ბერულავა ნადეჟდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნადეჟდა ბერულავა

ნადეჟდა ბერულავა - Berulava Nadejhda, Берулава Надежда, 1900-1993

ფსიქოლოგიის ქართული სკოლის პირველი თაობის წარმომადგენელი. დაიბადა სენაკის მაზრის სოფელ კურზუში მღვდლისა და საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი ბერულავას ოჯახში. ქუთაისის წმიდა ნინოს სახ. ქალთა სასწავლებლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ახალდაარსებულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იმჟამად ფსიქოლოგიის კათედრას ფსიქოლოგიის ქართული სკოლის ფუძემდებელი დიმიტრი უზნაძე ხელმძღვანელობდა. ნადეჟდა ბერულავა გამორჩეული ნიჭიერებისა და შრომისმოყვარეობის გამო დიმიტრი უზნაძის ერთერთი საყვარელი სტუდენტი, შემდეგ კი თანამშრომელი გახდა.

ნ. ბერულავა ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე იყო. უკვე წმიდა ნინოს სასწავლებელში სწავლისას სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრი გახდა და სიცოცხლის ბოლომდე ერთიან თავისუფალ საქართველოზე ოცნებობდა. 1921 წლის თებერვალში, როცა ბოლშევიკების მე-11 არმია თბილისს მოადგა, ახალგაზრდა ნადეჟდამ ხელში იარაღი აიღო და ქართველ იუნკერებთან ერთად იბრძოდა სოფელ ტაბახმელასთან. მისი და-ძმები, როგორც მღვდლის შვილები, ბოლშევიკური რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ − მას ორი ძმა და სიძე (დის ქმარი) დაუხვრიტეს. თვითონ დახვრეტას ბეწვზე გადაურჩა, 1937 წელს დააპატიმრეს და ციმბირში სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს. ციმბირის ბანაკებში, ეგრეთ წოდებულ „გულაგებში“ ნადეჟდამ 17 წელიწადი გაატარა.

საქართველოში დაბრუნებისას იგი უკვე 54 წლისა იყო, ცხოვრებით გატანჯული. პირადი ცხოვრების მოწყობისა და პროფესიული კარიერის შექმნისთვის საუკეთესო წლები უკან დარჩა. მაგრამ ამ ყოველივემ ვერ დათრგუნა ნ. ბერულავას ნება და მისწრაფებები. თბილისში ჩამოსვლისთანავე მან აქტიური მეცნიერული მუშაობა დაიწყო. გამოსცა ორი წიგნი: „დიმიტრი უზნაძე“ (1967) და „პიროვნების თვისებები და ენა“ (1976). ამის შემდეგ, თავის კოლეგასთან და მეგობართან, პროფესორ ზოსიმე ხოჯავასთან ერთად დაიწყო მუშაობა ფსიქოლოგიის ტერმინთა ქართულ ლექსიკონზე, რომელიც გამოსაცემად გამზადებული გადაეცა გამომცემლობა „განათლებას“ 1991 წელს. იმ ხანებში საქართველოში უმძიმესი სოციალურ-პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო წიგნის გამოცემა ვერ მოხერხდა. ლექსიკონი მხოლოდ 2018 წელს გამოიცა.

ნადეჟდა ბერულავა გარდაიცვალა 1993 წელს თბილისში, დაკრძალულია თავის მშობლიურ სოფელ კურზუში. მისი განსაცდელითა და ბრძოლით სავსე ცხოვრება, ისევე, როგორც მისი ოჯახის ტრაგიკული ხვედრი, ნათელი სურათია საქართველოს ისტორიული ბედუკუღმართობისა; ხოლო მისი ოპტიმიზმით და შემართებით აღსავსე პიროვნება, სულითა და სხეულით საღი და გაუტეხელი − ამ ბედუკუღმართობასთან გამკლავების შთამბეჭდავი მაგალითი.

მთავარი ნაშრომები

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ზურაბ ვახანია, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები