ბერე მერგიულგნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბერე მერგჲულგნ-ი (ყალ. Бере мергюлгн) – საქორწილო ციკლის ყალმუხური რიტუალი. დაკავშირებული ახალ ოჯახში პატარძლის ინკორპორაციასთან.

ნეფის სახლში მოსული დედოფალი ჯდებოდა ზღურბლის გარეთა მხარეს; მის წინ ეჭირათ ფარდა, რათა კიბითში მსხდომთათვის პატარძლის სახე უხილავი ყოფილიყო; მამაკაცი, რომელმაც ქალიშვილის მშობლების კიბითიდან გამოყვანის დროს მას პირველმა შეახო ხელი, აიძულებდა თაყვანი ეცა ბურხანებისთვის (ბუდისტური სკულპტურებისთვის) ძახილით: „თაყვანისცემა ბურხანებს“ (бурханд мергмю), სამჯერ „თაყვანი ეცა ყვითელი მზისთვის“ (шара нарандан мергмю); პატარძალი სამჯერ უხრიდა ქედს ცხვრის კანჭის ძვალსაც, რომელიც კიბითში იდო; შემდეგ, მას თაყვანი უნდა ეცა კერიისთვის – ოჯახის ერთიანობისა, ღირსებისა და კეთილდღეობის სიმბოლოსთვის; იგივე მეორდებოდა წინაპართა სულების სახელზე, დაბოლოს, აუცილებელი იყო პატივი მიეგო ქმრის მშობლებისთვის. ამ საწესო თაყვანისცემის დასრულების შემდეგ, ქალიშვილთან მდგომნი ხმამაღლა კითხულობდნენ, სურდათ თუ არა ნეფის მშობლებს რძლის მიღება.

პატარძალი, როგორც კი ზღურბლს გადააბიჯებდა, აიღებდა ქონისა და წივის ნაჭრებს და მას ცეცხლში ყრიდა. დამსწრენი ახალგაზრდებს ოჯახის შექმნას მიულოცავდნენ და კეთილდღეობასა და გამრავლებას უსურვებდნენ. აქვე ახალრძალს ქმრის მშობლების მიერ შერჩეულ ახალ სახელს დაარქმევდნენ. მძახლები მოყვრებს ძვირფას საჩუქრებს უძღვნიდნენ. გვიან საღამოს სპეციალურად გამოყოფილი გათხოვილი ქალები პატარძალს ნაწნავებს ჩამოუშლიდნენ, თმებს ორად გაუყოფდნენ, გაუკეთებდნენ ორ ქალურ ნაწნავს, რომლებსაც სპეციალურ შალითაში მოათავსებდნენ, და გათხოვილი ქალის კოსტუმში გამოაწყობდნენ. ამ წუთიდან იგი ეთხოვებოდა უწინდელ თავისუფლებას, საბოლოოდ წყვეტდა კავშირს თავის მშობლებთან, კარგავდა უფლებას, გადაელახა დედის-მამის ნათესავების კარის ზღურბლი. ქალი მთლიანად ქმრის გვარის კუთვნილება ხდებოდა.


ლიტერატურა

Эрдниев У. Э. Калмыки (конец XIX – начало XX вв.). Историко-этнографические очерки. Элиста, 1970.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები