ბიათლონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბიათლონისტი ულე ეინარ ბიორნდალენი (ნორვეგია) სოლტ ლეიკ სიტის ოლიმპიურ ტრასაზე

ბიათლონი – (ლათ. Bis – ორგზის, ბერძნ. Attlon – შეჯიბრება, ბრძოლა). ზამთრის სპორტის სახეობა – თხილამურებით რბოლა მცირეკალიბრიანი შაშხანის სროლით რამდენიმე საცეცხლე პოზიციაზე (წოლელა, დგომელა).

ისტორია

მოთხილამურე მსროლელთა პირველი შეჯიბრება 1776 წელს მოეწყო ნორვეგიაში, თუმცა, როგორც ზამთრის ორჭიდი, ბიათლონი მხოლოდ XX საუკუნის 20-იანი წლებიდან განვითარდა ჯერ სკანდინავიის ქვეყნებში, შვეიცარიაში, ავსტრიასა და საფრანგეთში, შემდეგ – დანარჩენ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

1957 წელს, თანამედროვე ხუთჭიდისა და ბიათლონის საერთაშორისო კავშირის გადაწყვეტილებით, ბიათლონს დამოუკიდებელი სახეობის სტატუსი მიენიჭა. ბიათლონის პოპულარიზაციას ხელი შეუწყო ხშირმა საერთაშორისო ტურნირებმა და ოლიმპიურმა აღიარებამ. მის განვითარებას ბიძგი მისცა 1977 წლიდან დანერგილმა მნიშვნელოვანმა სიახლემ: ბიათლონისტთა საბრძოლო იარაღისკარაბინის მცირეკალიბრიანი შაშხანით შეცვლამ, 150-მეტრიანი სასროლო დისტანციის 50 მეტრამდე შემცირებამ. 1960 წლამდე – ბიათლონის ოლიმპიურ დებიუტამდე შეჯიბრებები ეწყობოდა ბიათლონის წინამორბედ სამხედრო პატრულში, რომელიც ერთადერთხელ – 1924 წელს იყო ოლიმპიური პროგრამის ნაწილი. გარდა ამისა, სამხედრო პატრული საჩვენებლის სტატუსით სამ თამაშებზე – 1928, 1936 და 1948 წელს იყო წარმოდგენილი.

წესები

2010-იანი წლების უძლიერესი ბიათლონისტი, ფრანგი მარტინ ფურკადი.

შეჯიბრებისთვის ირჩევენ დასერილ ადგილს. წრიული მარშრუტი მონიშნულია ფერადი ალმებით. სტარტის, ფინიშისა და ესტაფეტის გადაცემის ზონები, საცეცხლე პოზიცია და 150-მეტრიანი საჯარიმო წრე განლაგებულია სარბოლო სტადიონის ცენტრალურ მოედანზე. სასროლეთი დაყოფილია მარჯვნიდან მარცხნივ დანომრილ 2,5-3 მეტრის სიგანის დერეფნებად, ცეცხლის ხაზიდან 50 მეტრის დაშორებით განლაგებულია ხუთსამიზნიანი დაფები. შეჯიბრების მონაწილეები აღჭურვილნი არიან სტანდარტული სარბოლო თხილამურებითა და 22-კალიბრიანი მექანიკური შაშხანით. სპრინტში კაცებისთვის დადგმულია 2 საცეცხლე მიჯნა სტარტიდან 2,5 კმ და 7,5 კმ მანძილზე, ქალებისთვის – ასევე, 2 საცეცხლე მიჯნა სტარტიდან 2,5 და 5 კმ-ზე. 5 ვაზნით 5 სამიზნის დასაზიანებლად პირველ მიჯნაზე წოლელა ისვრიან, მეორეზე კი – დგომელა. ყოველი აცდენისთვის სპორტსმენმა თითო 150-მეტრიანი საჯარიმო წრე უნდა გაირბინოს. გამოდევნებით რბოლაში კაცებისთვის 4 საცეცხლე მიჯნა განლაგებულია ყოველ 2.5 კმ-ზე: ქალებისთვის – ყოველ 2 კმ-ზე. ინდივიდუალურ რბოლაში კაცებისთვის სტარტიდან მე-4 და მე-18 კილომეტრებს შორის 3 კმ ინტერვალით განლაგებულია 4 ცეცხლის ხაზი, ქალებისთვის ასევე 4 ცეცხლის ხაზი – მე-3 და მე-12 კილომეტრებს შორის.

ყოველი აცდენისათვის სპორტსმენი ისჯება 1-წუთიანი საჯარიმო დროით. ესტაფეტაში კაცთა და ქალთა გუნდები 4-4 წევრისგან შედგება. გუნდის თითოეულმა წევრმა 2 სერია უნდა ისროლოს ჯერ დგომელა, მერე კი – წოლელა. პირველი საცეცხლე მიჯნა სტარტიდან 2, 5 კმ-ზეა განლაგებული, მეორე – სტარტიდან 5 კმ-ზე. თითოეული სერიისთვის სპორტსმენს 8-8 ვაზნა ეძლევა 5 სამიზნის დასაზიანებლად. თუ ყველა ვაზნა დახარჯა, მაგრამ ყველა სამიზნე ვერ დააზიანა, თითოეული დაუზიანებელი სამიზნისთვის დამატებით 150 საჯარიმო მეტრი უნდა გაირბინოს. ესტაფეტას გადასცემენ სპეციალურად გამოყოფილ 30-მეტრიან ზონაში. შერეული წყვილების ესტაფეტა განსხვავებულია იმით, რომ გუნდი შედგება 2 ქალისა და 2 მამაკაცისგან.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები