ბიეთის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბიეთი, დიმიტრი ერმაკოვის ფოტო

„ბიეთი“ – ბიეთის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (XIV ს.), ცენტრალურ-გუმბათოვანი ეკლესია ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდ. მტკვრის მარცხენა შენაკადის – წინუბნისწყლის – ხეობაში, სოფელ გურკელიდან 2 კმ დაშორებით (ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია).

ტაძარი სრულიად განმარტოებულ, დაუსახლებელ ადგილზე დგას. „ბიეთი“ ტოპონიმია და ტაძარმაც მისი სახელი შეინარჩუნა. „ბიეთის“ შესახებ ცნობას სამეცნ. ლიტერატურაში პირველად ვხვდებით დიმიტრი ბაქრაძესთან, რომელსაც ინფორმაცია მის შესახებ მღვდელმა, ივანე გვარამაძემ მიაწოდა. უძველესი 1885 წ. ფოტო დ. ერმაკოვს ეკუთვნის. ტაძრის ფასადებსა და გუმბათზე წარმოდგენას სწორედ ეს ფოტო გვიქმნის. 1902 წ. ძეგლი მოინახულა წმ. ექვთიმე ღვთისკაცმა (თაყაიშვილი). ამ დროს გუმბათი ჯერ კიდევ არ იყო მორღვეული. 1932 წ. გ. ბოჭორიძეს გუმბათი უკვე ჩამოქცეული დახვდა. წმ. ექვთიმე თაყაიშვილი „ბიეთს“ XII-XIII სს. მიჯნით ათარიღებდა. ვ. ბერიძემ, რომელმაც 1946 წ. შეისწავლა ძეგლი, იგი XIV ს. II ნახ. მიაკუთვნა.

სარჩევი

არქიტექტურა

ბიეთი (სამცხე). ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის ნანგრევები

ტაძრის მნიშვნელოვანი ნაწილი დანგრეულია, მთლიანად ჩამოშლილია გუმბათი, გადახურვის არც ერთი თაღი და კამარა აღარ არის შემორჩენილი. მორღვეულია აფსიდის ზედა ნანილიც. გადარჩენილია მხოლოდ საკურთხევლის კონქი და პასტოფორიუმები. „ბიეთი“ თლილი ქვითაა ნაგები (გარე ზომები 11.8 X 17.7 მ). ტაძარში ორი შესასვლელია დასავლეთიდან (სამხრეთი კარის წინ კარიბჭე იყო მოწყობილი, დღეს მისი მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი. დასავლეთ შესასვლელის გვერდებზე კრონშტეინებია, მაგრამ კარიბჭის კვალი არ შეიმჩნევა). ტაძრის გეგმაზე მკვეთრად გამოიყოფა აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძი. ნახევარწრიული აფსიდა დაგრძელებულია ღრმა ბემით, რომელიც ცენტრისკენ განიერდება. გუმბათქვეშა სივრცეს ზომაზე დიდი ფართობი უკავია. გუმბათი ბემის მხრებსა და თავისუფლად მდგარ ჯვრული კვეთის ორ სვეტს ეყრდნობა (სვეტის ჯვრულ მკლავებს შორის დამატებით მასიური ლილვებია აყოლებული). შესამჩნევია, რომ ტაძრის არქიტექტურაში წინ არის წამოწეული (ოდნავ გადაჭარბებით) გუმბათის წამყვანი როლი. ის გვერდითი მკლავების ხარჯზე მთელი ტაძრის სივრცეზე გაბატონდა. გვერდითი მკლავების მნიშვნელობა მინიმუმამდეა შემცირებული (მკლავის სიგანე 100 სმ ოდნავ აჭარბებს). სამკვეთლოსა და სადიაკვნეში შესასვლელები დარბაზიდანაა, სამკვეთლოს მეორე, დამატებითი კარი უშუალოდ საკურთხევლიდან ბემაშიცაა გაჭრილი. ორივე სათავსი აღმოსავლეთის აფსიდით მთავრდება. თორმეტწახნაგიანი, უჩვეულოდ განიერი გუმბათის ყელი მთელ ტაძარზე „ბატონობს“. მისი სიგანე სიმაღლეს აჭარბებს. გუმბათზე ექვსი ნამდვილი და ამდენივე ცრუ სარკმელია. სარკმელთა თავზე ორნამენტით შემკული გირჩებია განლაგებული. სარკმლები შეწყვილებულლილვებიანი სადა საპირითაა. უჩვეულოა, რომ გუმბათს გარედან გუმბათქვეშა კვადრატი არ ჰქონდა (შესაძლოა, დ. ერმაკოვის ფოტოზე არ აღიბეჭდა). ფოტოზე გუმბათის საფუძველი წრიული ფორმით ამოდის ტაძრის მასიდან და გუმბათისგან შეწყვილებული ლილვით გამოიყოფა. გუმბათის ყელს თავზე ორლილვიანი სარტყელი უვლიდა გარს, რომელსაც თორმეტწახნაგა კონუსური სახურავი ასრულებდა.

ბიეთი. ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. საკურთხეველი

ფასადებიდან სხვებზე უკეთ აღმოსავლეთი ფასადია გადარჩენილი, რომლის ცენტრალური ნაწილი მთლიანად საკურთხევლის ციების სწორკუთხა სარკმელსა და სარკმლის დეკორაციულ საპირესთან დაკავშირებულ ასევე ორნამენტით შემკულ დიდ დეკორაციულ ჯვარს ეკავა (სავარაუდოდ, ჯვრის წვერი ფრონტონის წვერს სწვდებოდა). ამავე ფასადზე პარსტოფორიუმების სიმეტრიულად განლაგებული თაღოვანი სარკმლებია, დეკორატიული საპირით. დასავლეთ ფასადი ქართული ხუროთმოძღვრებისათვის ჩვეული გადაწყვეტითაა შესრულებული – შესასვლელი კარი, სიმეტრიულად განლაგებული სამი სარკმელი და, სავარაუდოდ, დეკორატიული ჯვარი. დეკორაციულ ჯვარსა და სარკმელთა საპირეებზე განთავსებული ორნამენტის რეპერტუარი და შესრულების ხასიათი დამახასიათებელია XII-XIV სს-თვის. საპირე და ლილვები კედლის სიღრმეშია „ჩაფლული“. დეკორის კვეთა XII-XIII სს. მიჯნის ნიმუშებთან შედარებით დაბალია. ყველგან გამოყენებულია გეომეტრიული ორნამენტი.

ტაძარს ჩრდილოეთიდან მოგვიანებით სწორკუთხა ეკვდერი მიაშენეს, რომელიც შესრულების ხარისხით ნამდვილად ჩამორჩება ძირითად ტაძარს. ორ ქვაზე განლაგებული წარწერის მიხედვით, მინაშენი 1493 წ. ზაალ თოხასძეს აუგია. ვ. ბერიძის წაკითხული ტექსტის შინაარსი ასეთია: „ქწ მე თოხასძემან ზაალ აღვაშენე წმიდა ესე ეკვტერი შესავედრებლად მშობელთა და [...] მიცვალებულთათვის, ქორონიკონს რპა“ (1493).

„ბიეთის“ საამშენებლო წარწერა დაცულია სამკვეთლოდან საკურთხეველში გასასვლელი ღიობის ზემოთ. ეს, ფაქტობრივად, ორი ერთმანეთს მიყოლებული წარწერაა და ორივე იხსენიებს მშენებელს: „ქრისტე ადიდე ხ-ში, რომელ ესე საყდარი აღაშენა“ და „ქრისტე, წმიდაო ღვთისმშობელო მეოხ ეყავ ხშ-სა შვილითურთ ორთავე შინა ცხოვრებასა“. წარწერაში აგების თარიღი არ არის მითითებული, ჩვენთვის უცნობია, ვინ მოიაზრება დაწერილობაში „ხ“ – ტაძრის მშენებელი თუ ქტიტორი. წმ. ღვთისკაცი (ე. თაყაიშვილი) მას ხვაშაქად კითხულობს და თამარ მეფის თანამედროვე ხუაშაქი ცოქალთან აიგივებს, თუმცა ტაძრის ხუროთმოძღვრება, დეკორატიული მორთულობა და წარწერის პალეოგრაფიული მახასიათებლები აშკარად თამარის პერიოდზე გვიანდელია. გ. ბოჭორიძე კითხულობს, როგორც სახელს – ხოშა, თუმცა ასეთი ისტორიული პირი ჩვენთვის უცნობია.

მხატვრობა

ფრესკის ფრაგმენტი

„ბიეთის“ კედლის მხატვრობა ისეთივე მძიმე მდგომარეობაშია, როგორც თვითონ ნანგრევებად ქცეული და მიწით ამოვსებული ტაძარი. სავარაუდოდ, ის შუა საუკუნეების მოხატულობათა ერთ-ერთი უიშვიათესი ძეგლი ყოფილა როგორც იკონოგრაფიული, ისე სტილისტური თვალსაზრისით. დღეს დარჩენილია მხოლოდ მცირე ფრაგმენტები, რომელიც ჩამორეცხილ-ჩამომტვრეული და ძლიერ შელახულია. აღსანიშნავია, რომ მის შესახებ საისტორიო წყაროებსა თუ სამეცნიერო ლიტერატურაში თითქმის არაფერია ნათქვამი, თუ არ ჩავთვლით ვ. ბერიძის მიერ ეკლესიის ხუროთმოძღვრული თვალსაზრისით შესწავლისას გამოთქმულ აზრს იმის თაობაზე, რომ ტაძარი თავიდანვე მოსახატავად ყოფილა გამიზნული და ცნობას იმის შესახებ, რომ საკურთხეველში შემორჩენილია ფრესკების დაზიანებული ფრაგმენტები.

„ბიეთის“ ფრესკული დეკორის ორიგინალობა განპირობებულია, პირველ ყოვლისა, საკურთხევლის იკონოგრაფიული პროგრამითა და გამოსახულებათა ტოპოგრაფიით. აქ ტრადიციულ თემებთან ერთად ფართოდაა წარმოდგენილი საუფლო დღესასწაულთა სცენები. საკურთხევლის კონქში გამოსახულია „ღვთისმშობლის დიდება“ – აღსაყდრებული ღვთისმშობელი ყრმითა და მათ გვერდით მდგარი მთავარანგელოზები. ამ ტრადიციული კომპოზიციის ქვედა ნაწილში უჩვეულოდ მოჩანს ტახტსა და მთავარანგელოზთა ფიგურებს შორის ღია მწვანე ფონზე ნახატი წითელფონიანი მედალიონები, რომელშიც ცენტრისკენ ორიენტირებული მავედრებელი წმინდანების (წმ. პეტრე და წმ. პავლე ან უფრო – ღვთისმშობლის მშობლების) ნახევარფიგურებია ჩაწერილი. კონქის ქვემოთ ორმხრივ შემოსაზღვრული ბრტყელი ორნამენტული ზოლია გავლებული, რასაც მოჰყვება მეორე რეგისტრის გამოსახულებები – „ნათლისღება“ (მარცხნივ), „ფერისცვალება“ (ცენტრში) და „ჯვარცმა“ (მარჯვნივ). ამ სცენებიდან პირველი ორი ყურადღებას იქცევს ნათლისღებაში მონაწილე ანგელოზთა და ჯვარცმის დამსწრე დედათა და მამათა სიმრავლით. „ფერისცვალება“ გამორჩეულია ადგილმდებარეობით. იგი სარკმლის მიმდებარე კედლებზე, მის თაღსა და ნირთხლებში ისეა ჩაწერილი, რომ წრიული მანდვრით მოცული უფლის ფიგურა კონქისებურ არეშია მოთავსებული. მისგან ძირს დამხობილ მოციქულზე სხივები გადმოდის და, ვინაიდან კომპოზიციის ზედა ნაწილი სარკმლის ჭრილის თავზე კონქშია ჩახატული, მაცხოვრისგან გამომავალი სხივები თაღსა და წირთხლებშია განფენილი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ თაბორის მთაზე გამობრწყინებული სამყაროს მამოძრავებელი ღვთაებრივი ნათელი ტაძარში სარკმლიდან ფიზიკურ სინათლესთან ერთად შემოდის.

საუფლო დღესასწაულთა გამოსახულებების ქვემოთ, მესამე რეგისტრში, სარკმლის ორ მხარეს განაწილებულია პურითა და ღვინით ზიარების სცენები. ჩარდახიან ტრაპეზთან მდგარი მაცხოვრის სიახლოვეს 12 მოციქულია გამოსახული. მათგან პირველი ექვსი ზიარების მისაღებად მიემართება უფლისკენ წმ. პეტრესა და წმ. პავლეს მეთაურობით, დანარჩენი 6 კი მის ზურგს უკან არის შეჯგუფებული. მეოთხე რეგისტრში, მარცხენა მხარეს მოჩანს მღვდელმთავართა გამოსახულების დარჩენილი ფრაგმენტები. მათგან შედარებით უკეთაა შემორჩენლი ტრაპეზის სიახლოვეს „მდგარი“ ლიტურგიის მამად წოდებული წმ. ბასილი დიდი. იგი წარმოდგენილია 3/4-ით ცენტრისკენ მიმართული, თავშიშველი, მუქი თმა-წვერით, წინ გაწვდილი გაშლილი გრაგნილით, რომელზედაც გაირჩევა ქართული ასომთავრულით შესრულებული ტექსტი. წმ. მამათა ქვემოთ დარჩენილია დეკორატიული ფარდის კვალი, რომელიც მოხატულობას ტაძრის დარბაზის კედლებზედაც უნდა ჰქონოდა გარშემოვლებული. საკურთხევლის ბემის თაღში, კონქის ღვთისმშობლის თავის გასწვრივ, ვარსკვლავებიან ლურჯ ფონზე გამოსახულია წითელ რომბში ჩაწერილი „ქრისტე ძველი დღეთაჲ“ ოთხი მახარებლის სიმბოლური გამოსახულებებით. მის ორ მხარეს აქაც საუფლო დღესასწაულებია წარმოდგენილი – „ხარება“ (მარცხნივ) და „შობა უფლისა“ (მარჯვნივ). მათ ქვემოთ ებმის „მირქმა უფლისა“ („ნათლისღების“ გასწვრივ) და „აღდგომა“ („ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა“ – „ჯვარცმის“ გვერდით)” ქვემოთ მოცემულია „იერუსალიმში შესვლა“ (მარცხნივ) და „ლაზარეს აღდგინება“ (მარჯვნივ).

აღნიშნულ გამოსახულებებთან ერთად კამარის საბჯენ თაღზე შემორჩენილია წინასწარმეტყველთა ფიგურები და ნახევარფიგურები, რომელთაგან უკეთ მოჩანს წმ. დავით მეფსალმუნე და წმ. სოლომონი (ზევით), ხოლო სამკვეთლოში გამავალი კარის თავზე წარმოდგენილია ტილოზე აღბეჭდილი მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი – „მანდილიონი“, რომლის სიახლოვეს შემორჩენილია ასომთავრული წარწერის ნაშთი. ეს წარწერა, ისევე, როგორც სხვა განმარტებითი წარწერები, მუქ ლურჯ ფონზე თეთრი აღსანიშნავია, რომ მხატვრობის სტილი, ზოგადად ბერძნულია, კონკრეტულად კი ე.წ. პალეოლოგოსთა ხანას (XIII ს. 60-იანი – XV ს. შუა წლები.) ეკუთვნის. ამას მოწმობს საკურთხევლის დატვირთვა მრავალრიცხოვანი გამოსახულებებით, კომპოზიციების ვრცელი რედაქციები, მათი აგება „ქვემოდან ხედვით“, ფართოდ გაშლილი არქიტექტურული ფონი შენობებზე გადაფენილი ველუმებით, მოქმედებათა დრამატულ-დინამიური ხასიათი, ფიგურების რთული რაკურსები, აქტიური-ჟესტებთ ექსპრესიული მიმიკა, სამოსისა და სახეების მოდელირება მუქი ფუძეების კონსტრასტული გაღიავებითა და მკაფიოდ დატანილი გამოთეთრებული მონასმებით. ეპოქის სტილისთვისაა დამახასიათებელი აგრეთვე ინტენსიური, „დაძაბული“ კოლორიტი, მთების ტეხილი სილუეტები, საფეხუროვანი ქარაფები და სხვ.

მიუხედავად არსებული მხატვრობის დეტალური ანალიზის სირთულისა, სტილის ნიშნები მიგვანიშნებს, რომ „ბიეთა“ უნდა მოეხატათ XIV ს. შუა წლები., ან, შესაძლოა, II ნახ-ში. ამ მოსაზრებას საფუძველს უმყარებს ის ფაქტი, რომ „ფერისცვალება“ საკურთხეველში განსაკუთრებულ ადგილზეა მოთავსებული. ამით მკაფიოდაა ხაზგასმული ის მოძღვრება და მიმდინარეობა, რაც ფართოდ გავრცელდა სწორედ ამ პერიოდში – ვგულისხმობთ გრიგოლ პალამას ისიქასტურ სწავლებას, რომელიც სწორედ უფლის ფერისცვალებასთან, ანუ თაბორის მთის სასწაულთან იყო დაკავშირებული და რაც გახდა XIV ს. 40-იანი წლების ბიზანტიაში (უპირატესად – ათონის მთაზე) დიდი საღვთისმეტყველო განსჯისა და პოლემიკის საგანი. ცნობილია, რომ ისიქაზმმა დიდი გავლენა იქონია ამ დროის როგორც სასულიერო-სამონასტრო ცხოვრებაზე, ისე ხელოვნებაზედაც – მან განაპირობა მთელი რიგი სიახლეები მხატვრულ სტილშიც.

გ. მარსაგიშვილი
ნ. ბურჭულაძე


Logo1.JPG ბიეთი მრავალმნიშვნელოვანი

ლიტერატურა

  • ბერიძე ვ., სამცხის ხუროთმოძღვრება, XIII-XVI საუკუნეები, თბ., 1955;
  • ბოჭორიძე გ., მოგზაურობა სამცხე-ჯავახ- ეთში, თბ., 1992;
  • თაყაიშვილი ე., МАК-XII, Ахалцихский уезд, биети, М., 1909.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები