ბერიკაობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბერიკაობა. ლადო გუდიაშვილი

ბერიკაობა – ნიღბების ქართული იმპროვიზებული ხალხური თეატრი. დასაბამს იღებს უძველესი დროიდან.წარმოიშვა ნაყოფიერების ღვთაებისადმი მიძღვნილი წეს-მსახურება-სანახაობიდან. გაქრისტიანების შემდეგ შეიძინა საერო ხასიათი. ტერმინიბერიკა“ ნაწარმოებია საერთო ქართველური ძირიდან „ბერ“ (შვილი).

სიტყვა „ბერიკა“-დან წარმოებულ იქნა თეატრალური განსახიერების აღმნიშვნელი „გაბერიკება“. სათამაშო ადგილს „საბერიკო“ ეწოდებოდა, ნიღაბს – „ბერიკო“.

ბერიკაობა ხალხური დღესასწაულია, რომელიც არსებითად არ განსხვავდება ყეენობისგან. ბერიკაობა-ყეენობა თავისი თავდაპირველი ბუნებით ნაყოფიერებისა და აღორძინებისადმი მიძღვნილი აგრარული დღესასწაულია, ის უძველესი ხალხური თეატრიცაა.

მაშინ, როდესაც მრავალი ხალხური დღესასწაული სამუდამოდ დავიწყებას მიეცა, ბერიკაობა-ყეენობა მისთვის დამახასიათებელი მასობრივი თეატრალიზებული ხასიათის გამო საქართველოს ეთნოგვაფიულ სინამდვილეს დიდხანს შემორჩა, როგორც ტრადიციული ყოფის ერთ-ერთი კოლორიტული ელემენტი.

ბერიკაობა-ყეენობა ურთულესი და მრავალფეროვანი დღესასწაულია, საქართველოს ცალკეულ კუთხეებში სხვადასხვა თავისებურებით გამორჩეული.

სარჩევი

ბერიკაობის სამზადისი

ადრეულ გაზაფხულზე, ყველიერში, როდესაც ნუშის კვირტები იშლებოდა და ნორჩი ბალახით დაფარული მიწის სურნელება იდგა, სოფლის მამაკაცები - ახალგაზრდები და მოხუცები - მოედნებზე, კალოებსა თუ სახლის ბანებზე შეიყრებოდნენ და გაზაფხულის სადიდებელი დღესასწაულის სამზადისს იწყებდნენ. აირჩევდნენ ბერიკაობის მონაწილეებს: მთავარ ბერიკას, ბერიკებს - ღორს, არაბს, ლეკს, თათარს, მღვდელს, ნათლიას, დედოფალს, მებარგულებს, მეკალათეებს, მომღერლებსა და სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დამკვრელებს. მათი რაოდენობა სოფლის სიდიდეზე იყო დამოკიდებული და ზოგჯერ 30-საც აღწევდა. ბერიკაობის მონაწილეებს წინა წლების გამოცდილების მიხედვით ასახელებდნენ, ხოლო ახალი წევრების არჩევისას თითოეული მათგანის უნარს ითვალისწინებდნენ. შემდეგ მათი საკაზმის მზადებას შეუდგებოდნენ. რაღ არ იყო აქ საამისოდ მოტანილი - თხის, ცხვრისა და ხარის ტყავები, ტყავკაბები, საქონლის კუდები, გოგრის, ნაბდის, მუყაოსა და ქაღალდის ნიღბები, ღორისა და თხის გამხმარი თავები, სხვადასხვა ცხოველის რქები და ფრინველთ ბუმბულები, სადედოფლო ქართული კაბა და სხვადასხვა სახის თავსაბურავები, ფერადი ქაღალდები, ნაჭრის ჭრელი თოჯინები, ზარები და კრიალოსნები, ინა და ნახშირი, სიმინდის ნაჩურჩლის, ხისა და რქის წითლად შეღებილი „კონკილა“-ფალოსები, ხისაგან გათლილი ხმალ-ხანჯლები, ფარები და შურდულები. აქვე კეთდებოდა სხვადასხვა ფერის მაღალი ალმები და ჩირაღდნები. მიწაზე ეწყო სანოვაგის ჩასაწყობი ჭრელი ხურჯინები, მორჩილი გუდები, კალათები, ხელადები და დიდი კოკები.

Berikaoba.jpg

ეს სამზადისი სახელდახელო ლხინით, სიმღერითა და ცეკვა-თამაშით მთავრდებოდა.

მეორე დღეს დღესასწაულის მონაწილენი მყუდრო ადგილას შეიკრიბებოდნენ და შესაფერისად მოირთვებოდნენ.

ბერიკაობის მონაწილეები

ბერიკა ცხვრის ან თხის ტყავს, იშვიათად კი ცხვრის გადმობრუნებულ ტყავკაბას იცვამდა, რომელსაც უკან საქონლის კუდი ჰქონდა გამობმული. მას სახეზე ნიღბი ეფარა. ტომარასავით გაკერილ უხეშ, შავი ნაბდის ნიღაბს თავზე ორი გრძელი ყური და თხის ორი რქა ჰქონდა დამაგრებული, მათ შუა ჩითის ნაჭრის თოჯინა - „კუკი“ ესკუპა. ნიღბის წვერ-ულვაში თხის ბალნით ირთვებოდა და გამოჭრილი იყო თვალების, ცხვირისა და კბილების გამოსაჩენად.

ქართლში ზოგან თხის ან ცხვრის გასუფთვებული ტყავის მთლიან და ნახევარნიღბებს ხმარობდნენ, ზოგჯერ კი მათ მაგივრად თხის რქებსა და თხის თავის ქალასაც იყენებდნენ.

იმერელი ბერიკა ტყავის, სამკუთხა ფორმის მაღალ ქუდნიღაბს ან კახაბერას სახელით ცნობილ აყიროს და ხაპის ნიღბებს ატარებდა.

მთელ რიგ შემთხვევებში ბერიკა ნიღბის მაგივრად სახეს შავად იღებავდა, თხის წვერს იკეთებდა და თხისავე რქებს იმაგრებდა. ხშირად თავზე ჩალაბუდაშემოხვეულ და ეკლიან ხის ტოტებით შემკულ ბერიკასაც შეხვდებოდით.

ბერიკას ხევსურები შემდეგნაირად რთავდნენ: „გაფხუჭვენ კაცსა, მაამბენ ვაცის ყბათ, რქათაც გაუკეთებენ, შაამბენ კუდსა რაისასა“.

ბერიკას წელზე ქამარი ერტყა, რომელზედაც ხის ძვლის ან რქის ფალოსი იყო ჩამოკიდებული. საპატარძლო ტანსაცმლითა და ჩიხტითაც და ლეჩაქით ირთვებოდა. ბევრჯერ უნახავთ სოფლურ კაბაში ჩაცმული და ჭრელი ჩითის ნაჭრებით მოკაზმული დედოფალიც; მას თეთრი ან ფერადი შალი ჰქონდა მოხვეული. ქართლის ზოგიერთ სოფელში დედოფალს თავზე გვირგვინი ედგა. ზოგან კი ფრინველის ჭრელი ფრთებით შემკული ქუდი ეხურა. კეკელას სხვადასხვა ფერის ქაღალდისა და შეშის მძივებს ჰკიდებდნენ, სახეს ფერადი საცხებლით უღებავდნენ. ზოგიერთი ცნობით, იგი გამურულიც ყოფილა.

ღორბერიკა ნიღბად ატარებდა ჯოხზე ჩამოცმულ ღორის თავს, ტანს კი ღორის ტყავით იფარავდა. იგი ზოგჯერ ტყავნიღბსაც ხმარობდა.

Berikaoba1.jpg

არაბს, ლეკას, თათრს, რომლებიც ერთსა და იმავე ფუნქციას ასრულებდნენ დღესასწაულში და ამიტომ სხვადასხვა ადგილას ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, ჩალის ქუდი ან ფაფარი ეხურათ, ჩოხა ახალუხი ან რაიმე ძველმანი ეცვათ და ძონძები ეკიდათ. ისინი ყალიონს ეწეოდნენ, ხელში დიდი ჯოხი ეკავათ და ყელზე ზარჩამოკიდებულები დადიოდნენ. ბერიკას მსგავსად ეს პირებიც ფალიურ ნიშანს იკეთებდნენ და სოფლის დარბევის მთავარ მონაწილეებს წარმოადგენდნენ.

ნათლია, რომელსაც დედოფლის დაცვა ევალებოდა თავდამსხმელებისა და მოტრფიალეებისაგან, ჩოხა-ახალუხში იყო გამოწყობილი.

მღვდელს ანაფორის მსგავსი ტანსაცმელი ეცვა და ოლარი ეკიდა; იგი ხბოსა და თხის ტყავის წამოსასხამსაც ატარებდა და ხშირად თხის ბალნის წვერ-ულვაშით იყო მორთული. მას საცეცხლურის მაგიერ ხელში ეკავა ხბოს კუდი ან მოწნული ჭურჭელი, რომელშიც ცეცხლწაკიდებული ნაკელი ეყარა. აღსანიშნავია, რომ მათ რიგ შემთხვევებში მღვდელი მამრობითობის გამომსახველი საგნით დადიოდა.

მებარგულებსა და მეკალათეებს, რომელთც პატარა ბიჭები ასახიერებდნენ, საგანგებო ტანისამოსი არ ეცვათ. თუმცა ხანდახან ნიღბებს ისინიც ატარებდნენ და სხვადასხვაგვარად ირთვებოდნენ.

მომღერალ-მუსიკოსებიც ზოგჯერ მოთელილ თექასა და ნიღბს ატარებდნენ.

შემორჩა მხოლოდ მე-18 საუკუნის და შემდგომი ხანის ბერიკათა ვინაობა: ოთარ ნორიოელი, ოიანა-ბუიანა, თარხანი, გიორგი მახათაძე (და სხვ.)

დღესასწაული

ბერიკა-ბეროლი და დღესასწაულის სხვა მონაწილენი როგორც კი მორთვა-მოკაზმვას დაამთავრებდნენ, ბუკისა და ნაღარის ხმა სოფელს მათ მზადყოფნას ამცნობდა. ბერიკებს წინ თავბერიკა და დედოფალი მიუძღვოდათ. მათ ხის ხმლებით, ფარებით, ჯოხებითა და შურდულებით შეიარაღებული ამალა მოსდევდა. მესტვირენი, მეჩონგურენი, მეფანდურენი და სხვანი თავიანთ უნარსა და ოსტატობას აჩენდნენ. მესტვირე ბერიკულს მღეროდა. ბერიკულის დასაკრავად სტვირი განსაკუთრებულ მომართვას საჭიროებდა - იგი მაღალ ხმაზე უნდა დაეყენებინათ. ქართლში ყველა სოფელს თავისი „ბერიკული“ ჰქონდა.

ბერიკები კარდაკარ დაივლიდნენ სოფელს. ყველა სიხარულით ელოდა მათ; ეზოში შემოსულ მოთმაშეებს ოჯახის უფროსი შეეგებებოდა, მუხლმოყრილი თავის გაჭირვებას ეტყოდა და შველას სთხოვდა. აქვე, ეზოში, ბერიკა ჩონგურის ხმაზე ხტოდა და ხის ხმლით ხელში ცეკვავდა. ცეკვის დროს იგი დროდადრო ფალოსს მიწას უსვამდა, რითც მასპინძელს ანიშნებდა - სურსათ-სანოვაგე გამოგვიტანეო, ამალა კი „ბერას ლექსს დასძახოდა.

წინასწარ მომზადებული მასპინძელი ბერიკებს გულუხვად უმასპინძლებოდა და ასაჩუქრებდა.

გამასპინძლების შემდეგ ბერიკებს ძღვენს - ხორცს, ფქვილს, პურს, ყველს, ერბოს, კვერცხსა და თაფლს, არაყს და ღვინოს - მიართმევდნენ; შეკრებილი სურსათ-სანოვაგე პატარა ბიჭებს - მებარგულებსა და მეკალათეებს - დაჰქონდათ.

ბერიკები მასპინძლის ოჯახს ლოცავდნენ.

თუ ბერიკაობაზე მოსიარულენი ძღვენით უკმაყოფილო დარჩებოდნენ, ბერიკა ან რომელიმე სხვა წევრი ეზოში გაგორდებოდა, რაც ოჯახისთვის ცუდი ამბის მომასწავებელად ითვლებოდა. ხალხის რწმენით მათი ყანები განადგურდებოდა, სახლში ხბო და ქათამი არ გაიზრდებოდა. ამას შეიძლება ოჯახის რომელიმე წევრის სიკვდილიც მოჰყოლოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა გულუხვად უმასპინძლდებოდა ბერიკათ ამალას, ისინი ამას არ სჯერდებოდნენ და იტაცებდნენ ყველაფერს, რაზედაც ხელი მიუწვდებოდათ. დარბევა არაბს, ლეკს ან თათარს და ღორს ევალებოდა, რასაც ხალხი სიხარულით ხვდებოდა; ბერიკების მიერ სასმელ-საჭმელის მოტაცება მათ ბედნიერებას უბედებდა.

მასპინძლები ცდილობდნენ, მთავარი ბერიკასათვის ან თათრისა და მღვდლისათვის წვრ-ულვაშიდან ბეწვი ამოეგლიჯათ, რომელსაც საქონლისა და წიწილების გასამრავლებლად ბაგასა და საბუდარში დებდნენ.

ბერიკები მხოლოდ ერთი სოფლის დავლით არ კმაყოოფილდებოდნენ: ისინი ახლობელ და შორეულ სოფლებსაც ესტუმრებოდნენ.

კარდაკარ სიარულისა და სურსათის შეგროვების დროსაც კი დღესასწაულის მონაწილეთა მთლი გულისყური დედოფლისადმი იყო მიპყრობილი. მაგრამ დედოფლის ხელში მოგდება არც ისე ადვილი იყო - ხის ხმლებით შეიარაღებული მცველები მას წამითც არ აშორებდნენ თვალს. ყველაზე მეტად მაინც მთავარი ბერიკა გამოიჩოდა, იგი დასდევდა დედოფალს, ეხვეოდა, კოცნიდა, მას ბევრჯერ დედოფლის კაბაც დაუხევია. ეროტიულ სიყვარულს დედოფლისადმი ბერიკებთნ ერთად დღესასწაულის სხვა მონაწილენი და მაყურებელიც კი იჩენდნენ: „ვინც დედოფალს აკოცებდა, დოვლათიანი და ბედნიერი იქნებოდა“.

სოფლის მოედანზე ან დიდი სახლის ბანზე ნეფე-დედოფლის ქორწინების ინსცენირება ხდებოდა. ბერიკა ეალერსებოდა დედოფალს, ცოლობას სთხოვდა, საუკეთესო მამულებსა და ცხოვრებას ჰპირდებოდა. ალერსით და დაპირებებით მოხიბლული დედოფალი თანხმდებოდა, რასაც ქორწილის სამზადისი მოჰყვებოდა ხოლმე. დედოფალს, ისევე როგორც ბერიკას, ჭრელი ნაჭრებით, ქაღალდებით და ყურძნის ჯაგნებით მორთვდნენ და ჯვრის დასაწერად ორივეს ერთად ურმით ან ვირით წაიყვანდნენ. მექორწილეებს წინ „ჯვრის პურით“ ხელში ნათლია მიუძღვოდა, მას მღვდელი, ხის ხმლებით შეიარაღებული მცველები და დღესასწაულის სხვა მონაწილენი მიჰყვებოდნენ. რომელიმე კარ-მიდამოს წინ ან მოედანზე ნეფე-დედოფალს მღვდელი ჯვარს დასწერდა. ქორწინება სიმღერით, ცეკვა-თამაშით და ფერხულით მთავრდებოდა, რის შემდეგაც ბერიკა-ნეფესა და დედოფალს შორის სქესობრივი აქტის ინსცენირება ეწყობოდა. ამის მაყურებელი ხალხი ერთმანეთს დაერეოდა, ზოგი ქალებს მისდევდა, ზოგი განურჩვლად ყველას კოცნიდა და დამსწრეებს უწმაწური სიტყვებით მიმართვდა.

ზოგჯერ შეუღლების შემდეგ დედოფლის მცველები - თათრი ან არაბი - ნეფეს კლავდნენ. შეწუხებული დედოფალი თავის მეუღლეს დასტიროდა. მკვდარ მეფეს საფლავამდე ტირილით და გოდებით მიაცილებდა მთელი ამალა. ანდერძის ასაგებად ჯოხის ცხენზე ან ვირზე უკუღმა შემჯდარი მღვდელიც მიჰყავდათ.

საფლავთან დედოფალი სახეს იხოკავდა და მოთქვამდა. დღესასწაულის მონაწილენი დედოფალს ამშვიდებდნენ, უკეთეს ქმარს ჰპირდებოდნენ, ეფერებოდნენ და კოცნიდნენ.

ამას ბერიკას გაცოცხლების ინსცენირება მოსდევდა: მას წყალს ასხამდნენ, სხვადასხვა სასუნებელს აყნოსებდნენ, სახეს დაუსრესდნენ და გააქან-გამოაქნებდნენ - მის გაცოცლებას ცდილობდნენ. ამასობაში თათრი ან არაბი დედოფალს იტაცებდა. როდესაც მკვდარ ბერიკას ჩაძახებდნენ - დედოფალი მოიტაცესო, ის ცოცხლდებოდა, ხის ხმლით ხელში თათარსა და მის მომხრეებს მისდევდა, იბრუნებდა მოტაცებულ დედოფალს და მასთან ხელმეორედ შეუღლდებოდა. ხშირად არა მარტო ბერიკა, არამედ დღესასწაულის თითქმის ყველა მთავარი მონაწილე კვდებოდა და ისევ ცოცხლდებოდა.

შემდეგ დღესასწაულის მოქმედი პირები კვლავ კარდაკარ დავლასა და სურსათ-სანოვაგის შეგროვებას იწყებდნენ.

ბერიკების მსვლელობის დასასრულს მოედანზე კეტებით და ხის ხმლებით ხელჩრთული ბრძოლა და ჭიდაობა იმართბოდა. დამარცხებულ მხარეს კვერცხებს უმტვრევდნენ და შეგროვილ სურსათს ართმევდნენ. ამბობდნენ: მოსავლის დოვლათიც გამარჯვებულთ სოფლებში დატრიალდებაო.

დღსასწაული „საბერიკაო სუფრით“ მთავრდებოდა; ლხინი საერთო ხარჯით და შეგროვილი ნადავლით ეწყობოდა. იგი ზოგჯერ რამდენიმე დღესაც გრძელდებოდა ხოლმე.. „საბერიკაო ვახშამს“ შაირები, სიმღერა, ცეკვა-თამაში და ფერხული მოჰყვებოდა. დროსტარებით კარგად გულს რომ იჯერებდნენ, ბერიკათ მეთური ბერიკაობის მონაწილეებს გაამწკრივებდა და პირს აღმოსავლეთისკენ უზამდა, ისინი ღმერთს მადლობას შესწირავდნენ და შესთხოვდნენ - მომავალი ბერიკაობას უკეთესად შეგვახვედრეო.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები