ბესარიონი (აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბესარიონი – (ორბელიშვილ-ბარათაშვილი, გ. 1737), აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (1724, 1725-1737), საეკლესიო მწერალი.

დაიბადა თავად ბეჟან ორბელიშვილის ოჯახში. 1697 წ. გადაწერილ ხელნაწერის ანდერძში წერს: „მე, ხუცეს-მონაზონი, ნათესავით ბარათაშვილი, ტომობით ორბელიშვილი, ბესარიონ... ლოცვა ყავთ... მშობელთა ჩემთა ბეჟანისა და მარიამისა“.

ბესარიონი ბერად აღიკვეცა გარეჯის უდაბნოს იოანე ნათლისმცემლის მონასტერში. ეს უნდა მომხდარიყო XVIII ს. 80-იან წწ. თავისი განათლების წყალობით ბესარიონი მონასტერში ახალგაზრდა ბერების მასწავლებელი და მოძღვარი გამხდარა. 1713 წ. გაბრიელ საგინაშვილს აღნიშნული აქვს: „მოძღვრისა და მასწავლებლისა უფლისა ჩემისა, დიდისა ორბელის ძის ბესარიონის ბრძანებით“ (H 1557); იოსებ არაგვის ერისთავის ძე აღნიშნავდა: „მე უღირსმან ხუცეს-მონაზონმან იოსებ... ვიქცეოდე ჴელთა შინა სულიერთა მათ მამათა... ვიტყჳ ღირსსა მოძღვარსა ჩეუნსა და მასწავლებელს ბესარიონს, დიდის ორბელის ძეს“ (ხელნაწ. A 100 ანდერძი). ბესარიონს გარეჯის უდაბნოში მოღვაწეობა მოუხდა ონოფრე მაჭუტაძის წინამძღვრობის დროს. ონოფრეს წყალობით გარეჯის მონასტერი ძალზე დაწინაურდა როგორც კულტურულად” ისე სამეურნეო-ეკონომიკური თვალსაზრისით, რაშიც ბესარიონს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის.

XVII ს. მიწურულს გარეჯაში ონოფრე მაჭუტაძის მეთაურობით დაიწყო ქართული ჰაგიოგრაფიული კრებულების შედგენა. პირველი კრებული შედგა 1699 წ. (A 160). ამ მეტად მნიშვნელოვან მწიგნობრულ საქმეში სხვებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა ბესარიონი. იგი, როგორც გარეჯის უდაბნოს წარმომადგენელი, იბრძოდა ტყვის სყიდვის წინააღმდეგ. ამ მიზნით სპეციალურად გაუგზავნიათ გურიაში ღონისძიებების გასატარებლად. საბუთში ვკითხულობთ: „შუაობითა და შუამდგომლობითა ესე ფიცი და პირი და წიგნი მოგეცი ჩუჱნ გურიელმან პატრონმან მამია, შენ გარეჯისა ნათლისმცემლის უდაბნოთაგან ბრძანებითა ღმრთისათა მოსაქცეველად ჩუჱნთჳს წარმოგზავნილსა მამასა ჩუჱნსა წმიდასა ბესარიონს, ამა პირსა ზედა, რომ ჩუჱნს საბატონოშიდ მოხვედით და ტყვის აღთქმისა დადება გვიქადაგეთ. ჩუჱნცა შევისწავეთ და ჩუჱნსა საბატონოს კაცსა გაუსყიდველობისა აღთქმისა და საფიცარი გამოვართვით, რომ ჩემმა საბატონოს კაცმა ტყვე ვეღარ გასყიდოს და ჩუჱნცა ეს აღთქმა დაგჳც. დღეს ამას იქეთ ჩუჱნთვის საქონლად და სასარგებლოდ რომ მოიხმარებოდეს და ან სასმელ-საჭმელში და ჩუჱნ ტყვე აღარ გავსყიდოთ...“

1724 წლიდან ბესარიონი აღმოსავლეთ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი გახდა, თუმცა ოფიციალურ წყაროებში (ეპიტაფიაშიც კი) მისი კათოლიკოსობა დათარიღებულია 1731-1737 წწ., ნამდვილად კი 1734 წლამდე იყო კათოლიკოსი – იგი სწორედ ამ წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია სვეტიცხოველში.

ბესარიონი საქართველოს ბედის გულგრილი მეთვალყურე არ ყოფილა. ამას ადასტურებს 1733 წ. ვახტანგ VI-ისადმი მიწერილი მისი წერილი. XVIII საუკუნის ქართულ მწერლობაში ბესარიონი თვალსაჩინო ფიგურაა. მასალების მიხედვით, იგი არის დამკვეთი, ქველმოქმედი, გადამწერი და ავტორ-შემოქმედი. შემორჩენილია მისი ხელით გადაწერილი ნუსხები A 105, A 121, A 196, A 198, S 3269, S 286 და სხვ. მას უპირატესად იზიდავს ჰაგიოგრაფიული, ასკეტიკური, დოგმატიკური, პოლემიკური ხასიათის თხზულებები. ქართული სასულიერო მწერლობის განვითარებამ XVII საუკუნიდ გასულსა და XVIII საუკუნის დასაწყისში გადაუდებელ ამოცანად დააყენა საკითხი ისეთი თხზულებების შედგენისა, რომლებშიც თავმოყრილი იქნებოდა მხოლოდ ქართველი მოღვაწეების საკითხავები. ე.წ. მოსამზადებელი სამუშაო ამ მიმართულებით ჩატარდა კიდეც ონოფრე მაჭუტაძის მიერ. მისი დავალებით დავითგარეჯის უდაბნოს მიზნებისათვის შედგა პირველი ჰაგიოგრაფიული კრებული A 160. ვრცელი ქართული ჰაგიოგრაფიული კრებული შეადგინა დომენტი კათალიკოსმა (A 130], შედარებით მოგვიანებით კი – ბესარიონმა (S 3269). ბესარიონს კრებულისთვის საგანგებოდ დაუწერია: „რაჟდენ პირველმოწამის მარტვილობა“; „არჩილ მეფის მარტვილობა“; „ღუაწლი წმ. და სანატრელისა მოწამისა და მეფისა ლუარსაბისი“; „შესხმა წმიდათა მოწამეთა ბიძინასი, შალვასი და ელიზბარისი და უწყება წამებისა მათისა“; „დაძინებაჲ ისე წილკნელისა“. დასახელებული თხზულებები მეტაფრასული ხასიათისაა და დაწერილია 1713-1724 წწ. ეს თხზულებები ავტოგრაფის სახით დაცულია S 3269 ხელნაწერში.

ბესარიონის კალამს ეკუთვნის ანტიკათოლიკური პოლემიკური თხზულება „გრდემლი“, პირველი ორიგინ. ოფიციალური პოლემიკური თხზულება, მიმართული კათოლიკობისა და რომის ეკლესიის წინააღმდეგ. ნაწარმოები დაწერილი უნდა იყოს 1712-1724 წწ. ხელნაწერების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ არსებობს ამ თხზულებების ორი რედაქცია – მოკლე და ვრცელი მოკლე რედაქცია ქრონოლოგიურად წინ უსწრებს ვრცელს. გავრცელებულა მხოლოდ ვრცელი რედაქცია, მოკლე ერთადერთი ხელნაწერითაა (S 286) მოღწეული.

ბ. წერდა საგალობლებსაც. მას ეკუთვნის რაჟდენ პირველმოწამისადმი მიძღვნილი გალობანი.

მ. ქავთარია

ლიტერატურა

  • ლომინაძე ბ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან (სენიორიები), ტ. 1,1966;
  • ქავთარია მ., ბესარიონ ორბელიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა, „ხელნაწერთა ინ-ტის მოამბე“, 1959, ტ. 1;
  • მისივე, დავით გარეჯის ლიტერატურული სკოლა, თბ., 1965;
  • Чубинашвили Г.Н., Пещерные монастыри Давид-Гареджи, Очерк по истории искусства Грузии, Тб., 1948.


Logo1.JPG ბესარიონი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები