ბესარიონი (დადიანი 1832-1900)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბესარიონი – (დადიანი), (1832 – 03.08.1900, ქ. ქუთაისი), საეკლესიო მოღვაწე, ეპისკოპოსი. სამეგრელოს მთავრის, მანუჩარის შვილიშვილი.

სიყრმიდანვე იზრდებოდა მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტერთან არსებულ სასულიერო სასწავლებელში, სადაც საფუძვლიანი აღზრდა-განათლება მიიღო. საბერო მორჩილება ჯრუჭის მონასტერში გაიარა. 1849 წ. 6 აგვისტოს იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) ბერად აღკვეცა და სახელად ბეს რიონი უწოდა (საერო სახელი ცნობილი არ არის). ამავე წელს დიაკვნად აკურთხეს. 1857 წ. 16 ნოემბერს იმერეთის ეპისკოპოსის – გერმანეს (გოგოლაშვილი), ხელდასხმით მღვდლად ეკურთხა. 1859 წ. 20 დეკემბერს არქიმანდრიტის წოდება მიანიჭეს. 1860 წ. 20 მარტს ჯრუჭის წმ. გიორგის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1865 წ. 7 დეკემბერს გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1871 წლიდან საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად აირჩიეს. 1874 წ. დეკემბერში სამეგრელოს სავიკარიოს მღვდელმთავრად გამოარჩიეს. 1875 წ. 12 იანვარს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი), გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) და იმერეთის ეპისკოპოსმა წმ. გაბრიელმა (ქიქოძე) ეპისკოპოსად აკურთხეს. 1886 წ. 1 მარტს ახლად ამოქმედებული ალავერდის სავიკარიო ეპარქიის მმართველად გადაიყვანეს, რომელსაც 1898 წ. 6 ივნისამდე განაგებდა. ამასთანავე, დაინიშნა შუამთისა და ალავერდის მამათა მონასტრების წინამძღვრად. შუამთის მონასტერში მისი მეცადინეობით გამშვენდა; შეკეთდა და კეთილმოეწყო ბერების საცხოვრებელი სახლი. 1895 წ. ეპისკოპოს წმ. გაბრიელის (ქიქოძე) ავადმყოფობის გამო წმ. სინოდმა იმერეთის ეპარქიის დროებით მმართველად დანიშნა. 1896 წ. იანვარში, მეუფე გაბრიელის გარდაცვალების შემდეგ, კი ორივე ეპარქიის მართვა დაევალა. 1898 წლიდან მხოლოდ იმერეთის ეპარქიას განაგებდა.

მღვდელმთავრობის უკანასკნელ წლებში ბესარიონი ხშირად ავადმყოფობდა. 1900 წ. მაისში მან ექიმების რჩევით სასულიერო მთავრობისაგან ორი თვით სამსახურიდან დასვენება ითხოვა. უწმინდესმა სინოდმა შეიწყნარა მისი თხოვნა და პირველ ივლისამდე მისცა შვებულება. ივლისში ბესარიონი გაემგზავრა უწერაში, საიდანაც უფრო დაუძლურებული დაბრუნდა. ბესარიონის ჯანმრთელობა დღითი დღე უარესდებოდა. 1900 წ. 1 აგვისტოს ბესარიონი ეზიარა, მას შემდეგ თითქმის უგრძნობლად იწვა. 3 აგვისტოს, ნაშუაღამევს, პირველის ნახევარზე, ზარების სამგლოვიარო ხმამ მთელ ქუთაისს აუწყა ყოვლადსამღვდელო ბესარიონის გარდაცვალება.

9 აგვისტოს დაკრძალვაზე ჩამოვიდნენ ეპისკოპოსი წმ. ალექსანდრე (ოქროპირიძე) და ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე). ბესარიონი დაიკრძალა ქუთაისის საკათედრო ტაძარში.

ბესარიონი დაჯილდოებული იყო წმ. ანას III (1869), II (1873) და I (1887) ხარისხის ორდენებით.

გ. მაჩურიშვილი

წყაროები და ლიტერატურა

  • სცსა, ფონდი 489, აღწ- ერა 1, საქმე №25423.
  • „ივერია“, 1900, №172; „მწყემსი“, 1900, №215.


Logo1.JPG ბესარიონი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები