ბიულერი კარლ ლიუდვიგ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბიულერი კარლ ლიუდვიგ

ბიულერი კარლ ლიუდვიგ - Bühler Karl Ludwig, Бюлер Карл Людвиг, 1879-1963

გერმანელ-ამერიკელი ფსიქოლოგი და ლინგვისტი. სამედიცინო განათლება მიიღო ფრაიბურგის უნივერსიტეტში, ხოლო ფილოსოფიური - სტასბურგში. 1906-1909 წლებში მუშაობდა ვიურცბურგის უნივერსიტეტში ო. კიულპესთან და ვიურცბურგის სკოლის წარმომადგენელია. პირველი მსოფლიო ომის დროს იყო სამხედრო ქირურგი. შემდეგ ეკავა პროფესორის თანამდებობა, ჯერ მიუნჰენის და დრეზდენის, ხოლო შემდეგ ვენის უნივერსიტეტში. აქ გამოვლინდა ყველაზე მეტად ბიულერის შესაძლებლობები, როგორც მკვლევრისა და მეცნიერების ორგანიზატორისა. მან დააარსა ვენის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი; იყო გერმანიის ფსიქოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი. გერმანიის მიერ ავსტრიის დაპყრობის მერე გადასახლდა ამერიკაში. მუშაობდა მინესოტას და ლოს-ანჟელესის უნივერსიტეტებში.

შემოქმედების პირველ პერიოდში, ვიურცბურგში, ბიულერი აზროვნებას შეისწავლიდა. ინტელექტის სტრუქტურაში გამოყო ელემენტების სამი კატეგორია: ხატები (წარმოდგენები), ინტელექტუალური გრძნობები და თვალსაჩინოებას მოკლებული აზრები (არათვალსაჩინო აზროვნება). ხატობრივ-წარმოდგენითი ბუნების არქონის გამო მათ „წმინდა აზრები” უწოდა, ხოლო ამოცანის გადაწყვეტასთან დაკავშირებულ სპეციფიკურ განცდას კი - „აჰა განცდა” . მოღვაწეობის მეორე პერიოდში ბიულერი განვითარების პრობლემატიკით დაინტერესდა. მან გაბედულად გაავლო პარალელი ცხოველურსა და ადამიანურს, ბიოლოგიურსა და სოციალურ-კულტურულს, ფილოგენეზურსა და ონტოგენეზურს შორის, ცდილობდა, მათი ერთმანეთში გადასვლის უწყვეტობა და თანმიმდევრულობა ეჩვენებინა. განვითარება, საზოგადოდ, მყარ შინაგან კანონზომიერებას ექვემდებარება. უსუსური ახალშობილი ბავშვი სამი წლისთვის შორს იტოვებს განვითარებაში ყველა ცხოველს. მიუხედავად ამისა, ადამიანთა მოდგმა არ არის იზოლირებული ცხოველური სამყაროსაგან, რომელთანაც მჭიდრო ნათესაობა აკავშირებს. ეს უპირველესად იმაში ვლინდება, რომ ცხოველისა და ადამიანის ქცევა თუ ფსიქიკა განვითარების სამ ძირითად სტადიას გაივლის, ესენია: ინსტინქტი (სტერეოტიპული, თანდაყოლილი აქტივობა), დრესურა ანუ დასწავლა (მოქმედების ახალი ფორმების შეძენა) და პრაქტიკული ინტელექტი (პრაქტიკული უნარიანობა). ბიულერის ამ მოსაზრებებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ბიულერი ყველაზე მეტად ადრეული ბავშვობის ხანით იყო დაინტერესებული, განსაკუთრებით კი - ბავშვის მეტყველებით და თამაშით. მას მიაჩნდა, რომ ენის ადგმისას ბავშვი აკეთებს სამ დიდ აღმოჩენას, რომლებიც ამ პროცესს სამ სტადიად ყოფს. პირველ სტადიაზე ბავშვი აღმოაჩენს სიტყვის „მნიშვნელობას” . იგი ხვდება, რომ ბგერათა გარკვეული კომპლექსი იწვევს უფროსთა შესაბამის რეაქციას და იწყებს მის განზრახ გამოყენებას. მეორე სტადიაზე აღმოაჩენს, რომ ყველა საგანს თავისი სახელი აქვს. იგი უკვე თვითონ კი არ იგონებს საგნების სახელებს, არამედ უფროსებისაგან იწყებს სათანადო სახელწოდებათა მოძიებას. მესამე სტადიაზე ბავშვი „გრამატიკის” მნიშვნელოვნებას აღმოაჩენს. იგი ხვდება, რომ მიმართებები საგნებს შორის შეიძლება გამოიხატოს სიტყვის ფორმის ცვლილებით, მაგ.: სათამაშო - სათამაშოები - სათამაშოებს... ბიულერისეულ თამაშის ორიგინალურ კონცეფციაში თამაში მოაზრებულია, როგორც ქცევა, რომელიც თვით მოქმედების პროცესში მიღებული „ფუნქციონალური სიამოვნებით” არის მოტივირებული {თამაშის თეორიები}.

ბიულერმა სერიოზული წვლილი შეიტანა ფსიქოლოგიის მეთოდოლოგიაში. გააანალიზა ფსიქოლოგიური მეცნიერების კრიზისული მდგომარეობა (წიგნი „ფსიქოლოგიის კრიზისი” - 1929 წ.) და საჭიროდ მიიჩნია იმ დროის სამი ძირითადი პარადიგმის - ინტროსპექციულის („სუბიექტურის”), ბიჰევიორისტულის („ობიექტურის”) და კულტუროლოგიურის (ვ. დილთაი) - ინტეგრაცია ერთიან თეორიული სისტემაში {ფსიქოლოგიის კრიზისი}. ბიულერმა შექმნა ენის ორიგინალური თეორია, რომელმაც შემდგომი განვითარება ნახა გამოჩენილი ლინგვისტის, რომან იაკობსონის ნაშრომებში.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები