ბიპოლარული აშლილობები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბიპოლარული აშლილობები - გუნებ-განწყობის აშლილობებს, როგორც წესი, რეკურენტობა ახასიათებს და კრეპელინი სწორედ მიმდინარეობით ხელმძღვანელობდა, როცა მანია და დეპრესია ერთ დაავადებად გააერთიანა. მან აღმოაჩინა, რომ დაავადება ძირითადად ერთნაირად მიმდინარეობდა, მიუხედავად იმისა, საწყისი ეპიზოდი მანია იყო, თუ დეპრესია. სწორედ ამიტომ, მან ეს ორი მდგომარეობა მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის კატეგორიაში გააერთიანა.

ეს შეხედულება, საზოგადოდ, მიღებული იყო 1962 წლამდე, სანამ ლეონჰარდმა (Leonhard et al.,) არ შემოგვთავაზა დაყოფა შემდეგ სამ ჯგუფად:

  • პაციენტები, რომელთაც მხოლოდ დეპრესიული აშლილობა აქვთ - უნიპოლარული დეპრესია;
  • პაციენტები, რომლებსაც მხოლოდ მანიაკალური აშლილობა აქვთ - უნიპოლარული მანია;
  • პაციენტები, რომლებსაც როგორც დეპრესიული, ისე მანიაკალური აშლილობა აქვთ - ბიპოლარული.

ჩვენს დროში, როგორც წესი, არ იხმარება ტერმინი „უნიპოლარული მანია“ და მანიის ყველა შემთხვევა ერთიანდება ბიპოლარულ ჯგუფში, რასაც განაპირობებს ის, რომ, მანიაკალურ პაციენტებს თითქმის ყოველთვის უვითარდებათ დეპრესიული აშლილობაც.

იმისთვის, რომ ხაზი გაესვა უნიპოლარულ და ბიპოლარულ აშლილობებს შორის არსებულ განსხვავებაზე, ლეონჰარდმა (Leonhard et al., 1962) აღწერა ამ ჯგუფების მემკვიდრეობითი სხვაობაც, რაც შემდგომი კვლევებითაც დადასტურდ). საზოგადოდ, თანხმდებიან, რომ დეპრესიის დროს ამ ორი ჯგუფის სიმპტომები ძირითადად მსგავსია. უნდა არსებობდეს გარკვეული გადაფარვა ჯგუფებს შორის, რადგან პაციენტებს, რომლებსაც უნიპოლარული დეპრესიის დიაგნოზი აქვთ, შეიძლება მოგვიანებით მანიაკალური სიმპტომებიც განუვითარდეთ. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, უნიპოლარული მდგომარეობები აუცილებლად მოიცავს ბიპოლარულ შემთხვევებს, რომლებიც ჯერ არ გამოვლენილა. ამ შეზღუდვის მიუხედავად, დაყოფა უნიპოლარულ და ბიპოლარულ აშლილობებად მკურნალობის თვალსაზრისით ძალიან მოსახერხებელია.

ბიპოლარული აშლილობების კლასიფიკაცია

ICD-10 DSM IV
მანიაკალური ეპიზოდი ჰიპომანიაკალური ეპიზოდი
ჰიპომანია მანიაკალური ეპიზოდი
მანია მსუბუქი
მწვავე
მწვავე ფსიქოზური სიმპტომებით
ბიპოლარული აფექტური აშლილობა ბიპოლარული I და ბიპოლარული II აშლილობები
მიმდინარე ეპიზოდში ჰიპომანიით მიმდინარე (ან უკანასკნელი ეპიზოდი)
მიმდინარე ეპიზოდში დეპრესიით მანია*
მიმდინარე ეპიზოდში შერეული აშლილობით დეპრესია
ბიპოლარული აშლილობა რემისიის მდგომარეობაში შერეული
ციკლოთიმია ციკლოთიმია
*გამორიცხავს ბიპოლარულ II აშლილობას

ორივე კლასიფიკაციაშო მანიას ჰიპომანიისგან განასხვავებს სიმპტომების ხანგრძლივობა, ფსიქოზური ნიშნების არსებობა, სოციალური და სამსახურეობრივი ფუნქციონირების გაუარესება. სიმწვავისა და ფსიქოზური სიმპტომების არსებობის ან არარსებობის მიხედვით, მანიაკალური ეპიზოდი შესაძლებელია დაიყოს ქვეჯგუფებად; DSM-IV კლასიფიკაციის მიხედვით მანიის ან ჰიპომანიის ერთი კონკრეტული ეპიზოდის არსებობა საკმარისია ბიპოლარული აშლილობის კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად. ICD-10-ის თანახმად კი, ამ დიაგნოზის დასასმელად, სახეზე უნდა იყოს მინიმუმ ორი ეპიზოდი. DSM-IV კლასიფიკაცია ბიპოლარულ აშლილობებს ორ ნაწილად ყოფს:

  • ბიპოლარული I აშლილობა (საკმარისია მინიმუმ ერთი მანიაკალური ეპიზოდის არსებობა);
  • ბიპოლარული II აშლილობა (როდესაც იყო ჰიპომანია და არა მანია).

ბიპოლარული II აშლილობის დიაგნოზი ყურადღებას ამახვილებს მსუბუქი ჰიპომანიაკალური ეპიზოდის მნიშვნელობაზე ისეთ შემთხვევებში, როდესაც შესაძლებელია დაისვას რეკურენტული დეპრესიის დიაგნოზი. ასეთი ეპიზოდების არსებობა გავლენას ახდენს მკურნალობის სტრატეგიაზეც. DSM-IV მითითებულია, რომ თუ მანია ან ჰიპომანია გამოწვეულია სომატური მკურნალობით, მაგალითად, ანტიდეპრესანტების მიღებით, მაშინ ვერ დავსვამთ ბიპოლარული I ან ბიპოლარული II აშლილობების დიაგნოზს. თუმცა, უკანასკნელ წლებში ჩატარებულ კვლევათა შედეგების საფუძველზე დაგროვდა მზარდი მტკიცებულებები იმისა, რომ ანტიდეპრესანტებით გამოწვეული მანია ან ჰიპომანია უნდა მივიჩნიოთ ბიპოლარული აშლილობების მაჩვენებლად (Goodwin, 2003).

ჩვეულებრივ, ყველა მანიაკალური ეპიზოდი, დეპრესიული ეპიზოდის განვითარების გარეშეც, ბიპოლარულ აშლილობად განიხილება, ვინაიდან მანიაკალური პაციენტების უმეტესობას საბოლოოდ მაინც უვითარდება დეპრესია. ამასთან, მანიაკალური პაციენტები რამდენიმე მახასიათებლით გვანან ბიპოლარული აშლილობის მქონე პირებს.

ეპიდემიოლოგია

ინდუსტრიულ ქვეყნებში მოსახლეობის უკანასკნელმა გამოკითხვებმა (Kessler et al., 1997) აჩვენა, რომ:

  • სიცოცხლის მანძილზე ბიპოლარული აშლილობის განვითარების რისკი მერყეობს 0.3-დან 1.5 პროცენტამდე;
  • 6 თვეში გამოვლენილი ბიპოლარული აშლილობების შემთხვევათა რიცხვი მნიშვნელოვნად არ განსხვავდება სიცოცხლის მანძილზე დაავადების განვითარების სიხშირისგან, რაც აშლილობის ქრონიკულ ხასიათზე მიუთითებს;
  • ბიპოლარული აშლილობის გავრცელება ქალებსა და მამაკაცებში თანაბარია;
  • მოსახლეობაში ჩატარებული კვლევების შედეგების თანახმად დაავადების საწყისი ასაკია დაახლოებით 17 წელი;
  • ბიპოლარული აშლილობა მაღალი კომორბიდობით ხასიათდება, განსაკუთრებით ხშირია შფოთვითი აშლილობები და ნარკომოხმარება.


  • სტაციონარში ჩატარებული კვლევების თანახმად, ბიპოლარული აშლილობები, ჩვეულებრივ, 21 წლის ასაკიდან იწყება, თუმცა, ზოგადი პოპულაციის კვლევებმა უფრო ადრეული ასაკი (დაახლოებით 17 წელი) აჩვენა. ბიპოლარული აშლილობების გვიანი დასაწყისი იშვიათია და უფრო ხშირად ტვინის ორგანული დაავადებებითაა გამოწვეული;
  • მანიაკალური ეპიზოდის (მკურნალობის ან მკურნალობის არჩატარების შემთხვევაშიც) საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 6 თვეა;
  • მანიაკალური ეპიზოდის მქონე პაციენტთა 90%-ს გუნებ-განწყობის დარღვევების სხვა ეპიზოდები შემდგომშიც უვითარდებათ;
  • ბიპოლარულ პაციენტებს 25-წლიანი დაკვირვების პერიოდში გუნებ-განწყობის საშუალოდ 10 ეპიზოდი განუვითარდათ;
  • ეპიზოდებს შორის ინტერვალი, ასაკისა და ეპიზოდების რაოდენობის ზრდასთან ერთად, პროგრესულად მცირდება.
  • თითქმის ყველა მწვავე აფექტური ეპიზოდის შემდეგ პაციენტი გამოდის მდგომარეობიდან, თუმცა, დაავადების საბოლოო გამოსავლის პროგნოზირება რთულია.
  • ბიპოლარული პაციენტების დაახლოებით 20%-ს 5 წლის მანძილზე კარგი სოციალური და პროფესიული ფუნქციონირება და კლინიკური სტაბილურობა აღენიშნება. ბიპოლარული II ტიპის აშლილობის შემთხვევაში გამოსავალი უფრო კეთილსაიმედოა, მაგრამ ეპიზოდების სწრაფი მონაცვლეობა პროგნოზს აუარესებს.




წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები