ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა – სპორტული ჭიდაობის ნაირსახეობა, ორთაბრძოლა დადგენილი წესების შესაბამისად, სპეციალური ტექნიკური ილეთების გამოყენებით (იკრძალება წელს ქვემოთ ხელის ჩავლება და ილეთის ან კონტრილეთის შესრულებისას ფეხის ხმარება). ადრე ბერძნულს უწოდებდნენ, შემდეგ – ბერძნულ-რომაულს, მოგვიანებით – ფრანგულს, კლასიკურს, 1991 წლიდან კი ისევ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობად მოიხსენიება.

სარჩევი

ისტორია

ჭიდაობის ხელოვნებას ჯერ კიდევ შუმერთა ეპოქაში იცნობდნენ (ძვ. წ. IV ათასწლეული). იქიდან გავრცელდა ბაბილონში და მთელ ხმელთაშუაზღვისპირეთში. დაახლოებით 3500 წლის წინათ ჭიდაობას მისდევდნენ შიდა აზიის სტეპების მომთაბარე ხალხები, ჩინეთში კი იმართებოდა ე.წ. ჭიდაობის დღე. მესოპოტამიაში ნაპოვნია ძვ. წ. III ათასწლეულის მოჭიდავეთა ქანდაკებები, აქადეაში – მოჭიდავეთა ბრინჯაოს ფიგურები, ეგვიპტეში (ძვ. წ. II ათასწლეული) – 400-ზე მეტი ჭიდაობის ამსახველი სცენა. ძველი საბერძნეთის სახვითი ხელოვნების მრავალ ნიმუშზე აღბეჭდილია მოჭიდავეთა შერკინების ეპიზოდები, მათ შორის – ჰერაკლეს და ანთეოსის ორთაბრძოლა. ძვ. წ. V საუკუნის მარმარილოს ბარელიეფზე ნათლად ჩანს მოჭიდავეთა და მსაჯთა ფიგურები.

ოლიმპიურ მოჭიდავეთათვის განკუთვნილი თასი

ფიზიკური აღზრდის ძველბერძნულ სისტემაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ვარჯიშების სპეციალურ კომპლექსს, ამ კომპლექსში კი – ტანვარჯიშსა და ჭიდაობას. კარგი ფიზიკური მომზადება და ორთაბრძოლის ილეთების ცოდნა საზოგადოებაში ავტორიტეტის მოპოვების აუცილებელი პირობა იყო. ათლეტთა გამოსაცდელად მრავალი ასპარეზობა იმართებოდა. ჰომეროსმა „ილიადაში“ (ქება ოცდამესამე) დაწვრილებით აღწერა ოდისევსისა და აიასის შერკინება, რომელიც აქილევსმა მოაწყო. პიროვნული კეთილშობილება ფიზიკურ სილამაზესა და სრულყოფილებასთან ერთად – ასეთი იყო იმდროინდელი ათლეტის იდეალი. ჭიდაობა სწორედ ადამიანის ჰარმონიულ განვითარებას ემსახურებოდა და ამიტომ ფართოდ გავრცელდა ოლიმპიურ საბერძნეთში, მოგვიანებით კი – რომის იმპერიაში. როგორც ცალკე სახეობა, ანტიკური ოლიმპიადების პროგრამაში ჭიდაობა პირველად ძვ. წ. 708 წელს შეიტანეს. იმდროინდელმა ცნობილმა ათლეტმა თეზეუსმა შეიმუშავა ჭიდაობის პირველი წესები: გამარჯვებულად ის ითვლებოდა, ვინც მეტოქეს მიწაზე სამჯერ დასცემდა.

XVIII და XIX საუკუნეთა მიჯნაზე დაიწყო თანამედროვე ჭიდაობის ფორმირება, რაც ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ერთიანი სისტემის შექმნით დასრულდა. ამ პროცესში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა საფრანგეთმა. XIX საუკუნის 40-იან წლებში პარიზის ცნობილ ბაზრობებზე გამართულმა მოჭიდავეთა სახელდახელო ტურნირებმა მაყურებლებისა და პრესის დიდი ინტერესი გამოიწვია. 1848 წელს პარიზში, მონტესკიეს ქუჩაზე, მოეწყო პროფესიონალ ათლეტთა დიდი არენა. აქ გაიმართა ე.წ. გასტროლიორ მოჭიდავეთა პირველი ჩემპიონატი, იმავე წელს აშენდა ეროვნული არენა და ათამდე შედარებით მცირე სარბიელი, სადაც მოჭიდავეებთან ერთად გამოდიოდნენ მოკრივეები და ძალოსნები. განსაკუთრებით ხალხმრავალი ტურნირები იმართებოდა ეჟენ პაცის რენაზე - სწორედ აქ გამოჩნდა პირველად „შავი ნიღაბი“. ბევრი ათლეტისთვის ჭიდაობა, პროფესიად იქცა, ტურნირების ორგანიზატორებისთვის კი – სარფიან ბიზნესად, საფრანგეთს ხშირად სტუმრობდნენ გერმანიის, იტალიის, თურქეთის, რუსეთისა და სხვა ქვეყნების ფალავნები. 1880 წელს შეიმუშავეს ახალი წესები. შეხვედრის დრო შეზღუდული არ იყო და ბრძოლა ერთ-ერთი მეტოქის გამარჯვებამდე გრძელდებოდა. მოგვიანებით შემოიღეს დროის რეგლამენტი, წონითი კატეგორიები, ილეთების შეფასების სისტემა. მას შემდეგ წესები მრავალგზის შეიცვალა და ეს პროცესი დღემდე გრძელდება.

ფრანგული ჭიდაობა (შემდგომში – ბერძნულ-რომული), როგორც სპორტის კლასიკური სახეობა, ფართოდ გავრცელდა ევროპის მრავალ ქვეყანაში, ასევე აშშ-ში, იაპონიაში, კორეაში, კუბაში და სხვ ქვეყნებში.

ანტიკური დროიდან მოყოლებული, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა ოლიმპიურ სახეობად ითვლება. თამაშებში (1896, ათენი) სულ 5 მოჭიდავე გამოდიოდა (წონითი კატეგორიები არ იყო). გაიმარჯვა გერმანელმა კარლ შუმანმა, რომელმაც იმავე ოლიმპიადაზე ტანვარჯიშში 3 ოქროს მედალი მოიგო. მომდევნო ორ თამაშებში ამ სახეობის წარმომადგენლებს არ უასპარეზიათ, 1908 წლიდან კი ისინი ყველა ოლიმპიადაში მონაწილეობენ. XX საუკუნის პირველ ნახევარში მეტწილად ფინელი და შვედი მოჭიდავეები პირველობდნენ. ზოგჯერ იმარჯვებდნენ იტალიელები, გერმანელები, თურქები, უნგრელები. 1952 წლიდან ლიდერობდა სსრ კავშირის ნაკრები, რომელმაც სადებიუტო თამაშებში 7 მედალი მოიპოვა (მათ შორის 4 ოქროსი) და მომდევნო 4 ათეული წლის განმავლობაშიც უძლიერესთა შორის იყო. საბჭოთა გუნდის წარმატებებში თვალსაჩინო წვლილი მიუძღვით ქართველ ფალავნებს.

1972 წლამდე წონითი კატეგორიების რაოდენობა 4-დან 8-მდე მერყეობდა. შემდეგ შემოიღეს 10 წონა, 2000-2016 წლებში მედლების 7-7 კომპლექტი განაწილდა, 2018 წელს კი საოლიმპიადოდ დაწესდა 6 წონითი კატეგორია.

ბერძნულ-რომული ჭიდაობა საქრთველოში

მოჭიდავეთა შერკინება

XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ჯერ თბილისში, მერე კი ქუთაისში, სოხუმსა და ბათუმში ე.წ. დროებითი ცირკები გაიხსნა. აქ, გარდა ქართული ჭიდაობისა, რეგულარულად იმართებოდა შეჯიბრებები ფრანგულ ჭიდაობაში, რომელსაც შემდეგ კლასიკურ (ბერძნულ-რომაულ) ჭიდაობად მოიხსენიებდნენ. ფრანგულს წარმატებით ჭიდაობდნენ სახელოვანი ქართველი ფალავნები: კულა გლდანელი, ნესტორ ესებუა, თედო ლილოელი, კოსტა მაისურაძე, მიხეილ ციმაკურიძე (მიშიკო მაჩაბელი), კოლია ქვარიანი, ვანო აბულაძე და სხვები.

განსაკუთრებით პოპულარული იყო ნიკიტინის ცირკში პროფესიონალ ათლეტთა მონაწილეობით გამართული ტურნირები. თბილისში ხშირად ჩამოდიოდნენ უკრაინელი ივან პოდდუბნი, რუსი ივან ზაიკინი, გეორგ ლურიხი, მსოფლიოს ჩემპიონად აღიარებული გერმანელი კლემენს ბული, თურქი სარი სულეიმანი, პოლონელი კარლ პოპეშილი, ინდიელი გამა ინდოსტანი და სხვები (კაცების მხარდამხარ ძალას ქალებიც ცდიდნენ. 1911 წელს თბილისში გამართული ქალთა ტურნირი მსოფლიოს არაოფიციალურ ჩემპიონატად აღიარეს. მონაწილეობდნენ გერმანიის, რუსეთის, ინგლისის, შოტლანდიის, პოლონეთის, ავსტრიის, ნორვეგიის, ესპანეთის, უკრაინისა და ნიდერლანდების ჩემპიონები. მათ შორის, მსოფლიოს უძლიერესი მოჭიდავე, გერმანელი ფრიდა დამბერგი).

პროფესიონალთა გამოსვლებმა განაპირობა ჭიდაობის ახალი სახეობით ქართველი ახალგაზრდების დაინტერესება. 1912 წელს თბილისში ჩამოყალიბდა ძალოსნური სექცია, რომელშიც, გარდა ძალოსნებისა და მოკრივეებისა, გაერთიანდნენ ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მოყვარულები. ამ საქმეს უძღვებოდა სპორტის ენთუზიასტი პეტრე მარღანიძე. მისი თაოსნობით 1914 წელს გაიმართა პირველი შჯიბრება ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. მოგვიანებით (1923), თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მუშათა ფაკულტეტთან შეიკრიბა კლასიკური ჭიდაობის მოყვარულთა კიდევ ერთი ჯგუფი, რომელსაც გიორგი ჩიკვაიძე ხელმძღვანელობდა. 1925 წელს ასეთივე ჯგუფები ჩამოყალიბდა ბათუმსა და ქუთაისში. ცნობილმა ფალავანმა ვანო აბულაშვილმა თბილისში დააარსა ათლეტიკის სკოლა, სადაც ფრანგულ ჭიდაობასაც ასწავლიდნენ. 1926 წელს გაიმართა თბილისისა და ამიერკავკასიის პირველი ჩემპიონატები. იმ პერიოდის მოჭიდავეებმა, შემდგომში მწვრთნელებმა, ჩამოაყალიბეს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ქართული სკოლა, რომელმაც მალე მოიპოვა აღიარება. ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ვახტანგ კუხიანიძეს, პეტრე იორდანაშვილს, ლევ კაპიტონოვს, გიორგი ვარძელაშვილს, ნერსეს აკოფოვს.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობის განვითარებაში, გარდა ზემოთ დასახელებული მწვრთნელებისა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ილია ჩხარტიშვილმა, ვლადიმერ მაისურაძემ, ილია ბობოხიძემ, დამერლანდ დავითაიამ, ჯემალ კოსტავამ, ჯონი რეხვიაშვილმა, ოთარ ტატიშვილმა, ბეგი დარჩიამ და სხვებმა.

1928 წელს გამართულ საქართველოს I სპარტაკიადის პროგრამაში კლასიკური ჭიდაობაც შეიტანეს, ერთი წლის შემდეგ კი თბილისში მოეწყო საქართველოს პირველი ოფიციალური ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობდა თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, სოხუმისა და ოზურგეთის 34 მოჭიდავე. საქართველოდან სსრ კავშირის პირველი ჩემპიონი იყო ლეონიდ ძეკონსკი. მან ეს ტიტული 1935 წელს მოიპოვა, ერთი წლის შემდეგ კი შალვა ჩიხლაძესთან ერთად კვლავ ჩემპიონი გახდა. ამ დროიდან მოყოლებული, საქართველოს მოჭიდავეები ხშირად იმარჯვებდნენ საკავშირო შეჯიბრებებში და, როცა საერთაშორისო სარბიელისკენ გზა გაეხსნათ, იქაც ტოლს არავის უდებდნენ. სსრ კავშირიდან ევროპის პირველი ჩემპიონი იყო კონსტანტინე კობერიძე (1947), მსოფლიოს პირველ ჩემპიონი – გივი კარტოზია (1953). ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონიც კარტოზია იყო (1956). მისი სპორტული მიღწევები სამაგალითო გამოდგა მომდევნო თაობის მოჭიდავეებისთვის. ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ ავთანდილ ქორიძე, რომან რურუა, ვახტანგ ბლაგიძე, მანუჩარ კვირკველია; მსოფლიოს ჩემპიონები – როსტომ აბაშიძე, მიხეილ სალაძე, თეიმურაზ აფხაზავა, თემო ყაზარაშვილი, გურამ გედეხაური, მუხრან ვახტანგაძე, რამაზ ნოზაძე, დავით ბედინაძე. მთავარ საერთაშორისო შეჯიბრებებზე თავი გამოიჩინეს აგრეთვე რევაზ ლაშხმა, მანუჩარ ცხადაიამ, შმაგი ბოლქვაძემ, ზურაბ დათუნაშვილმა, რობერტ კობლიაშვილმა, იაკობ ქაჯაიამ.

წესები

წარწერის ტექსტი

ოფიციალური შეჯიბრებები იმართება დარბაზებში, საჭიდაო ხალიჩაზე, რომლის ზომებია 12X12 მ საჭიდაო წრის დიამეტრია 9 მ და შემოსაზღვრულია 1 მ სიგანის წითელი ზოლით (პასიურობის ზონა). საჭიდაო წრის ცენტრში მოხაზულია 1 მ დიამეტრის წრე, ხალიჩის დიაგონალური კუთხეები კი მონიშნულია წითელი და ლურჯი ფერებით. ხალიჩას აგებენ სპეციალურ პლატფორმაზე (სიმაღლე: 0,6 - 1,1 მეტრი). მოჭიდავეებს აცვიათ ყელიანი, უქუსლო ფეხსაცმელი და ერთიანი საჭიდაო მაისური, რომელშიც დომინირებს წითელი ან ლურჯი ფერი. ოლიმპიური თამაშებისგან განსხვავებით, სადაც 6 წონითი კატეგორიაა, დანარჩენი შეჯიბრებები ტარდება კაცთა 10 წონით კატეგორიაში: 55 კგ, 60 კგ, 63 კგ, 67კგ, 72 კგ, 77 კგ, 82 კგ, 87 კგ, 97 კგ, 130 კგ. შეჯიბრება იმართება ოლიმპიური (პირდაპირი გამოთიშვის) სისტემით, სანამ არ დარჩება ორი მოჭიდავე, რომელთა გადამწყვეტი შეხვედრა გამოავლენს ჩემპიონს. ფინალში გამარჯვებულს გადაეცემა ოქროს მედალი. დამარცხებულს – ვერცხლის მედალი. ბრინჯაოს ორი მედლისთვის ერთმანეთს ხვდებიან ნახევარფინალში დამარცხებული და ე.წ. სანუგეშო ჯგუფებში გამარჯვებული მოჭიდავეები. იქმნება ორი ასეთი სანუგეშო ჯგუფი მხოლოდ იმ მოჭიდავეებისათვის, რომლებიც შეჯიბრების სხვადასხვა ეტაპზე ერთ-ერთ ფინალისტთან დამარცხდნენ.

თითოეულ შეხვედრას სჯის მსაჯთა ბრიგადა 3 კაცის შემადგენლობით: ხალიჩის ხელმძღვანელი, შუამავალი არბიტრი და გვერდითი მსაჯი. ორთაბრძოლა შედგება ორი სამწუთიანი პერიოდისაგან. პერიოდებს შორის შესვენება 30 წამი. გამარჯვება მას რჩება, ვინც ორი პერიოდის ქულათა ჯამით მოიგებს. პერიოდი ვადაზე ადრე წყდება, თუ ერთ-ერთი მოჭიდავე 8-ქულიან უპირატესობას მიაღწევს ან წმინდად მოიგებს. შეხვედრის შედეგი შეიძლება იყოს: ა) წმინდა მოგება – მეტოქის ბეჭებზე დაწვენით (როცა ერთ-ერთი მოჭიდავე მეტოქეს ორივე ბეჭს ხალიჩაზე დაადებინებს); 8 ან მეტი ქულის უპირატესობით; მოწინააღმდეგის სამი გაფრთხილებით ბ) ქულებით მოგება - 1-7 ქულის უპირატესობით. ილეთი ფასდება 1, 2, 4 და 5 ქულით. 1 ქულით ფასდება ხალიჩის გარეთ ფეხის გადგმა (გასვლა); 2 ქულით ფასდება მეტოქის ჩოქბჯენში გადაყვანა; ჩოქბჯენში მეტოქის გადაგორებით ნებისმიერი გადატრიალება; ილეთი ჩოქბჯენში, რომლის შედეგად მეტოქე ხალიჩისკენ ზურგით აღმოჩნდება და ხალიჩას ეყრდნობა ერთი ან ორივე გამართული ხელით ან იდაყვით. მეტოქის შეკავება (ილეთზე დახურვა, დაჭერა) და ა.შ. დგომიდან შესრულებული გდება, როცა მეტოქე სამი წერტილით ეხება ხალიჩას; ჩოქბჯენში შესრულებული ილეთი, რომლის შედეგად მეტოქე აღმოჩნდება სახიფათო მდგომარეობაში ან ბეჭებით ეხება ხალიჩას და ა. შ. 4 ქულით ფასდება: გდება დგომიდან საშუალო ამპლიტუდით, რომლის შედეგად მეტოქე შეუყოვნებლად აღმოჩნდება სახიფათო მდგომარეობაში; ჩოქბჯენში უკუმოვლებით გდება და ა. შ. 5 ქულით ფასდება: დგომიდან დიდი ამპლიტუდით შესრულებული ყველა ილეთი, რომლის შედეგად მეტოქე მოწყვეტით ეცემა ხალიჩაზე და შეუყოვნებლივ აღმოჩნდება სახიფათო მდგომარეობაში. მოჭიდავე სახიფათო მდგომარეობაში ითვლება, თუ: ა) მისი ზურგის ხაზი ხალიჩის ზედაპირთან ქმნის 90 გრადუსზე ნაკლებ კუთხეს და ცდილობს ტანის ზედა ნაწილით არ დაწვეს ხალიჩაზე; ბ) თავდაცვის მიზნით დგას ხიდზე, რათა ხალიჩას ბეჭებით არ შეეხოს; გ) ხალიჩისკენ ზურგით მიმართული, ერთი ან ორივე იდაყვით ეყრდნობა ხალიჩას; დ) ერთი ბეჭით ეხება ხალიჩას; ე) გადაგორდება ბეჭებზე. ბრძოლის დაწყებიდან დაახლოებით 1 წუთის ამოწურვის შემდეგ, თუ არ კეთდება ტექნიკური ქულები, მსაჯები ავლენენ პასიურ მოჭიდავეს და მას ოპონენტის სურვილის მიხედვით აყენებენ ჩოქბჯენში ან აგრძელებენ ჭიდაობას დგომში. ჭიდაობის მსვლელობისას, თუ მოჭიდავე პასიურია, მსაჯები აძლევენ შენიშვნას და თუ არ გააქტიურდება, ავტომატურად 1 ქულას აძლევენ მის ოპონენტს.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში კატეგორიულად იკრძალება წელქვემოთ ხელის ჩავლება, ფეხის გამოკვრა, ფეხის აქტიური ხმარება ნებისმიერი მოქმედებისას. ამ წესის დამრღვევს ტექნიკურ გაფრთხილებას აძლევენ, მის მეტოქეს კი – 2 ქულას. აკრძალულია აგრეთვე მტკივნეული და მახრჩობელა ილეთების ჩატარება.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები