ბერნი ერიკ ლენარდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბერნი ერიკ ლენარდ

ბერნი ერიკ ლენარდ - Berne Eric Lennard, Бёрн Эрик, 1910-1970

ამერიკელი ფსიქოლოგი და ფსიქიატრი, ტრანსაქციული ანალიზის, როგორც პიროვნების თეორიის და ფსიქოთერაპიული სისტემის ავტორი. დაიბადა და უმაღლესი სამედიცინო განათლება მიიღო მონრეალში. აშშ-ში გადასახლების მერე გაიარა ინტერნატურა და ორდინატურა (იელის უნივერისტეტის სამედიცინო სკოლა) და ფსიქოანალიზის კურსი სან-ფრანცისკოს ფსიქოანალიზის ინსტიტუტში ე. ერიქსონის ხელმძღვანეობით. ომის დროს მსახურობდა სამედიცინო კორპუსში და ეწეოდა ჯგუფურ თერაპიას ფსიქიატრიულ პალატებში. შემდგომ წლებში აქტიურად ეწეოდა კერძო ფსიქოთერაპიულ პრაქტიკას, რომლის დროს სულ უფრო შორდებოდა ფსიქოანალიზს. საბოლოოდ, ჩამოაყალიბა საკუთარი ფსიქოთერაპული სისტემა, თუმცა მასში ფსიქოანალიზის გავლენა უთუოდ დარჩენილია.

ფსიქოანალიზისაგან განსხვავებით, ბერნი ფოკუსირებულია პიროვნებათშორის ურთიერთობებზე - „ტრანსაქციებზე” . ტრანსაქცია - ესაა ურთიერთობათა ერთეული, რომელიც შედგება კომუნიკაციური სტიმულისაგან და კომუნიკაციური რეაქციისაგან. ტრანსაქციული ანალიზის საფუძველია წარმოდგენა პიროვნების სტრუქტურაზე, როგორც ადამიანური „მე” -ს ორგანიზაციის სამი თვისებრივად განსხვავებული დონის/კომპონენტის ერთობლიობაზე. ამ „ეგო-მდგომარეობებს” ბერნი უწოდებს „მშობელი” , „ზრდასრული” და „ბავშვი” . ყოველ მათგანს შეესაბამება აღქმის, ინფორმაციის ანალიზის და სინამდვილეზე რეაგირების თავისებური სტილი. ამასთან, ყოველი კომპონენტი თავის თავში ატარებს ქცევის რეგულაციის დადებით და უარყოფით მხარეებს. „მშობელი” , რომელიც გარკვეული აზრით ფსიქოანალიზის სუპერეგოს ანალოგიურია, იმ სოციალური ნორმების, აკრძალვების, მოთხოვნების მტარებელია, რომელთაც ადამიანი უკრიტიკოდ ითვისებს ბავშვობაში და ცხოვრების პროცესში (ინტერნალიზაციით). მისი დადებითი ფუნქციაა ქცევის კონტროლი და არაცნობიერ, იმპულსურ აქტივობათა რეგულაცია. „მშობლის” უარყოფითი მხარეა დოგმატურობა, სიხისტე და მოთხოვნების მოუქნელობა. „ბავშვი” სასიცოცხლო მოთხოვნილებათა და ძირითად/პირველად განცდათა, აგრეთვე ადრეული წარმოშობის აფექტური კომპლექსების მტარებელია. მისი დადებითი მხარეა სპონტანურობა, შემოქმედებითობა, ინტუიცია; უარყოფითი - ქცევის განზრახული რეგულაციის არარსებობა, უკონტროლო აქტივობა. „ზრდასრული” ყველაზე რაციონალური კომპონენტია, რომელიც გამოხატავს კომპეტენტურობას, დამოუკიდებლობას, რეალისტურობას. მოწიფული პიროვნების ჩამოყალიბება სრულყოფილად მოქმედი „ზრდასრულის” ჩამოყალიბებას უკავშირდება. გადახრა ამ პროცესში განისაზღვრება ერთი ან ორი ეგო-მდგომარეობის დომინირებით, რაც იწვევს არაადეკვატურ ქცევას და დამახინჯებულ მსოფლგანცდას. შესაბამისად ფსიქოთერაპია მიმართული უნდა იყოს ამ სამი კომპონენტის შეწონასწორებაზე და „ზრდასრულის” როლის გაძლიერებაზე (ანუ ინფანტილიზმის ნაშთების დაძლევაზე).

ამ მოდელზე დაყდნობით ბერნმა შეიმუშავა „თამაშის” ორიგინალური კონცეფცია. „თამაში” გაგებულია, როგორც ურთიერთობის არაკონსტრუქციული, ცუდი ფორმა, ყალბი როლის თამაში, ტრანსაქცია დაფარული მოტივაციით, მიზნით. იგულისხმება თვალთმაქცობა, არაგულწრფელობა და მისთ. ბერნი საგანგებოდ შეისწავლიდა ასეთ „თამაშებს” („თამაშები, რომელთაც თამაშობენ ადამიანები” 1964 წ.). ფსიქოთერაპევტის მიზანია, გაათავისუფლოს კლიენტი ადრეულ ასაკში შეთვისებული არაკონსტრუქციული თამაშებისაგან და შესაბამისი „სცენარებისაგან”, დაეხმაროს პატიოსანი, გულწრფელი და ღია ტრანსაქციების დამყარებაში.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები