ბენზოდიაზეპინების ავადმოხმარება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბენზოდიაზეპინების ავადმოხმარება - ამ პრეპარატებს მრავალი წლის მანძილზე იყენებდნენ როგორც სამკურნალო საშუალებებს, სანამ არ დადგინდა, რომ მათმა ხანგრძლივმა მოხმარებამ შეიძლება ტოლერანტობა და დამოკიდებულება გამოიწვიოს. ბენზოდიაზეპინებზე დამოკიდებულებას აქვს დამახასიათებელი აღკვეთის სინდრომი, რომელიც მოიცავს:

სარჩევი

ეპიდემიოლოგია

ბენზოდიაზეპინის მოხმარება ძალზე გავრცელებულია. დადგენილია, რომ ევროპისა და აშშ-ის მოსახლეობის დაახლოებით 10% იყენებს მას, როგორც ანქსიოლიზურ ან საძილე საშუალებას. ბოლო წლებში ბენზოდიაზეპინი უფრო იშვიათად ინიშნება შფოთვის საწინააღმდეგოდ. მის ხანგრძლივად მომხმარებლებს, უმეტესად, ხანში შესული ქალები წარმოადგენენ, თუმცა, ასევე აღინიშნება ამ პრეპარატის ავადმოხმარება ახალგაზრდებში, რაც ხშირად უკავშირდება ინტრავენური გზით მიღებასა და რამდენიმე ფსიქოაქტიური ნივთიერებების ერთდროულად მოხმარებას. ალკოჰოლდამოკიდებულების მქონე პირების მნიშვნელოვანი ნაწილი ბენზოდიაზეპინებზეც არის დამოკიდებული.

დამოკიდებულება

ხშირად ბენზოდიაზეპინებზე დამოკიდებულება მკურნალობის მიზნით მისი ხანგრძლივი გამოყენების შედეგად ვითარდება; ასევე, შეიძლება მიზეზი იყოს ბენზოდიაზეპინის, როგორც იოლად მოსაპოვებელი „ქუჩის ნარკოტიკის” მოხმარება, რომელსაც ეიფორიული და რბილი ზემოქმედება აქვს. აღკვეთის სინდრომი ძალიან ჰგავს შფოთვის სიმპტომებს, რომელთა მოსახსნელადაც, ჩვეულებრივ, ამ პრეპარატს ნიშნავენ. ამიტომ, თუ სიმპტომებმა ბენზოდიაზეპინის დოზის დაკლების შემდეგ კვლავ იჩინა თავი, ექიმმა შეიძლება ეს ძლიერი შფოთვითი აშლილობის გამოვლენად მიიჩნიოს და შეცდომით ისევ გაუზარდოს პაციენტს დოზა. დადგენილია, რომ პაციენტების ერთ მესამედს, რომლებიც ბენზოდიაზეპინის თერაპიულ დოზას ექვს თვეზე მეტ ხანს იღებენ, შეიძლება მასზე დამოკიდებულება განუვითარდეთ (Lingford-Hughes et al., 2004).

მკურნალობა

დამოკიდებულების მკურნალობა, ჩვეუჩვეულებრივ, ბენზოდიაზეპინის თანდათანობითი აღკვეთით ხდება, რაც, მინიმუმ, რვა კვირა გრძელდება. ამ პერიოდში პაციენტს უტარდება მხარდამჭერი კონსულტაციები. იმ ტიპის ბენზოდიაზეპინების აღკვეთის პროცესი, რომლებსაც ხანმოკლე ნახევრ-დაშლის პერიოდი და ბენზოდიაზეპინური რეცეპტორების მიმართ მაღალი პოტენციურობა აქვთ, უფრო რთულად მიმდინარეობს. ამიტომ მიიჩნევენ, რომ ასეთ შემთხვევაში, პაციენტი აღკვეთის მცდელობამდე ჯერ ხანგრძლივი მოქმედების მქონე პრეპარატებზე უნდა გადავიყვანოთ (მაგ., დიაზეპამზე). პაციენტებთან, რომლებსაც აღკვეთის ზემოთ ნახსენებ ზომებთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები აქვთ, შეიძლება სასარგებლო იყოს შფოთვის მართვის გამოყენება.

ითვლება, რომ ბენზოდიაზეპინის დოზა ყოველი ორი კვირის შემდეგ ერთი-მერვედით უნდა შემცირდეს. მძიმე აღკვეთის სინდრომის შემთხვევაში, შეიძლება დოზა იგივე დარჩეს ან დროებით გაიზარდოს კიდეც, სანამ სიმპტომები არ მოიხსნება. როდესაც პაციენტი ბენზოდიაზეპინებს ავად და დიდი დოზით მოიხმარს, შეიძლება გართულდეს შესაბამისი საწყისი დოზის დადგენა. ჩვეულებრივ, პაციენტს არ უნდა მივცეთ დღეში 40-60 მილიგრამზე მეტი დიაზეპამი. ეს დოზა თანდათანობით უნდა შემცირდეს და ექვსი კვირის მანძილზე, თითქმის განახევრდეს (Department of Health, 1999).

ბევრ პაციენტს აღკვეთის სიმპტომები მაშინვე უმწვავდება, როგორც კი ბენზოდიაზეპინის დოზის მიღებას სრულიად წყვეტს. ჩვეულებრივ, სიმპტომები რამდენიმე კვირაში სუსტდება, თუმცა, ეს პროცესი ერთნაირი ხანგრძლივობის არ არის და ზოგიერთი სიმპტომი, მაგ., კუნთების სპაზმი, შეიძლება არ გამოვლინდეს მანამ, სანამ აღკვეთის სხვა სიმპტომები თითქმის სრულიად არ გაქრება. ზოგიერთი პაციენტი ბენზოდიაზეპინის მიღების შეწყვეტის შემდეგ, აღკვეთისმაგვარ სიმპტომებს თვეების ან წლების მანძილზე შეიგრძნობს („გახანგრძლივებული აღკვეთის სინდრომი”).

პრევენცია

ბენზოდიაზეპინზე დამოკიდებულების პრევენცია მისი დანიშვნის შეზღუდვითაა შესაძლებელი. შფოთვითი აშლილობის უმეტეს შემთხვევაში ეფექტურია ფსიქოთერაპიული მკურნალობა. არაფარმაკოლოგიური მიდგომა, ასევე, სასარგებლოა უძილობის მკურნალობის დროსაც. ბენზოდიაზეპინები უნდა დაინიშნოს ხანმოკლე დროით, ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, რომლებიც აქვეითებენ პაციენტის ფუნქციონირების ხარისხს ან იწვევენ დისტრესს. ზოგიერთი პაციენტისთვის, რომელიც ბენზოდიაზეპინს უკვე დიდი ხნის მანძილზე მოიხმარს, ამ პრეპარატის უწყვეტად მიღებისას, საუკეთესოა რისკისა და სარგებლის თანაფარდობა, მაგრამ ასეთი პაციენტების გაკონტროლება რეგულარულად უნდა ხდებოდეს და დიაზეპამის ყოველდღიურმა დოზამ 30მგ-ს არ უნდა გადააჭარბოს (Department of Health, 1999). ბენზოდიაზეპინების ხანგრლივად მომხმარებელი პირების 20-40%-ისთვის ზოგადი პროფილის ექიმის რჩევა შეიძლება საკმარისი იყოს იმისთვის, რომ შეამციროს ყოველდღიური დოზა ან საერთოდ შეწყვიტოს მკურნალობა.

წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები