ბიუჯეტი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბიუჯეტი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა - საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო, რაც შესაბამისად აისახებოდა სახელმწიფო ბიუჯეტზეც. საქართველოს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის ამხანაგის (მოადგილის) სიმონ ავალიანის მონაცემებით, 1918-1919 წლებში შემოსავლით დაფარული იყო სახელმწიფო ბიუჯეტის 25%, ხოლო 1919-1920 წლებში - 40%. მიუხედავად ამისა, საქართველოში იმხანად შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური ვითარება მაინც უკეთესი იყო როგორც მეზობელ ქვეყნებთან (რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი), ასევე, სხვა არაერთ სახელმწიფოსთან შედარებით. ამ თვალსაზრისით, საქართველოს მონაცემები უტოლდებოდა საშუალო ევროპულ მაჩვენებლებს. კერძოდ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის კონსტანტინე კანდელაკის ცნობით, 1919-1920 წლებში სახელმწიფო შემოსავლით დაფარული იყო ქვემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების სახელმწიფო ბიუჯეტის შემდეგი ნაწილი: გერმანიაში - 11,7 %; ესტონეთში - 21,7%; პოლონეთში - 22,0%; რუმინეთში - 27,6%; იტალიაში - 29,8%.

საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ვითარების შედარებით სტაბილურობას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგენი ხსნიდნენ რუსეთის იმპერიის დანგრევის შემდეგ ჩვენში დარჩენილი სახელმწიფო ქონების ვითომდაც „დიდი რაოდენობით“. აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ იმ პერიოდში წარმოქმნილ ყველა ახალ სახელმწიფოს დარჩა უძრავ-მოძრავი ქონება იმ ქვეყნებისა, რომელთაც ისინი გამოეყვნენ. ეს მოვლენა სრულებით ბუნებრივად მიიჩნევა საერთაშორისო პრაქტიკაში. კ. კანდელაკი წერდა: „თქმა იმის, რომ ამ ქონებამ რაიმე თვალსაჩინო როლი ითამაშა, ან შეეძლო ეთამაშა დამოუკიდებელ საქართველოს სახელმწიფო ფინანსების გასამაგრებლად, სრული ფანტაზიის ნაყოფია. ეს ქონება შესდგებოდა უმთავრესად სამხედრო ამუნიციის (იარაღი, ჯარის ტანსაცმელი, წითელი ჯვრის საგნები) და სატრანსპორტო საშვალებათა მასალისაგან, რომელიც დანიშნული იყო დროებით დაპყრობილ ტერიტორიაზე (ტრაპიზონი, ერზრუმი და სხვ.) რკინიგზების გასაყვანად და იქ საერთოდ მისვლა-მოსვლის გასაუმჯობესებლათ (წვრილ ლიანდაგის რელსები, ძალიან შელახული ავტომობილები, შინები, სარემონტო მასალა)...

როცა დამოუკიდებელი საქართველო დაეცა, მას დარჩა ვალი დაახლოებით სულ არა უმეტეს ერთი მილიონი ფრანკის, კერძო ბანკებისაგან თუ კერძო პირთა და დაწესებულებათაგან შემთხვევით და მოკლე ვადით აღებული, უმთავრესად სასურსათო საქმესთან დაკავშირებით; ხოლო იმავე დროს მისი ემართა ერთ დიდ უცხო სახელმწიფოს (აქ იგულისხმება დიდი ბრიტანეთი. ნ. ჯ.) მისთვის და მის ანგარიშზე დამოუკიდებელ საქართველოს მიერ გაღებული ოთხჯერ მეტი თანხა!“

სსრ კავშირის ხელისუფლების მიერ დადგენილ იდეოლოგიურ ჩარჩოებში მოქცეული მკვლევრები იძულებულნი იყვნენ, რომ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში არსებული მდგომარეობა და, მათ შორის, სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაც მაქსიმალურად უარყოფით ჭრილში წარმოეჩინათ. ასეთი არაობიექტური მიდგომის ერთ-ერთ ნიმუშს წარმოადგენს საქართველოს კომუნისტური პარტიის პირველი მდივნის (1938-1952 წლებში) კანდიდ ჩარკვიანის გამოკვლევა, სადაც ავტორი ცდილობს, არა მხოლოდ გააკრიტიკოს, არამედ სასტიკად დაგმოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც იგი „ანტიხალხურს“ უწოდებს.

ნიკო ჯავახიშვილი


ლიტერატურა

  • „Экономическая жизнь“, Тб., 1920, №1;
  • კ. კანდელაკი, საქართველოს ეროვნული მეურნეობა, წიგნი II, დამოუკიდებელი საქართველო, მისი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, პარ., 1960; კ. ჩარკვიანი, ქართველი მენშევიკების ანტიხალხური ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ, თბ., 1970;
  • ნ. ჯავახიშვილი, ქართული ბონისტიკა, თბ., 1996;
  • ნ. ჯავახიშვილი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბონები (1919-1921 წწ.), თბ., 1998.

იხილე აგრეთვე

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბიუჯეტის განხილვა და დამტკიცება (1919-1920)

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები