ბინე ალფრედ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბინე ალფრედ

ბინე ალფრედ - Binet Alfred, Бине Альфред, 1857-1911

ფრანგი ფსიქოლოგი, საფრანგეთში ესპერიმენტული ფსიქოლოგიის ერთერთი ფუძემდებელი. ცნობილია პირველ რიგში, როგორც ფსიქოლოგიაში გონებრივი განვითარების დონის პირველი პრაქტიკული ფსიქოლოგიური ტესტის, ინტელექტის ტესტის ავტორი (თ. სიმონთან ერთად).

სამედიცინო და იურიდიული განათლების მიღების მერე დაინტერსდა ფსიქოლოგიით და დაიწყო მუშაობა ჟ.მ. შარკოსთან სალპეტრიერის კლინიკაში, სადაც იკვლევდა ჰიპნოზის და ისტერიის პრობლემატიკას. 1990 წლიდან დაიწყო თანამშრომლობა თ. ბიუნისთან სორბონის ფსიქოლოგიურ ლაბორატორიაში და 1994 წლიდან მისი ხელმძღვანელი გახდა. ამავე წელს დააარსა პირველი ფსიქოლოგიური ჟურნალი საფრანგეთში („L’Annee Psychologique”). 1903 წლიდან სათავეში ჩაუდგა გონებრივად ჩამორჩენილი, „რთული ბავშვების” პრობლემის შემსწავლელ სამთავრობო კომისიას. სპეციალურ სკოლებში მათი გამწესების ამოცანიდან გამომდინარე, ხელი მოჰკიდა გონებრივი განვითარების გამზომი ინსტრუმენტის შექმნას და ფსიქიატრ თეოდორ სიმონთან ერთად, 1905 წელს შექმნა ამჟამად საყოველთაოდ ცნობილი ინტელექტის გამზომი სკალა (ბინე-სიმონის ტესტი). ამით ბინემ საფუძველი დაუდო თანამედროვე ფსიქოდიაგნოსტიკის ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებას.

ბინემ ნაყოფიერად იღვაწა სპეციალური ფსიქოლოგიის, პედაგოგიკური ფსიქოლოგიისა და პათოფსიქოლოგიის დარგებში. ამავე დროს, ბინე კოგნიციური პროცესების და, კერძოდ, აზროვნების ექსპერიმენტულ კვლევის ერთერთი პიონერია. ვიურცბურგის სკოლის წარმომადგენლებთან ერთად მან სრულიად ახლებურ მიდგომას ჩაუყარა საფუძველი. იგი ებრძოდა აზროვნების ასოციაციონისტურ გაგებას და თავის კვლევაში ვიურცბურგელების მსგავსი შედეგები მიიღო: აზროვნების ძირითადი ფსიქიკური შინაარსების (აზრების) განსხვავება თვალსაჩინო წარმოდგენებისაგან და „უხატო” აზროვნების არსებობა {არათვალსაჩინო აზროვნება}. ბინეს სიტყვებით, ხატი წიგნის გრავიურების მსგავსია; ისევე როგორც რამდენიმე ილუსტრაცია ვერ გაგვაგებინებს წიგნის შინაარსს, ხატიც ვერ მოგვცემს იმ შინაარსს, რომელიც იაზრება ხატის (წარმოდგენის) განცდისას. აზროვნება, საზოგადოდ, მწირია თვალსაჩინო შინაარსით. მეტიც, აზროვნება ძალიან ხშირად სულ მოკლებულია ხატებს და მხოლოდ არათვასაჩინო აზრებით მოქმედებს. უდავოა, რომ არსებობს უამრავი აზრი, აქტი ან მდგომარეობა, რომლისთვის ადეკვატური ხატის წარმოდგენა შეუძლებელია.

აზროვნების სტრუქტურის გარდა ბინემ მისი პროცესული მხარეც განიხილა. სახელდობრ, აზროვნების მოწესრიგებულობის დასახასიათებლად შემოიღო „აწყობის”, „განწყობის” თუ ატიტუდის (Attitude) ცნება. ის მოაზრებულია, ვითარც შეკავებული სწრაფვა, ტენდენცია მოქმედებისადმი. ესაა „აქტისათვის მზადყოფნის” შინაგანი მდგომარეობა, „შინაგანი მიმიკა”, რომელიც ისე ზოგადად მოხაზავს ინტელექტუალურ აქტებს, როგორც ესკიზი - სურათს. მისი ცნობიერი გამოვლინებებია გაკვირვება, მოლოდინი, ყურადღება, ცნება, მსჯელობა და სხვა.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები