ბიბლიოთეკა-სამკითხველოები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბიბლიოთეკა-სამკითხველოები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში - ბიბლიოთეკა-სამკითხველოების დაარსებას ხელისუფლება როგორც საგანმანათლებლო, ასევე პოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებდა. ეროვნული იდეოლოგია და საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა ყველასთვის გასაგები და მისაღები უნდა გამხდარიყო. საჭირო იყო ჟურნალ-გაზეთების ხელმისაწვდომობა, რისთვისაც სისტემატური ხასიათი უნდა მისცემოდა ბიბლიოთეკა-სამკითხველოების მოწყობას. საქართველოში გატარებულმა საერობო რეფორმამ და ერობების შექნამ ხელი შეუწყო ამ პროცესის გაღრმავებას. თითოეულ სკოლასთან იხსნებოდა სამკითხველო, ერობა ყველა რაიონში ხსნიდა ერთ ცენტრალურ ბიბლიოთეკას. სამაზრო ერობის ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან არსებობდა საბიბლიოთეკო კომისია, რომელიც საერთო ხელძღვანელობას უწევდა მაზრის ბიბლიოთეკა-სამკითხველოების მუშაობას, ქმნიდა ინსტრუქციებს, ადგენდა საბიბლიოთეკო ქსელს. რაიონებსა და სოფლებში იმართებოდა სახალხო კითხვები, წინასწარ დგებოდა წასაკითხი მასალის სია, გათვალისწინებული იყო მოსახლეობის ინტერესები და მოთხოვნები, კითხვის დროს იყენებდნენ კინემატოგრაფს, ფანარს, რომელთაც სამაზრო ერობა იძენდა.

1918 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტს წარედგინა განსახილველად კანონპროექტი „წიგნთსაცავ-ამკითხველოების გახსნის შესახებ“. შინაგან საქმეთა მინისტრი ამ ღონისძიებას სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას ანიჭებდა. ბიბლიოთეკების გახსნა სოფლებში საერობო თვითმმართველობების საქმე იყო, მაგრამ ეს ორგანოები ნელა ფორმირდებოდა, ზოგან კი სულაც არ დაუწყია მუშაობა იმ ურთულესი სოციალურ-პოლიტიკური ვითარების გამო, რაც ახალგაზრდა საქართველოს რესპუბლიკაში იყო. „ცხოვრება კი არ ითმენს და თავისას ითხოვს“, - წერდა მინისტრი ნოე რამიშვილი, - „შექმნილი პირობების გამო ერის კულტურული და ზნეობრივი მხარე მოდუნდა, ბევრ ჩვენს სოფელში კვლავ მძვინვარებს ანარქია, ამისთვის რევოლუციით მონაპოვარი თავისუფლება და დემოკრატიული რეფორმები რომ უფრო მტკიცე საფუძველზე იქნეს აგებული, საჭიროა ეხლავე ხელი შევუწყოთ ხალხის კულტურულ შემოქმედებას და თვითშემეცნებას. ამ მიზნით სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სოფლებში წიგნთსაცავ-სამკითხველოების მოწყობას, რისთვისაც საჭიროდ რაცხს ეხლავე გახსნას ყოველ სოფლის საზოგადოებაში არსებულ სკოლებთან წიგნთსაცავ-სამკითხველოები, განსაკუთრებით უკანასკნელნი, ვინაიდან შესაძლებელია წიგნთსაცავების გახსნა ამჟამად ყველგან არ მოხერხდეს“. მინისტრი თვლიდა, რომ, სადაც სკოლა არ იყო, იქ წიგნთსაცავ-სამკითხველო უნდა გახსნილიყო სოფლის სამმართველოსთან. სკოლებთან არსებულ წიგნთსაცავ-სამკითხველოებს მასწავლებლები უხელმძღვანელებდნენ, ხოლო სამმართველოებთან არსებულს - კომისრები, სანამ ერობა არ აიღებდა ხელში მართვას და ამ საქმეს არ გაუძღვებოდა. სულ რესპუბლიკის ტერიტორიაზე 500 წიგნთსაცავ-სამკითხველო უნდა დაარსებულიყო.

კანონპროექტი ხანგრძლივი განხილვის შემდეგ მიღებულ იქნა და კანონმა საბოლოოდ, შესწორებების შემდეგ, ასეთი სახე მიიღო:

„1. დაარსდეს რესუბლიკის სოფლის ყოველ სკოლასთან წიგნთსაცავი-სამკითხველო;
2. იმ სოფლის საზოგადოებაში, სადაც სკოლა ჯერ კიდევ არ არსებობს, წიგნთსაცავ-სამკითხველო გახსნილი იქნეს სოფლის სამმართველოსთან;
3. სოფლის სკოლებთან დაარსებული წიგნთსაცავ-სამკითხველოების გამგებლობა დროებით დაევალოს სკოლების ზედამხედველებს, ხოლო სოფლის სამმართველოებთან - კომისრებს;
4. დღიდან საერობო თვითმმართველობის შემოღებისა, წიგნთსაცავ-სამკითხველოები გადაეცეს საერობო დაწესებულებას და ამ უკანასკნელს დაევალოს მათი პატრონობა;
5. დაეთმოს უფასოდ ყველა სახალხო წიგნთსაცავ-სამკითხველოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ თითო ცალი ერთი წლის ვადით დღიდან სამკითხველოს გახსნისა;
6. ამ მიზნით გაცემულ იქნას სახელმწიფო ხაზინიდან ერთდროულად 100 ათასი მან. შინაგან საქმეთა მინისტრის განკარგულებაში;
7. ამ კანონის განხორციელება დაევალოს შინაგან საქმეთა მინისტრს სახალხო განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით;
8. კანონი ძალაში შედის დღიდან მიღებისა პარლამენტის მიერ“. (დოდო ჭუმბურიძე)


ლიტერატურა

სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 274.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები