ბერეკაშვილი ნიკოლოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პროტოპრესვიტერი ნიკოლოზი ბერეკაშვილი

ბერეკაშვილი ნიკოლოზი – (1901, ქუთაისის გუბერნია, ქუთაისის მაზრა, სოფ. კურსები – 1969, ზესტაფონის რაიონი, სოფ. კვალითი), საეკლესიო მოღვაწე, პროტოპრესვიტერი.

ბიოგრაფია

დაიბადა მედავითნე ილია ბერეკაშვილის ოჯახში. ბერეკაშვილების გვარის წარმომადგენლები მთელ იმერეთსა და დასავლეთ საქართველოში განთქმული კირითხურონი და ეკლესიების მშენებლები იყვნენ. პატარა ნიკოლოზმა სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლა დაამთავრა. შემდეგ ქუთაისის სამოქალაქო სასწავლებელში სწავლობდა, რომლის დამთავრებისთანავე (1915) მამამ ჯრუჭის წმ. გიორგის მამათა მონასტერში მიაბარა. აქ იმ პერიოდში მოღვაწეობდა ნიკოლოზის ბიძა, მღვდელ მონაზონი ბენიამენი (ბერეკაშვილი). ნიკოლოზმა მისი დახმარებით საფუძვლიანად შეისწავლა წმ. წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. მონასტერში იგი 1918 წლამდე ცხოვრობდა. მის აღზრდაში ასევე დიდი როლი მიუძღვის მეორე ბიძას, დეკანოზ თეოფილე ბერეკაშვილს.

1918 წელს ბიძების ლოცვა-კურთხევით ბერეკაშვილი საერო ცხოვრებას დაუბრუნდა და ოჯახს მოეკიდა. მან ცოლად შეირთო სოფელ კვალითში მცხოვრები შეძლებული გლეხის, სევასტი ბარამიძის, ქალიშვილი შუშანიკი და იქვე დასახლდა.

1921 წელს საქართველოში დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება. ეკლესიასა და სამღვდელოებას მძიმე წლები დაუდგა. ტერორისა და შიშის გამო მრავალმა მოძღვარმა უარი თქვა მღვდელმსახურებაზე და ანაფორა გაიხადა. მიუხედავად ურთულესი პერიოდისა, ბერეკაშვილმა გამოთქვა სამღვდელო ხარისხის მიღების სურვილი. ახალგაზრდა კაცის შემართებამ დიდად გაახარა ქუთათელი მიტროპოლიტი წმ. ნაზარი (ლეჟავა), რომელმაც 1922 წ. ბერეკაშვილი დიაკვნად აკურთხა და ზესტაფონის წმ. დავით და კონსტანტინეს ეკლესიის ღვთისმსახურად გაამწესა. 1925 წლის 7 იანვარს ქუთათელი ეპისკოპოსის, დავითის (კაჭახიძე), ხელდასხმით მღვდლად ეკურთხა და კვალითის წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. 1928 წელს ხელისუფლების მხრიდან დიდი გადასახადების დაკისრებასთან დაკავშირებით, ბერეკაშვილი ერთი წელი იძულებული გახდა, პარალელურად სამოქალაქო უწყებაში ემუშავა.

XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში ხელისუფლებამ კვალითის წმ. გიორგის ეკლესიაც დახურა და ბერეკაშვილი მოქმედი ტაძრის გარეშე დარჩა. იგი თავის ბიძებთან მღვდელმონაზონ ბენიამენსა და მღვდელ თეოფილე ბერეკაშვილთან – ერთად უშიშრად განაგრძობდა მსახურებას. ისინი დადიოდნენ ახლომახლო სოფლებში და ანუგეშებდნენ სულიერ საზრდოს მოკლებულ მრევლს. ღამღამობით კი სოფლის ზევით, უღრან ტყეში არსებული ძველი ეკლესიის ნანგრევებზე ადიოდნენ სოფლის მორწმუნეებთან ერთად, აჰქონდათ მოძრავი ტრაპეზი და ჩუმად აღასრულებდნენ ღამისთევის მსახურებებს (ეს მოძრავი ტრაპეზი, ოდიკთან ერთად, ახლაც ინახება ბერეკაშვილების ოჯახში).

XX საუკუნის 30-იან წლებში (ზუსტი თარიღი უცნობია) აღესრულა ბერეკაშვილის ბიძა, მღვდელმონაზონი ბენიამენი. სიკვდილის წინ მან ჯრუჭის მონასტრიდან წამოღებული სიწმინდე, წმ. გიორგის ძვლის სამი ნაწილი, ბერეკაშვილს გადასცა შესანახად და თან დაუბარა, თუ ღვთის შეწევნით ჯრუჭის მონასტერი კვლავ აღდგებოდა, ეს სიწმინდე მონასტრისთვის დაებრუნებინა. წმ. ნაწილები პატარა ხის ლუსკუმაში იყო ჩასვენებული. ბერეკაშვილმა წმ. გიორგის ხატი დააწერინა და წმ. ნაწილები მასში ჩააბრძანა. ასე ინახავდა მათ წლების განმავლობაში. 1938 წელს, როდესაც ადგილობრივმა უშიშროების ორგანოებმა ბერეკაშვილი დააპატიმრეს, მას ეს სიწმინდე თან ჰქონდა ზესტაფონის საპყრობილეში. ერთ-ერთი დაკითხვის დროს მოძღვარს კიდევ ერთხელ მოსთხოვეს, მიეტოვებინა ეკლესია და უარი ეთქვა მღვდლობაზე, თუმცა კვლავ ცივი უარი მიიღეს. ოთახში მოუხმეს ჯალათს, რომელიც ხელკეტით აპირებდა მოძღვრის ცემა-წამებას. მიუახლოვდა თუ არა ბერეკაშვილს და კეტი დასარტყმელად აღმართა, ხელი ჰაერში გაუშეშდა. ამ დროს მამა ბერეკაშვილი ნიკოლოზს სიწმინდე ხელზე, სამაჯურში ჰქონდა შენახული. ნათელი გახდა, რომ თავად წმ. გიორგი იცავდა მას საშინელი წამებისაგან.

XX საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში, II მსოფლიო ომის დროს, ხელისუფლებამ ნება დართო სამღვდელოებას, გაეხსნათ ეკლესიები და ოფიციალურად განეგრძოთ ღვთისმსახურება. ამ პერიოდში ბერეკაშვილი გაათავისუფლეს ციხიდან და მანაც განაგრძო სასულიერო მოღვაწეობა. 1945-1946 წლებში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) დროს ჩატარებული ეკლესიებისა და სამრევლოების აღწერისას, მოქმედი სამღვდელოების სიებში გვხვდება ბერეკაშვილიც და აღნიშნულია, რომ იგი ზესტაფონის რაიონის სოფ. ზედა საქარაში მსახურობს. 1949 წლის 4 ივნისს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა ეფრემმა (სიდამონიძე) (შემდგომში – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II) ბერეკაშვილი ქუთაისის პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარში გადაიყვანა. 1949 წლის 1 დეკემბერს დეკანოზის წოდება მიენიჭა.

1955 წლის იანვარში ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა გაბრიელმა (ჩაჩანიძე) ბერეკაშვილი ქუთაისის საკათედრო ტაძრის კანდელაკად დანიშნა. 1957 წელს ქუთაის-გაენათის ეპარქია ეპისკოპოსმა ნაუმმა (შავიანიძე) ჩაიბარა, რომელიც დიდად აფასებდა ბერეკაშვილის გამოცდილებასა და დამსახურებას ეკლესიის წინაშე. მისი წარდგინებით 50-იანი წლების ბოლოს ბერეკაშვილი ქუთაისის ეკლესიების მთავარხუცესად დაინიშნა და ენქერითა და გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვდა.

ეპისკოპოსი ნაუმი სიცოცხლის ბოლო წლებში ბევრს ავადმყოფობდა, რის გამოც ხშირად უწევდა სამკურნალოდ ჩასვლა ხან სოხუმში, ხან წყალტუბოს ერთ-ერთ სანატორიუმში. ამ პერიოდში ეპარქიას დროებით ყოველთვის ბერეკაშვილი განაგებდა.

1967 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ეფრემ II-მ (სიდამონიძე), ბერეკაშვილი ეკლესიაში ხანგრძლივი მოღვაწეობისა და თავდადებისათვის პროტოპრესვიტერის ხარისხში აამაღლა და მეორე გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა.

გარდაიცვალა 68 წლის ასაკში ფილტვების ანთებით. ბერეკაშვილის დაკრძალვას ესწრებოდნენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი – დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) და სამღვდელოება საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან და რუსეთიდან. წესის აგების შემდეგ პროტოპრესვიტერის ცხედართან გამოსათხოვარი სიტყვა წარმოთქვა უწმინდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ. მან დამსწრეთ ვრცლად მოუთხრო ბერეკაშვილის მოღვაწეობის შესახებ და აღნიშნა მისი დიდი დამსახურება დედაეკლესიის წინაშე.

ბერეკაშვილი დაკრძალულია სოფ. კვალითში, საგვარეულო სასაფლაოზე.

გ. მაჩურიშვილ

წყაროები და ლიტერატურა

  • საქართველოს საპატრიარქოს არქივი, ქუთაის-გაენათის ეპარქიის საქმეები №2312, №2216;
  • სცსა, ფონდი №1880, აღწერა 4, საქმე №25; ფონდი №1880, აღწერა 1, საქმე №17;
  • ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ ნაუმის (შავიანიძე) საოჯახო არქივი.
  • ბუბულაშვილი ე, საქართველოს ეკლესიის სიძველენი, თბ., 2009;
  • „გუმბათი“, 2008, №49;
  • „ზესტაფონის მოამბე“, 2003, 14 მაისი;
  • „საპატრიარქოს უწყებანი“, 2010, №29.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები