ბერკლი ჯორჯ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯორჯ ბერკლი

ბერკლი ჯორჯ - Berkeley George, Беркли Джордж, 1685-1753

ინგლისელი (ირლანდიელი) ფილოსოფოსი და რელიგიური მოღვაწე (ეპისკოპოსი). ახალგაზრდობაშივე დაწერა ორი ნაშრომი, რომლებიც საინტერესოა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ესენია: „ესსე მხედველობის ახალ თეორიაში” (1709) და „ტრაქტატი ადამიანური შემეცნების პრინციპების შესახებ” (1710).

ბერკლის ფილოსოფია სუბიექტური იდეალიზმია, რომლის თანახმად სუბიექტისაგან დამოუკიდებლად არსებული საგნების სამყაროზე ლაპარაკი აზრსმოკლებულია: „საგანთა არსებობა (ყოფიერება) არის მათი აღქმა, აღქმულობა”. მატერიის ცნება, როგორც სუბსტანციისა, საგანთა მიღმა მყოფი არსისა, უაზრობაა. ის შემეცნებისთვის არ გამოდგება, ვინაიდან არაფერს მატებს საგანთა თვისებებს იმაზე მეტს, რაც შეიძლება აღქმამ მოგვცეს. მატერია არც აღიქმება და არც მოიაზრება. ბერკლი ნომინალისტია - იგი ზოგადის რეალურ არსებობას უარყოფს, ხოლო თუკი არ არსებობს ზოგადი, მაშინ არც მატერია არსებობს. რეალურად არსებობს მხოლოდ სუბიექტის „იდეები”. ამ ტერმინში ერთიანდება შეგრძნებები, აღქმები/წარმოდგენები და მათი კომბინაციები.

ბერკლის მოძღვრების პოსტულატი გულისხმობს საგნის არსებობის დაყვანას მის აღქმადობაზე. აქედან გასაგებია, რომ აღქმის, პირველ ყოვლისა, მხედველობითი აღქმის საკითხს იგი საგანგებო ყურადღებას აქცევს. მისი ერთ-ერთი მთავარი თხზულება შეიცავს მრავალ სიახლეს, განსაკუთრებით, სივრცის აღქმის გააზრების თვალსაზრისით. მანამდე მიაჩნდათ, რომ საგნების სივრცით თვისებებს - სიდიდეს, დაშორებულობას, ფორმას, ადგილმდებარეობას და სხვას - ჩვენ უშუალოდ ვხედავთ, ისევე როგორც ფერებს. ბერკლის მართებულად მიაჩნია, რომ ეს არაადეკვატურია. თავის მტკიცებებში თვითდაკვირვებასთან ერთად იგი ეყრდნობა არსებულ დაკვირვებებს დაბადებიდან ბრმა ადამიანებზე, რომელთაც თვალი აეხილათ. ის უსინათლოები, ვისაც მხედველობა დაუბრუნდა, უშუალოდ სივრცეს ვერ ხედავენ და მხოლოდ თანდათან ეჩვევიან ამას. ეს განსაკუთრებით მესამე განზომილების აღქმას ეხება. მაშასადამე, განფენილი სხეულები სამ განზომილებაში მხოლოდ მხედველობით არ აღიქმება. ამაში უდიდეს როლს ასრულებს შეხებითი და თვალის მოძრაობასთან დაკავშირებული კუნთური შეგრძნებები, რომლებიც უკავშირდებიან მხედველობით შეგრძნებებს. მათ შესაბამის „იდეებს” შორის ასოციაციური კავშირი გამეორებათა სიხშირის გამო მყარი ხდება. ამრიგად, ის, რასაც ჩვენ სივრცის მხედველობით აღქმას ვუწოდებთ, სინამდვილეში მხედველობის, შეხებისა და კუნთურ შეგრძნებათა კომბინაციაა. ბერკლი გამოყოფს და განიხილავს რამდენიმე ფაქტორს, რომლებიც განაპირობებენ სივრცის აღქმის სიზუსტეს. ესენია „მანძილი გუგებს შორის” (დღევანდელი ტერმინოლოგიით - კონვერგენცია) და „თვალის დაძაბვა” (დღევანდელი ტერმინოლოგიით - აკომოდაცია). დღეს მათ პირველად ფაქტორებს უწოდებენ. ბერკლი იყო პირველი, ვინც ე.წ. მეორად ფაქტორებზეც მიუთითა. მაგ., მან აღნიშნა, რომ მანძილის შეფასების სიზუსტე იმატებს, თუკი აღმქმელსა და საგანს შორის სხვა ობიექტებიც არის განლაგებული (დღეს ამას სივრცის შევსებულობა ჰქვია (მთვარის ილუზია)); ბერკლიმ იმასაც მიაქცია ყურადღება, რომ მანძილის მატებასთან ერთად ობიექტის გამოსახულება ბუნდოვანი ხდება და ადამიანი ამ გამოცდილებას მანძილის შეფასებისას ითვალისწინებს (დღეს ამას ჰაერის პერსპექტივის ფაქტორის ზემოქმედებით ხსნიან). ბერკლი სწორად მიხვდა იმასაც, რომ სივრცის აღქმა უპირატესად შეძენილი უნარია (ამას შემდგომში გენეტიზმი ეწოდა). მან ასევე, მართებულად მიანიშნა, რომ სივრცის აღქმა რამდენიმე შეგრძნების გაერთიანებული მოქმედების შედეგია, ანუ ინტერმოდალური ხასიათისაა.

ჯ. ბერკლის ფილოსოფიამ გადამწყვეტი გავლენა მოახდინა დ. ჰიუმის თეორიაზე. ხოლო დ. ჰიუმის თეორია იყო ერთერთი მთავარი ბიძგი ი. კანტის უდიდესი ფილოსოფიის ჩამოყალიბებისთვის - ი. კანტი, აშკარად ან ფარულად, ძირითადად დ. ჰიუმს ეკამათებოდა და ჰიუმისეული სკეპტიციზმის უკუგდების დასაბუთებას ცდილობდა. ამის მიუხედავად, მან ვერ უარყო ჯ. ბერკლისეული მთავარი აღმოჩენა - ობიექტის შექმნა სუბიექტის მიერ (ობიექტივაციის ცნების ფილოსოფიური საფუძვლები). თუმცა საყოფაცხოვრებო საღი აზრის დონეზეც ცხადია, რომ სწორხაზოვნი მოაზრებით ჯ. ბერკლისეული სუბიექტივიზმი მცდარია: ყველა ადამიანი (და ყველა ცხოველიც) რომ გაქრეს, ნივთიერი საგნები ხომ მაინც იარსებებენ. ი. კანტმა სიღრმისეულად დააზუსტა ბერკლის თეორია და საკაცობრიო აზროვნების ისტორიაში უდიდესი გადატრიალება დაასაბუთა (შუალობის პოსტულატის ფილოსოფიური საფუძვლები).

ამრიგად, ჯ. ბერკლის თეორია იყო პირველი მოძღვრება, რომელმაც შუალობის პოსტულატი შეამზადა. (ზურაბ ვახანია)

იხილე აგრეთვე

ბერკლი ჯორჯ


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები