ბიბლიის ქართული თარგმანები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბიბლია

ბიბლიის ქართული თარგმანები - ქართულად პირველად ბიბლიის ის წიგნები გადმოთარგმნეს, რომლებიც საღმრთო ლიტურგიისათვის სჭირდებოდათ, კერძოდ - სახარება, სამოციქულო და ფსალმუნები. ქართველი მემატიანის მიხედვით სახარება V საუკუნეში გადმოთარგმნეს წმ. ვახტანგ გორგასლის დედის - დედოფალ საგდუხტის (408-410 წ.წ.) თხოვნით. წმ. გადმოცემით, ფარსმან მეფემ (542-555 წ.წ.) წმიდა შიოს სწორედ ეს სახარება მისცა. წმ. გიორგი მთაწმინდელის აზრით საქართველოში მისი დროისათვის ბიბლიის სამი თარგმანი იყო ხმარებაში: I - ძველი, II - საბაწმიდური, III - თვით წმ. გიორგისა. წმ. გიორგი ქებით იხსენიებს წმ. ექვთიმეს თარგმანსაც. წმ. გიორგიმ შეასწორა უგნურთაგან შებღალული სახარება. ე.ი. ქართულად „დაბადების“ სრული თარგმანი საქართველოში XI საუკუნემდე უკვე იყო. „დაბადება“ ნაწილ-ნაწილ ითარგმნებოდა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პირთაგან და სხვადასხვა ადგილას - თვით საქართველოში, პალესტინაში, სირიაში, კონსტანტინოპოლში და ათონზე.

დროთა განმავლობაში ხელნაწერი ქართული ბიბლია ისევ დამახინჯდა ზოგჯერ უნებურად გადამწერთაგან, ზოგჯერ შეგნებულად, ამიტომ არჩილ მეფემ რუსეთში გადასახლების შემდეგ იგი შეავსო სლავიანური თარგმანებიდან, მაგრამ მაინც ბევრი შეცდომა გაიპარა გადამწერთაგან, რომელთა კვლავ შესწორება გადაწყვიტა მეფე ბაქარ ვახტანგის ძემ. მისი და სასულიერო კრების დადგენილებით, ეს მძიმე ტვირთი თავის მხრებზე აიღო ვახუშტი ბატონიშვილმა, რომელმაც არა მარტო შეასწორა და შეავსო „დაბადების“ გამოტოვებული ადგილები, არამედ შეადარა კიდეც ბერძნულ, ებრაულ, ლათინურ, ასურულ და სომხურ დაბადებებს, დაყო თავებად და მუხლებად.

წიგნების ბეჭდვის შემოღების შემდეგ პირველად ქართულად დაიბეჭდა „დავითნი“ 1705 წ. მოსკოვში. თბილისში სახარება პირველად დაიბეჭდა 1709 წ, ხოლო მთლიანად „დაბადება“, ჯერ მოსკოვში 1743 წ. („ბაქარისეული“), შემდეგ თბილისში - 1884 წ.

ეს უფრო მეტად იყო არეულ-დარეული, ვიდრე ბაქარის დაბადება. იგი ერთხელ კიდევ შეასწორა 1896 წ. დანიშნულმა ბიბლიის შემსწორებელმა ახალმა კომიტეტმა, მაგრამ დაიბეჭდა მხოლოდ მოსეს ხუთწიგნეული.

ყველაზე სრული და შემოწმებული ბიბლია დაიბეჭდა ახალი ქართული თარგმანით ჩვენი პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის კურთხევით 1989 წ.


წყარო

  • ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები