ბერე არდანპონი (მსხლის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბერე–არდანპონი

ბერე არდანპონი(Beurré d՚ Hardenpont, Clou Morceau, ფერდინადი); ქართული სინონიმი: კომშა მსხალი. მსხლის ეს ჯიში წარმოშობით ბელგიიდანაა. მიღებულია თესლნერგად 1750 წ. (ქ. მონსი) არდანპონის მიერ. ფართოდ გავრცელებულია დასავლეთ ევროპის მეხილეობის თითქმის ყველა რაიონში. ეს ჯიში ფართოდ არის ცნობილი ყირიმში, ჩრდილო კავკასიასა და სამხრეთ-დასავლეთ უკრაინაში.

საქართველოში ბერე არდანპონი ფართოდაა გავრცელებული და ითვლება ერთ-ერთ სამრეწველო ჯიშად. მისი დიდი რაოდენობა გვხვდება ქართლის მეხილეობის რაიონებში, შედარებით მცირე რაოდენობით ახალციხეში და სულ მცირე რაოდენობით კახეთში. დასავლეთ საქართველოში გვხვდება მხოლოდ როგორც პომოლოგიური იშვიათი ჯიში.

ბერე არდანპონის ყვავილი

ნაყოფი მსხვილია ან საშუალო სიდიდის, ზომით 95–100 მმ. : 85–95 მმ., გარეგნობით წააგავს კომშის ნაყოფს რის გამოც მას კომშა მსხალი უწოდეს. ნაყოფის ზედაპირი ბორცვიანია და წახნაგოვანი, კანი ძლიერ თხელი აქვს, გლუვია, ფერმკრთალი, მოკრეფისას მწვანე ფერისაა, სრული სიმწიფისას კი ღია ყვითელ ელფერს ღებულობს და მზის მხარეზე ოდნავი სიწითლე უჩნდება. ნაყოფის მთელ ზედაპირზე უხვად გაფანტულია მორუხო-ნაცრისფერი წერტილები. ნაყოფი ქეცით ძლიერ მცირედ ავადდება, ტრანსპორტს კარგად იტანს, თუ ყურადღებით და სათუთად იქნა ჩაწყობილი, რადგანაც კანი ძლიერ თხელი და ნაზი აქვს.

ნაყოფის ყუნწი საშუალო სიგრძისაა, სქელი და ზის პატარა ბორცვიან არაღრმა ღრუში.

ჯამი ღიაა, ხან დახურული, ზის საკმაოდ ღრმა ბორცვიან და მონაოჭებულ ღრუში.

ნაყოფის ხორცი თეთრია, ძლიერ ნაზი, ერბოსებრ მდნარი, ტკბილი, წვნიანი, სურნელოვანი, სასიამოვნო მჟავიანობით; საერთოდ მეტად ძვირფასი და მაღალი ხარისხის ნაყოფს იძლევა. ცუდი კვების და ცუდი ჰავისა და მოვლის პირობებში ნაყოფის ხარისხი ძლიერ ქვეითდება, მწკლარტდება, სიტკბო აკლდება, გრანულაციები ემატება და წვრილდება. მოკრეფის შემდეგ ნაყოფი საწყობში სძლებს 2½–2 თვეს. ნაყოფი საწყობში თანდათანობით მწიფდება, რაც მის მოხმარებით პერიოდს მეტად აგრძელებს და მის სამრეწველო ღირსებას ადიდებს.

ხე იზრდება დიდი, განიერი, მაღალი შენების პირამიდული ვარჯით, გარეგნული შეხედულებით ხე უჯიშოს წააგავს; კარგად გვარობს როგორც ძლიერ, ისე სუსტ საძირეზე. ახალგაზრდა ხე მგრძნობიარეა ყინვებისადმი, შემდეგში კი საკმაოდ ყინვაგამძლე ხდება. ყვავილობა გვიანი აქვს; ყვავილი თვითსტერილია. გვიან შედის მსხმოიარობაში, იძლევა უხვ მოსავალს. ნაქარს მცირეს იძლევა. ხშირად ახლად გამონასკული ნაყოფი ძლიერ სცვივა, ნიადაგში თუ წყალი აკლია.

ნაყოფი ძლიერ ზიანდება ქეცით, განსაკუთრებით ძვირფას ნაყოფს იძლევა ნაგალა საძირეზე. ხე საკმაოდ მომთხოვნია ნიადაგის კარგი ნაყოფიერების მიმართ; თბილი, მყუდრო და უქარო ადგილები მეტად ხელს უწყობს მაღალი ხარისხის პროდუქციის მიღებას. სხვლა საშუალო სიგრძისა ესაჭიროება, ან უფრო გრძელი, მაგრამ მოკლე კი არა. ხშირად ისხამს გრძელ ნაზარდ ტოტებზე.

ჯიშის სამრეწველო-სამეურნეო ღირსებას შეადგენს ნაყოფის მეტისმეტად მაღალი ხარისხი და გვიანი სიმწიფე (საზამთრო ჯიშია), საწყობში ნაყოფის თანდათანობითი დამწიფება. ჯიშის უარყოფითი თვისებებია: ნაყოფიერების გვიან დაწყება, ძლიერი დაზიანება სოკოვანი დაავადებებით, დიდი მოთხოვნილება ნიადაგისა და სხვა გარემო პირობების მიმართ; მოითხოვს მაღალ აგროტექნიკურ ღონისძიებათა ჩატარებას. მიუხედავად ყოველივე ამისა ბერე-არდანპონი უსათუოდ უნდა ჩაითვალოს ძვირფას სამრეწველო ჯიშად საქართველოს მთავარ მეხილეობის რაიონებისათვის, რის გამოც ქართლის მეხილეობის მთავარ რაიონებისათვის იგი შეტანილია სამრეწველო ასორტიმენტში. პერსპექტული იქნება მისი ფართოდ გავრცელება კახეთის ზოგიერთ რაიონში.




წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები