ბეროძე რუთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რუთა ბეროძე

ბეროძე რუთა − (1915 − 1984), ფსევდონიმები − რუთბერი, რ. ბოდბელი. პოეტი, მთარგმნელი, დრამატურგი, რესპუბლიკის დამსახურებული ჟურნალისტი. დაიბადა ქუთაისში. ბავშვობაში ერთხანს ოჯახით მაღაროსკარში ცხოვრობდა, სადაც მისი ქართულის მასწავლებელი იყო პოეტი ბაჩანა რაზიკაშვილი. ახალგაზრდობის წლებში დაახლოებული იყო ლადო ასათიანთან და მის მეგობრებთან. 1935-40 წლებში სწავლობდა თსუ-ს ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. 1943 წლიდან გარდაცვალებამდე ქუთაისში გამომავალი გაზეთების რედაქციებში მუშაობდა. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1934 წელს გაზეთ „რიონჰესის დამკვრელში”. გამოცემული აქვს ათზე მეტი წიგნი, მათ შორის ლექსების კრებულები: „პირველი ფრენა” (1961), „პატარა ჩანჩქერი” (1969), „ლერწმის სალამური” (1976), „მზის მონოლოგი” (1979) და სხვა. მისი ლექსები პერიოდულად იბეჭდებოდა საქალაქო და რესპუბლიკურ პრესაში. ავტორია რამდენიმე პიესისა, რომელთაგან ლირიკული პიესა „ახირებული” ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრის სცენაზე დაიდგა, ოთხი კი − ქუთაისის სახელმწიფო თოჯინების თეატრში.

სიმღერა ქუთაისზე
შენს კარიბჭეს ერთი შევრჩი ტოლთა შორის,
დავდივარ და ჩემს ნატერფალს ქუჩა იცნობს...
რახანია, გშორდები და ვერ დაგშორდი,
ქარის ფრთებით დაკაწრულო ქუთაისო.
არ მინახავს ძველ ქონგურზე მუჭა ნისლიც,
თუმცა ხშირად წვიმით იცი დაძინება...
იქნებ სტირი, რომ მშობელი ქუთაისი
მიგატოვეს თბილ უბეში დაზრდილებმა?
მაგრამ, თუკი დაეძებენ გულის რეჩხით
ძველ შუკებში გარბენილი კაცის სიყრმეს,
ეტყობათ, რომ სიყვარულის ძალა ერჩით −
წავიდნენ და მაინც ვეღარ დაგივიწყეს.
უხარიათ შენი ზრდა და ლაზათობა,
ეზოები − ტალავრებით დაჩრდილული,
არ მოდიან შენთან მარტო გასართობად −
შენს ბალავერს ეკირება მათი გული.
ცხრა მთას იქით გაცივდება ძნელად გული
და შენს ქუჩებს ვერ დაივლის უხალისოდ,
ვინც კი იცის კვირტის წვიმით დანამული
შენი დიდი გაზაფხული, ქუთაისო!

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები