღრან ტყეში იყო დაზვერვაზე და მტრის ალყაში აღმოჩნდა. ერთ-ერთი მათგანი, ზურაბ კარტოზია, მძიმედ დაიჭრა. ყველას დაღუპვა ელოდა, მაგრამ უკუნეთმა ღამემ ხელი შეუშალა მტრის ძალებს. სწორედ ამ მძიმე წუთებში ვახტანგმა ღმერთს შესთხოვა, რომ თუ ის და მისი ამხანაგები გადარჩებოდნენ და სამშვიდობოს გავიდოდნენ, ბერად აღიკვეცებოდა და თავის სიცოცხლეს უფლის სამსახურში დაასრულებდა. მართლაც, გამთენიისას მოხდა სასწაული – მთიელები აღარ გამოჩენილან. მაშინ ვახტანგმა და მისმა მეგობარმა, დიმიტრი გაბუნიამ, დაჭრილი მეგობარი ზურგზე მოიკიდეს, 35 კმ. ფეხით ატარეს და მშვიდობით მიაღწიეს ძირითად ბანაკს. სამწუხაროდ, დაჭრილი ზურაბ კარტოზია მალევე გარდაიცვალა.

მოღვაწერობა ათონის მთაზე

ომიდან დაბრუნებულმა ვ. ბარკალაიამ ქ. სოხუმში ვაჭრობა წამოიწყო, რათა მცირეოდენი თანხა დაეგროვებინა და ღვთისადმი მიცემული ფიცი შეესრულებინა. რამდენიმე წელიწადში მან ყველაფერი გაყიდა და 1866 წელს პალესტინაში წმ. ადგილების მოსალოცად გაემგზავრა, იქიდან კი ათონის მთაზე მოხვდა, სადაც ქართულ მონასტერში მისულს მძიმე სურათი დახვდა. სავანე ბერძენ ბერებს მთლიანად ხელში ჩაეგდოთ და ქართველებს იქაურობას აღარ აკარებდნენ. ქართველი ბერთა მცირე ნაწილი ათონის მთის სხვადასხვა მონასტერში იყო გაფანტული. სამი მოხუცი ქართველი ბერი იქვე, მახლობლად, წმ. ილია წინასწარმეტყველის კელიაში ცხოვრობდა. ესენი იყვნენ: წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის ძმა – სქემმონაზონი ბესარიონი (ქიქოძე), სქემმღვდელმონაზონი ქრისტეფორე (ახვლედიანი) და სქემმონაზონი გრიგოლი (რატიანი), რომლებიც მოხუცებულობის გამო უკიდურეს გაჭირვებასა და ტანჯვაში ცხოვრობდნენ. მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ სქემმონაზონ გრიგოლს ივირონის მონასტერში შესვლაც კი აკრძალული ჰქონდა.

საქართველოში დაბრუნებულმა ვ. ბარკალაიამ მორჩილ ბესარიონ ნოდიას დახმარებით იმერეთის ეპისკოპოს წმ. გაბრიელის (ქიქოძე), სამეგრელოს ეპისკოპოს ტარასის (ელიავა) და გურიის ეპისკოპოს გაბრიელის (ტუსკია) ლოცვა-კურთხევით შეაგროვა საკმაოდ სოლიდური თანხა და 12 ქართველთან ერთად ათონის მთაზე ახალი ქართული სავანის დასაფუძნებლად გაემგზავრა. მართლაც, უდიდესი ძალისხმევის შედეგად მან მალევე შეძლო ათონის მთაზე სულიერი ცხოვრების აღორძინება. 1869 წელს ივირონის მახლობლად ვ. ბარკალაიამ შეიძინა მიტოვებული წმ. იოანე ღვთისმეტყველის სენაკი და იქ დაბინავდა, ვიდრე ქართველთა ძველ მონასტერს დაიბრუნებდნენ. ახალი სავანის აგებას დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს ბერძენმა ბერებმა. მათ უარი განაცხადეს საშენი მასალის მიყიდვაზე, რამდენჯერმე დაანგრიეს აშენებული ტაძრის კედლები, ჩაანგრიეს მისასვლელი გზები და სხვ. დაახლოებით 1870 წელს ათონის მთის წმ. ილია წინასწარმეტყველის კელიაში მცხოვრებმა სქემმღვდელმონაზონმა ქრისტეფორემ ვ. ბარკალაია ბენედიქტეს სახელით ბერად აღკვეცა მცირე სქემაში. უცნობია, თუ სად მოხდა მისი კურთხევა დიაკვნისა და მღვდლის ხარისხში. აქედან იწყება ინტენსიური მუშაობა სავანეში ძველი ქართული სამონასტრო ტრადიციების აღდგენა-დამკვიდრებისათვის.

იმ პერიოდში მთელ საქართველოში რუსი ეგზარქოსების მიერ განხორციელებული რეფორმების გამო ქართული მონასტრების მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა. ცვლილებები შეეხო სამონასტრო ცხოვრების ყველა ასპექტს, უმთავრესად კი – მის საარსებო წყაროს. რუსეთის საეკლესიო ადმინისტრაციის რეფორმამ უსამართლოდ ჩამოართვა საქართველოს მონასტრებს მრავალსაუკუნოვანი კუთვნილი ქონება და ამით დამოუკიდებლად არსებობის ყველა საშუალება მოუსპო. უფლებააყრილი მონასტრებისათვის არათუ კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის წარმართვა, არამედ ბერთა კრებულის შენახვაც კი შეუძლებელი გახდა. ბევრ ქართველ ბერს უჭირდა უკანონობასთან შეგუება და როდესაც ათონის წმ. მთის ქართველთა სავანეში მღვდელმონაზონ ბენედიქტეს მიერ ქართველი მოღვაწეთა თავმოყრის შესახებ ხმა გავრცელდა, მრავალ მათგანს გაუჩნდა იქ გამგზავრების სურვილი.

საქართველოს ყველა კუთხიდან მიეშურებოდნენ ბერები ათონზე სამოღვაწეოდ. გელათის, ჯრუჭის, კაცხის, მარტვილის, ხობის, გარეჯის, შუამთის ბერებმა სამშობლოსაგან შორს პოვეს მყუდრო თავშესაფარი. რუსული ეკლესიის წმ. სინოდის მმართველობა ათონის მთაზე არ ვრცელდებოდა. წმ. იოანე ღვთისმეტყველის სავანე ქართველი მოღვაწეთათვის თავისუფალ საქართველოზე მლოცველთა სულიერი კუნძული შეიქნა. აღდგა მწიგნობრობა, კალიგრაფია. ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული სამხმიანი გალობის გამართვას. ბენედიქტეს საეკლესიო გალობის სათანადოდ მოწესრიგება ძალზე ესახელებოდა. ეს კარგად ჩანს მისი ერთ-ერთი წერილიდან: „ინება ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმან ისევე თავის წილხდომილი წრფელი ქართველნი მრჩობლ განამრავლოს და ვართ დღეს ოცდახუთი ქართველნი ბერებნი სამი მღვდელ მონაზონნი მწყობრნი ქართულით მგალობელნი“.

ათონის ივერთა მონასტრის ბერძენი ბერები თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ ათონზე ქართველთა გამრავლებას, რადგან იცოდნენ, ადრე თუ გვიან მოუწევდათ კანონიერ მემკვიდრეთათვის ივერთა მონასტრის მმართველობის გადაცემა. ქართველთა სავანემ მალე გაითქვა სახელი ათონის მთაზე. უჩვეულო კეთილხმოვანებით გამორჩეულმა გალობამ ბევრი დააინტერესა: „დავიწყებული ათონსა ზედა სახელი ივერიელთა აწ მადლითა ღვთისათა ცნობილ არს, და ჟამსა მცირესა სავანისა ამის არსებობისა ღვაწლი მონასტრისა ამის გამოჩნდების, რამეთუ სავანესა ამას შინა აწ მოგონებულ და განწყობილ არს დავიწყებული მამულისა ჩვენსა შინა საუცხოო საეკლესიო გალობა ქართული, ვითარცა ძველთა კათალიკოსთა ჩვენთა სობოროსა შინა და საუცხოვო განწყობილებითა და ტკბილ ხმოვანებითა გალობა ესე აწ ცნობილ იქმნა და ბერძენთა და რუსთა მიერ ათონისათა ფრიად საჩინო და მოწონებულ, რამეთუ ხორანი ქართველთა მგალობელთაგანი ტკბილსმენელობასა მისთვის მიწვეულ იქმნებიან ტაძართა შინა დიდთა ათონის მონასტერთა ბერძენთა და რუსთა მიერ, რომელნიცა აწ განკვირდებიან წარჩინებულისა და ტკბილ-სასმენსა ამას გალობასა ზედა,“ – წერდა ბენედიქტე 1880 წ.

ბენედიქტემ თავის თანაშემწე სქემმღვდელმონაზონ იონასთან (ხოშტარია) ერთად აღადგინა მრავალი კეთილი ტრადიცია, რომელიც სათავეს წმ. გიორგი მთაწმინდის დროიდან იღებდა. მან საქართველოში მოიძია ნიჭით გამორჩეული ახალგაზრდები და ათონის სავანის ხარჯით მათ საფუძვლიანი განათლება მიაღებინა. აქვე ხდებოდა უძველესი ქართული ხელნაწერების გადაწერა. მონასტერში მოღვაწე ბერები ნაყოფიერად მუშაობდნენ და გულმოდგინედ ამრავლებდნენ ივერთა მონასტრის ბიბლიოთეკაში დაცულ უძველეს ხელნაწერთა ასლებს, სხვადასხვა სასულიერო შინაარსის მქონე წიგნებს და საქართველოში გზავნიდნენ გამოსაცემად. ამ საქმით იყო დაკავებული ათონზე ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი სქემმღვდელმონაზონი ალექსი (შუშანია), რომელიც სწორედ მამა ბენედიქტემ წაიყვანა ათონზე კარგი და ლამაზი კალიგრაფიის გამო.

ბენედიქტე ბევრს მოგზაურობა და რუსეთსა და სტამბოლში, ასევე საქართველოში, რათა მაშინდელ უმაღლეს საერო და სასულიერო ხელისუფლებას ყურადღება მიეპყრო ქართველთა გაჭირვებული მდგომარეობისათვის. იგი სწერდა რუს და ქართველ გამოჩენილ მოღვაწეებს და დახმარებას სთხოვდა, ბეჭდავდა წერილებს, რომელშიც წარმოაჩენდა ქართველთა დამსახურებას ივერთა სავანის დაარსება-განვითარებაში, ამხელდა ბერძენ სამღვდელო პირთა მიმტაცებლობასა და ძალმომრეობას, ითხოვდა ქართველთა კანონიერი უფლებების აღდგენას, თანამემამულეებს მოუწოდებდა ენერგიული მოქმედებისა და ქართული მონასტრის დახსნისაკენ.

1879 წელს ბენედიქტემ ქართველი ბერთა სახელით განცხადებით მიმართა მთავრობის ადგილობრივ ორგანოებსა და საქართველოს მთავარმართებელს ივერთა მონასტრის დაბრუნების შესახებ. 1879 წწლის 22 მაისს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა კრებამ განიხილა საკითხი, დაგმო ბერძენი ბერების მტაცებლური ძალადობა და ერთხმად დაადგინა: თავად-აზნაურთა წინამძღოლმა იშუამდგომლოს მთავრობის წინაშე, რათა ივერთა ლავრა დაუბრუნდეს ქართველი ბერთა ძმობას, ამასთანავე, ქართველ ბერებს მიეცეს უფლება მონასტრის იმ უძრავი ქონებით სარგებლობისა, რომელიც ჩვენს მეფეებს და, საეროდ, წინაპრებს სხვადასხვა საუკუნეში შეუწირავთ ივერთა ლავრისათვის.

მიუხედავად ამისა, ქართველთა მდგომარეობა ათონზე კიდევ უფრო გართულდა. ბერძენთა მოძალება და ქართველთა შევიწროება ყოველგვარ ზღვარს გასცდა. ქართული საზოგადოებისა თუ რუსული საერო და სასულიერო ხელისუფლების მხარდაჭერამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, ბერძნები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და ქართველთა ნაკვალევის მოსპობა-განადგურებას შეუდგნენ. ერთი ათონური ხელნაწერის ცნობით, 1883 წელს „ბერძნებმა მონასტერში დახატული ქართველი მეფის და დედოფლების სახელი ამოხოცეს და ბერძნის დაწერეს, ვითომცა მათი მეფეები ყოფილიყოს. თორნიკეც ამოხოცეს“.

ბენედიქტეს ძალისხმევითა და მონდომებით XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში ქართველთა სავანეში უკვე 50-ზე მეტი ქართველი ბერმონაზონი მოღვაწეობდა. მიუხედავად მწირველი მოძღვრების ნაკლებობისა (სამ-ოთხ კაცზე მეტი არ იყვნენ), წირვა-ლოცვა ყოველდღიურად აღესრულებოდა.

ათონის ქართველთა ახალი სავანე უამრავ შემოწირულებას იღებდა, რადგან ათონზე ცხოვრება და არსებობა დიდ ფინანსებს მოითხოვდა. სწორედ ამ პერიოდში ქართველმა ბერებმა კიდევ ერთხელ მიმართეს დახმარებისათვის რუსეთის მთავრობას, რომელმაც შეიწყნარა მათი თხოვნა და იმ შემოსავლებიდან, რომელიც ივერთა მონასტერს. ეძლეოდა როგორც დახმარება, 300 თუმანი განუწესა. ათონელმა ბერძნებმა მთავრობისგანაც მიიღეს ბრძანება, რომ ქართველები არ შეეწუხებინათ, მაგრამ ეს ყოველივე ამაო აღმოჩნდა. ისინი აიძულებდნენ ქართველებს, დაეტოვებინათ ათონის მთა, არ აძლევდნენ ნებას, გამოეყენებინათ შეშა, წყალი, აღედგინათ დაზიანებული შენობები.

მიუხედავად იმისა, რომ ბენედიქტემ დიდი ამაგი დასდო ქართველთა მონასტერს, მას თანამოძმეებისგანაც მრავალი უსიამოვნების გადატანა მოუხდა. ზოგიერთებმა ფულის მითვისება დააბრალეს, ასევე განიკითხავდნენ მონასტერში ხშირად არყოფნის გამო. ამას გარდა, მოძღვარს დიდი განსაცდელი დაატყდა თავს – ჟურნალ „მწყემსის“ რედაქციამ იგი მატყუარად, მძარცველად და „შინაურ აშინოველად“ გამოაცხადა. ამ ცილისწამებისათვის ბენედიქტემ „ივერიის“ რედაქციას წერილით მიმართა და მკითხველს თავისი მოღვაწეობის მნიშვნელობა ივერთა მონასტრისათვის ასე განუმარტა: „ვისაც ქრისტეს სარწმუნოება და სამშობლო უყვარს, იმას ეცოდინება ჩემი მოღვაწეობა ჩემს მიერ აშენებულ სავანისათვის და ღვაწლი ივერთა მონასტრის ამოგებისათვის“.

ცხოვრების უკანასკნელი წლები

XIX საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს ბენედიქტე საქართველოშია. იგი სამეგრელოში, ნახარებაოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების მონასტერში აგრძელებს მოღვაწეობას.

1900 წლის 30 მარტს წმ. სინოდის ბრძანების საფუძველზე, მღვდელმონაზონი ბენედიქტე გარეჯის ლავრის წინამძღვრად დაინიშნა და იღუმენის პატივში იქნა აღყვანილი.

1901 წლის 18 აგვისტოს წმ. სინოდის ბრძანების საფუძველზე, ბენედიქტე ავადმყოფობის გამო გაათავისუფლეს წინამძღვრობიდან და სამეგრელოში ხობის მონასტრის უშტატო წევრად დაინიშნა.

საქართველოში ყოფნისას იგი დროს უქმად არ კარგავ და. ქართველი ბერთა მიმოსვლა და კავშირი ათონთან რომ არ შეწყვეტილიყო, მან რუსეთის მთავრობასა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს ალექსანდრეს (ოქროპირიძე) სთხოვა, ხობის მამათა მონასტრის ეზოში ორსართულიანი შენობის აგება, რომელიც ათონის წმ. იოანე ღვთისმეტყველის მონასტრის დაქვემდებარებაში იქნებოდა. მისი აზრით, ხობის მონასტერი „მთელ კუთხეს საუნჯედ შეექმნებოდა“ და ვისაც ათონზე წასვლა არ შეეძლო, სამონასტრო ცხოვრებას ამ მონასტერში გაივლიდა. აი, რას წერდა იგი ეპისკოპოს ალექსანდრეს 1902 წლის სექტემბერში: „როგორც თქვენს მეუფებას მოეხსენება, უძველესი დროიდან ათონის მთის სავანეებს გააჩნდათ თავისი მეტოქეები საქართველოში, რითაც ხორციელდებოდა ცხოველი კავშირი ათონის მთის მონასტრებსა და ქართულ სავანეებს შორის. ამის წყალობით, ათონის მთის მკაცრი და ასკეტური ცხოვრების ბერული წესი საქართველოშიც აღწევდა და განამტკიცებდა აქაურ მოღვაწეებს ქრისტეს მსახურებაში. სამწუხაროდ, უკანასკნელ საუკუნეებში განვითარებულმა მოვლენებმა ეს ტრადიცია მოშალა და მეტოქეებიც გავერანდა და დაცარიელდა. ამიტომ, მოგმართავთ თხოვნით, რომ დაგვრთოთ ნება ხობის მონასტრის ეზოში ავაშენოთ ორსართულიანი შენობა, სადაც გვექნება საშუალება ათონის მთის ბერებს საქართველოში მყოფობის ჟამს ვიცხოვროთ იქ, და ჩვენი არყოფნის პერიოდში კი ხობის მონასტრის საძმო გამოიყენებდა ამ შენობას თავისი შეხედულებისამებრ. ამჟამად მეც ამ მონასტერში ვდგევარ. ეს კარგი იდეა არანაირად არ იმოქმედებს ხობის მონასტერზე უარყოფითად, პირიქით, მხოლოდ სიკეთეს მოუტანს მას. ამასთანავე, წარმოგიდგენთ გეგმას ორსართულიანი შენობისას და უმდაბლესად გთხოვთ დაგვრთოთ ნება და ვიწყოთ მშენებლობა უახლოეს პერიოდში“.

ეპისკოპოს ალექსანდრეს მოეწონა ბენედიქტეს განზრახვა და 1902 წლის 28 ოქტომბერს დართო მშენებლობის დაწყების ნება, მაგრამ ხობის მონასტრის იმჟამინდელი წინამძღვრის უარის გამო და ისევ ჟურნალ „მწყემსის“ რედაქტორის ჩარევით ეს კეთილი წამოწყება ჩაიშალა.

XX საუკუნის დასაწყისში ათონის მთის პრობლემებით დაინტერესდა ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ხახანაშვილი, რომელმაც იმოგზაურა წმ. მთაზე. მან ქართველი ბერების მოთხოვნა სამართლიანად მიიჩნია და გაზეთში „პეტერბურგის უწყებანი“ შესაბამისი წერილიც გამოაქვეყნა სათაურით: „როგორ უნდა გათავდეს ბერძენთა და ქართველთა საქმე ძველს ათონზე“.

ბენედიქტე გამოეხმაურა ამ სტატიას და წერილიც მისწერა ცნობილ მეცნიერს. ბენედიქტეს იმედი ჰქონდა, რომ პირადად შეხვდებოდა ა. ხახანაშვილს, მაგრამ ეს არ ეღირსა – 1911 წლის შემოდგომაზე მას მოულოდნელად დამბლა დაეცა და სამი თვის ავადმყოფობის შემდეგ, იმავე წლის 23 დეკემბერს გარდაიცვალა.

გ. მაჩურიშვილი


Logo1.JPG ბენედიქტე მრავალმნიშვნელოვანი

წყაროები და ლიტერატურა

  • „დროება“, 1880, №126, №127, №128, 1882, №226, 236, №267-268;
  • „მწყემსი“, 1889, №12;
  • „საქართველოს საეგზარქოსოს სასულიერო უწყებანი“, 1900, №11; 1901, №19-20;
  • „შინაური საქმეები“, 1912, №1;
  • სცსა, ფონდი 489, აღწერა 1, საქმე №52851.
  • „საპატრიარქოს უწყებანი“, 2012, №21;
  • Натроев A., Иверский монастырь на Афоне, вь Турции, на одном из выступов Халкидонского полуострова, Tфл., 1910.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები