ბიჭვინთის იადგარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბიჭვინტის იადგარი (XVI-XVII), აფხაზეთის საკათოლიკოსოს დიდი იადგარი. „ბიჭვინტის იადგარის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი ძველი ქართული საეკლესიო სამართლის ერთ-ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი და მრავალმხრივ საინტერესო ძეგლია. ის „იადგარად“ იწოდება თვით ტექსტში. სპარსული წარმომავლობის ეს ტერმინი, რაც „სამახსოვროს“, „დასახსომებელს“ ნიშნავს, ქართულ სინამდვილეში აღნიშნავდა როგორც სადღესასწაულო საგალობლების კრებულს, ისე იურიდიულ აქტებს და სიგელის, გუჯრის, დავთრის... სინონიმად იხმარებოდა.

„ბიჭვინტის იადგარის“ დედანი დაწერილია ეტრატის მოზრდილ გრაგნილზე (ზომები: 222 X 18 სმ) ნუსხურით. დაცულია საქართველოს საისტორიო არქივში, ფ. 1448-5033. შემონახულია დედნიდან გადმოწერილი ორი ასლიც (Ad 2118, Sd 3677).

„ბიჭვინტის იადგარის“ ტესტში გაერთიანებულია აფხისაზეთ (დასავლეთ საქართველოს), ანუ ბიჭვინტის საკათოლიკოსოს საგადასახადო შეუვალობის, ადგილ-მამულების შეწირულობისა და საგანგებოდ მისთვის სისხლის სამართლის ნორმათა განსაზღვრის შესახებ, XVI ს. დასავლეთ საქართველოს მეფეებისა და მთავრების მიერ ბოძებული სხვადასხვა იურიდილიუ აქტის ძირითადი მონაცემები. ამგვარი ტექსტის შედგენის, ე.ი. საკათოლიკოსო არქივში დაცული სხვადასხვა საბუთიდან ცნობების ამოკრებისა და ერთ დოკუმენტში თავმოყრის ინიციატორი, წყალობა-შეწირულობების მიმღები მხარე, ანუ ადრესატი ბიჭვინტის საკათოლიკოსო იყო – „ბიჭვინტის იადგარს“ სწორედ კათოლიკოსები ამტკიცებენ თავიანთი ხელმოწერებით. ეს თავისებურება „ბიჭვინტის იადგარს“, როგორც დიპლომატიკურ ძეგლს, აქცევს იურიდიული აქტების ერთ-ერთ სახეობაში, რომელიც ე.წ. „თავისუფალი ასლების“ სახელწოდებითაა ცნობილი. ასეთი ტიპის ასლები, რომელთა შინაარსი ცალკეული საბუთების დედნებს ემყარებოდა, პრაქტიკული მიზნებით იქმნებოდა.

„ბიჭვინტის იადგარი“ თავდაპირველად XVI ს. 30-იან წწ. შეადგინეს ბიჭვინთის კათოლიკოსის, მალაქია I აბაშიძის (XVI ს. I ნახ.) ბრძანებით. ამ დროს გაერთიანდა საკათოლიკოსოსთვის მეტად მნიშვნელოვანი ორი საბუთი, ბოძებული იმერეთის მეფის, ბაგრატ III-ის (1510-1565), მიერ მისი მეფობის დასაწყისში. ეს საბუთები იყო საგადასახადო შეუვალობისა (იმუნიტეტის) და საკათოლიკოსოსათვის სისხლის სამართლის ნორმათა განმსაზღვრელი დოკუმენტები. ეს ერთიანი საბუთი თავისი ხელმოწერით დაამტკიცა კათოლიკოსმა მალაქიამ, შემდეგ ხელი ჩაურთო მომდევნო კათოლიკოსმა, ევდემონ I-მა (ჩხეტიძე, XVI ს. 30-60-იანი წწ.). ამ სახით მიაღწია „ბიჭვინტის იადგარმა“ XVII ს. დასაწყისამდე. 1604-1616 წწ. შორის ბიჭვინტის კათოლიკოსმა, ეფთვიმე I-მა (საყვარელიძე, 1578-1616), „ბიჭვინტის იადგარი“ თავიდან გადაწერა, წაუმძღვარა ვრცელი საღვთისმეტყველო ხასიათის შესავალი, რომელიც იმერეთის მეფის, ბაგრატ III-ის მიერ ბოძებული ერთ-ერთი შეწირულობის სიგელის ტექსტიდან გადმოიღო და მასთან ერთად მოათავსა სასისხლო განჩინებების პრეამბულა; ამის შემდეგ შეიტანა მეფეებისა და მთავრების მიერ ბოძებული შეწირულობების საბუთების მონაცემები, დალაგებული და გაერთიანებული გარკვეული გეგმით. ამას დაუმატა სისხლის სამართლის განჩინებები; ბოლოში დაურთო შეწირულობების შემაჯამებელი და მთელი წინამავალი თხრობისათვის საერთო ბრალთა გადამხდელობის ფორმულარები. „ბიჭვინტის იადგარის“პირვანდელი ტექსტიდან გადმოიღო მალაქია და ევდემონ კათოლიკოსების ხელრთვები, რომელთა შემდეგ საკუთარი ხელმოწერაც დასვა. აქედან მოკიდებული XVII ს. ბოლომდე „ბიჭვინტის იადგარს“ თითქმის ყველა კათოლიკოსის ხელრთვა ჰქონდა.

„ბიჭვინტის იადგარის“ თავისუფალ, დაუწერელ გვერდებსა და არშიებზე XVII ს. დასაწყისიდან XVIII ს. დამდეგამდე სხვადასხვა შინაარსის ოცამდე საბუთია მიწერილი, რომელთა საერთო მოცულობა თვით ძირითად ტექსტს აღემატება.

„ბიჭვინტის იადგარი“ და მისი მინაწერი საბუთები ბიჭვინთის საკათოლიკოსოს XVI-XVII სს. ისტორიის ფასდაუდებელი დოკუმენტური წყაროა. ბიჭვინტის საკათოლიკოსოს საზღვრები, ადგილ-მამულების, აზნაურების, მოლაშქრე და მებეგრე გლეხების მფლობელობა იმერეთში, გურიაში, ოდიშსა და აფხაზეთში, საკათოლიკოსო ტაძრის ყმა-მსახურების, გლეხების, უძრავ-მოძრავი ქონების ხელშეუხებლობის სამართლებრივი გარანტიები, საგანგებოდ საკათოლიკოსოს განჩინებით, გამოტანილი სისხლის ფასები (ვერგესდფგასდფლდი). საგადასახადო შეუვალობა – აი, არასრული ჩამონათვალი საკითხებისა, რომელთა შესასწავლად „ბიჭვინტის იადგარი“ უხვ და ძვირფას მასალას შეიცავს. ამ დოკუმენტში დაცული ცნობები უაღრესად ფასეულია დასავლეთ საქართველოს ისტორიული წარსულის სხვადასხვა პრობლემის კვლევისათვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე აფხაზეთის ისტორიის ტოპონიმიის, ანთროპონიმიის, ეთნიკური, ენობრივი და რელიგიური სიტუაციის, ამ მიმართულებით XVII ს. ბოლოს მომხდარი ცვლილებებისა და სხვ. საკითხების მეცნიერული შესწავლისათვის.

გარკვეული დროის განმავლობაში ზოგიერთი მკვლევრის მიერ „ბიჭვინტის იადგარი“ უჩვეულო აგებულებისა და მასში მოტანილი ზოგიერთი ცნობის სხვა წყაროებში დაუდასტურებლობის გამო ნაყალბევ საბუთად იყო მიჩნეული. შემდგომმა წყაროთმცოდნეობითმა კვლევამ დაადასტურა, რომ მისი ყველა ინფორმაცია ავთენტურ მასალას ემყარება, რაც ძეგლის ნამდვილობისა და მისი ცნობების სანდოობის მაჩვენებელია.

გ. არახამია

ლიტერატურა

  • ანთელავა ი., XI-XV სს. საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიის საკითხები, თბ., 1980;
  • არახამია გ., ბიჭვინტის იადგარი (წყაროთმცოდნეობითი გამოკვლევა), თბ., 2009;
  • ბროსე მ., არქეოლოგიური მოგზაურობა სამეგრელოსა და აფხაზეთში, თბ., 2011;
  • კაკაბაძე ს., აფხაზეთის საკათალიკოსო დიდი დავთარი, „საისტორიო მოამბე“, წ. 2, ტფ., 1925;
  • ლომინაძე ბ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, (სენიორიები), ტ. 1, თბ., 1966;
  • მუსხელიშვილი ლ., დასავლეთ საქართველოს გლეხობის სოციალურ-ეკონომიური კატეგორიები XVI-XVI1 სს. „ენიმკის მოამბე“, 1940, ტ. 5-6;
  • სურგულაძე ი., ქართული სამართლის ისტორიის წყაროები, თბ., 1984;
  • სურგულაძე მ., ქართული დიპლომატიკის ისტორიიდან, „ბიჭვინტის იადგარი“, კრ.: „მრავალთავი“, 1999, № 18;
  • ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 1, თბ., 1963;
  • ხახანაშვილი ა., გუჯრები, ტფ., 1891;
  • Хаханов А., Дополнение к грузинским каталиксовым законам., Юридический Вестнит, 1892, №11

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები