ბერიტაშვილი ივანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ივანე ბერიტაშვილი

ბერიტაშვილი ივანე სოლომონის ძე (1884, სოფ. ვეჯინი - 1974, თბილისი) - ფიზიოლოგი, საქართველოში ფიზიოლოგიური სკოლის ერთერთი ფუძემდებელი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. ნიუ-ორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1959), უმაღლესი ნერვული მოქმედების საერთაშორისო კოლეგიის წევრი (1969), ამერიკის ბიოლოგიური ფსიქიატრიული საზოგადოების (1969) საპატიო წევრი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი.

სარჩევი

ბიოგრაფია

ივანე ბერიტაშვილმა 1910 დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი. 1910-1915 მუშაობდა იმავე უნივერსიტეტში ნ. ვედენსკის ხელმძღვანელობით. 1912 წელს პეტერბურგიდან სამეცნიერო მივლინებით იგზავნება ჯერ ყაზანში - ა. სამოილოვის ლაბორატორიაში, ხოლო შემდეგ ჰოლანდიის ქ. უტრეხტში - რ. მაგნუსის ლაბორატორიაში.

1915-1919 წლებში იყო ოდესის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი. 1919 წელს მოიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც დააარსა ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრა, რომელსაც ხელმძღვანელობდა გარდაცვალებამდე. 1919 წელს სახალხო განათლების მინისტრის ნოე რამიშვილის დავალებით ივ. ბერიტაშვილი სპეციალურად მიავლინეს ოდესაში უნივერსიტეტის დარგობრივი ბიბლიოთეკის შესავსებად.

1935 წლდან ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრის ბაზაზე დაარსებული ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორია. ი. ბერიტაშვილი ავტორია მრავალი ფუნდამენტური ნაშრომისა და გამოკვლევებისა. მან დაადგინა: ზურგის ტვინის პროპრიოცეპტული, მოტორული ელემენტებისა და ჟელატინოზური სუბსტანციის როლი კიდურთა ფაზურ კოორდინირებულ მოძრაობებში (1909-1914), კისრისა და ლაბირინთული ტონური რეფლექსების ნერვული მექანიზმი (1914-1915), პირობითი რეფლექსების გამომუშავების დროს ორმხრივი დროებითი ნერვული კავშირების წარმოშობა (1916-1922), პირობითი რეფლექსების წარმოშობა გაღიზიანებათა უკუშეუღლებისას (1917), ინდივიდუალურად შეძენილი კვებითი ან თავდაცვითი ქცევის განხორციელება საკვების ან დამაზიანებელი აგენტის და მათი ადგილმდებარეობის ერთჯერად აღქმისას და ქცევის რეგულირება საკვების ან ცხოველის მტრის ადგილმდებარეობის რეპროდუქციით (1932-1935), პირობითი რეფლექსის ავტომატური უნებლიე ხასიათი, სივრცეში ადამიანისა და ცხოველის ორიენტაციის ნერვულ-ფსიქიკური მექანიზმი (1959), ხატური და ემოციური მეხსიერება, მისი დახასიათება და წარმოშობა (1967) და ა. შ.

მანანა ლილუაშვილი

ლიტერატურა

  • ნ. ძიძიშვილი, ივანე ბერიტაშვილი, თბ., 1962;
  • ზ. გაიპარაშვილი, მ. ლილუაშვილი, „ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები 1917-1926“, თბ., 2006.

იხილე აგრეთვე

ივანე ბერიტაშვილი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები