ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბიჭვინტის ღვთისმშობლის ხატი

ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატიაფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) საკათოლიკოსოს მთავარი მფარველი ხატი. ჩვენამდე მოაღწია ბიჭვინტის ღვთისმშობლის იმ ხატმა, რომელიც, მასზე გაკეთებული ასომთავრული წარწერის მიხედვით, აფხაზეთის კათოლიკოს ევდემონ I ჩხეტიძის (1541; 1557-1578) ბრძანებით 1568 წ. „მოიჭედა და სრულ იქმნა“ და დაბრძანებულ იქნა „ტაძარსა წმიდისა ღთისმშობლისასა ბიჭოინტას“.

სარჩევი

ისტორია

აფხაზეთის საკათოლიკოსოს კათედრალს ბიჭვინტის ღვთისმშობლის ტაძარი წარმოადგენდა, ამიტომ აფხაზეთის საკათოლიკოსო ბიჭვინტის საკათოლიკოსოდაც იწოდებოდა, მისი მთავარი ხატი – ბიჭვინტის ღვთისმშობლად, ხოლო თვით აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოსი – „ბიჭვინტის ღვთისმშობლისა საჭეთმპყრობელ კათალიკოსად“.

ისტორიული საბუთებიდან ჩანს, რომ „ბიჭვინტის ღვთისმშობელი“ გულისხმობდა:
1) ღვთისმშობლის ხატს;
2) აფხაზეთის საკათოლიკოსოს საკათედრო ტაძარს (თავდაპირველად – ბიჭვინტის ღვთისმშობლის ტაძარს, ხოლო შემდეგ – გელათის წმ. გიორგის ეკლესიას);
3) დასავლეთ საქართველოს, ანუ აფხაზეთის საკათოლიკოსოს მთლიანად.

დასავლეთ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, XVI ს. შუა ხანებში საკათოლიკოსო რეზიდენცია ბიჭვინტიდან აფხაზეთის საკათოლიკოსოს ერთ-ერთ საეპარქიო ცენტრში – გელათში – იქნა გადატანილი. ამ დროიდან, როგორც აფხაზეთის კათოლიკოსის, ისე გაენათელი (გელათელი) ეპისკოპოსის კათედრალი გელათი გახდა (თუმცა ბიჭვინტის ტაძარი ბოლომდე ითვლებოდა საკათედრო ტაძრად). აფხაზეთის კათოლიკოსები იმერეთის მეფის, ბაგრატ III-ის (1510-1565) მიერ ახლად აღდგენილ გელათის წმ. გიორგის ეკლესიაში დამკვიდრდნენ, ხოლო გაენათელი ეპისკოპოსები ღვთისმშობლის მთავარ ტაძარში დარჩნენ. გელათშივე იქნა გადმობრძანებული ბიჭვინტიდან აფხაზეთის კათოლიკოს ევდემონ I ჩხეტიძის დაკვეთით 1568 წ. დამზადებული ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატი. კათოლიკოსის გადმობრძანება და ხატის გადმოსვენება ბიჭვინტიდან გელათს ერთდროულად უნდა მომხდარიყო, ხატი ყოველთვის დაბრძანებული იყო იქ, სადაც იმყოფებოდა კათოლიკოსი. აღსანიშნავია ისიც, რომ კათოლიკოსს ისევე მიმართავდნენ, როგორც ბიჭვინტის ღვთისმშობელს: „ბიჭვინტის ღვთისმშობელი“ – „ბიჭვინტის კათალიკოსი“; „ბატონი ბიჭვინტისა ღვთის-მშობელი“. „ბატონი კათალიკოზი“; „ჩრდილოეთისა და აფხაზეთისა დედაქალწული... ბიჭვინტისა ღვთისმშობელი“ – „ჩრდილოეთისა და აფხაზეთისა კათალიკოზი“ და სხვ.

განსაკუთრებული თაყვანისცემა, შიში და კრძალვა ბიჭვინტის ღვთისმშობლისადმი ჩანს ჩვენამდე მოღწეულ საეკლესიო საბუთებში დაცულ მისდამი მიმართვის ფორმაში: „ქ. ეჰა შვიდთავე ცათა უმაღლესო... ჩრდილოეთისა და აფხაზეთის დედაქალწულო და დიდისა ემბაზისა ბიჭვინტისა ღვთისმშობელო და მარადის ქალწულო მარიამ“, „შენ შვიდ ცათაო უმაღლესო და ქერაბინთა უზეშთაესო, ჩვენო სასოებავ და შესავედრებელო, ტკბილო და მოწყალევო, მეოხო და ნუგეშინისმცემელო ბიჭვინტისა ღმრთისმშობელო“ და სხვ.

ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატს სწირავდნენხატებს, საეკლესიო ნივთებს; ეკლესია-მონასტრებს, ყმა-მამულს, სასახლეებს და სხვ., შემწირველები კი იყვნენ საეკლესიო პირები (კათოლიკოსები, ეპისკოპოსები, წინამძღვრები), მეფეები; დიდებულები; მთავრები, აზნაურები.

წმ. ანდრია პირველწოდებულის ქადაგების გამო საქართველოში, კერძოდ კი, დასავლეთ საქართველოში ქადაგების გამო, სხვადასხვა პერიოდის საეკლესიო საბუთებში დასავლეთ საქართველოს ეკლესია (აფხაზეთის საკათოლიკოსო) ითვლებოდა წმ. ანდრია პირველწოდებულის საყდრად, ანუ ტახტად, რის გამოც ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატი იხსენიება დასვენებულად, ხოლო აფხაზეთის კათოლიკოსი – მჯდომარედ წმ. მოციქულის საყდარზე. XV ს. (1470-1474) საბუთში ვკითხულობთ: „ვაკურთხეთ კათალიკოზი იოვაკიმ, მარჯუენალ იერუსალიმისა, აფხაზეთისა კათალიკოსი... დავაყენეთ და დავსვით აფხაზეთს, საყდართა მათ ანდრია მოციქულისათა, ყოველთა ქრისტიანეთა ლიხთ-ამერსა, ოდიშისა, გურიისა და აფხაზეთისა“. კათოლიკოსმა იოსებ I ბაგრატიონმა (1769-1776 წწ.) 1770 წ. განაახლა საკათოლიკოსო მამულები ანდრია პირველწოდებულის სახელობის საყდრისა და მასზე „განსვენებული“ ბ.დ.ხ-ის სადიდებლად.

XIX ს. ხატმა მიიპყრო მეცნიერთა ყურადღება. პირველი მათ შორის იყო ფრანგი ქართველოლოგი მ. ბროსე. მან სათანადო კომენტარებით გამოაქვეყნა ხატის წარწერა ქართულ და ფრანგულ ენებზე. ხატი აღწერა და მისი წარწერა რუსულად გამოაქვეყნა ა. მურავიოვმა. წარწერა გამოაქვეყნეს აგრეთვე გ. წერეთელმა, ალ. ცაგარელმა, თ. ჟორდანიამ. ამ პუბლიკაციებში წარწერის ტექსტი გადმოცემულია არასრულად და ხარვეზებით. ტექსტის სრული პუბლიკაცია ეკუთვნის ბ. ლომინაძეს, რ-მაც მას სათანადო კომენტარები დაურთო. ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატი და მისი ასლი აღწერა, იკონოგრაფიულად შეისწავლა და ორივე ხატის წარწერა ორიგინალში (ასომთავრულად) პირველად გამოაქვეყნა თ. ქორიძემ.

1889 წ. საქართველოში იმყოფებოდა რუსეთის აკადემიის წევრი, ხელოვნებათმცოდნე ნ. კონდაკოვი, რომელმაც დ. ბაქრაძესთან ერთად მოიარა ეკლესია-მონასტრები, ძირითადად, დასავლეთ საქართველოში. გელათში მან ნახა და აღწერა ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატი, დაურთო კომენტარები, თუმცა მცირე უზუსტობებით. ნაშრომში – „ღვთისმშობლის იკონოგრაფია“ – მან აღწერა მსოფლიოში ცნობილი ღვთისმშობლის ხატები, მათ შორის ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატი., რომელიც როგორც ჭედური ხელოვნების შესანიშნავი ნიმუში, ასევე დაწვრილებით აღწერეს გ. ჩუბინაშვილმა და თ. საყვარელიძემ.

აღწერა

ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატი არის ხატი-სანაწილე (ზომით 39.5 X 323 სმ) ოდიგიტრიის ტიპის ღვთისმშობლის გამოსახულებით. ხატის ზედაპირი ოქროსია, რომლის ცენტრში გამოსახულია ფეხზე მდგომი ღვთისმშობელი მარცხენა ხელში ყრმა მაცხოვრით. მაცხოვარს მარცხენა ხელში გრაგნილი უჭირავს, ხოლო მარჯვენით კურთხევას იძლევა. ღვთისმშობლის თავთან ჩარჩოზე მოთავსებულია ასომთავრული წარწერა – „ყ(ოვლა)დ წ(მიდა)ჲ ი(ეს)უ ქ(რისტ)ე“. ღვთისმშობლის ირგვლივ მთელი ტანით გამოსახულია ოთხი ფიგურა. მათ ვინაობას გვამცნობს ხატის ჩარჩოზე განთავსებული ასომთავრული წარწერები, საიდანაც ირკვევა, რომ ხატის ზედა ნაწილზე ღვთისმშობლის გასწვრივ, ხელში კვერთხითა და სკიპტრით, გამოსახული არიან მთავარანგელოზები – მიქაელი და გაბრიელი, ხოლო ქვედაზე – წმ. იოანე ნათლისმცემელი და წმ. იოანე ოქროპირი. ხატის ჩარჩო მორთულია სტილიზებული მცენარეული მოტივით, ხოლო მთლიანად ხატის ზედაპირი შემკულია მარგალიტებით, პატიოსანი და ნახევრად პატიოსანი თვლებით (სულ – 274). ხატის გვერდები და ზურგი, აგრეთვე სანაწილე უჯრები, რომლებიც 36 ნაწილად არის დაყოფილი და მათ შუა ჯვრის ცარიელი ბუდეა დარჩენილი, ვერცხლისაა. სანაწილეში ჩასვენებულია წმ. ნაწილები – ცვილში ამოვლებული წმინდანის ძვლები (სამწუხაროდ, შეუძლებელია წმინდანის იდენტიფიცირება). სანაწილეს ზურგზე, ანუ ხატის უკანა მხარეს, გამოსახულია კვარცხლბეკზე აღმართული ჯვარი, რომლის ფონზედაც განთავსებულია 14-სტრიქონიანი ასომთავრული წარწერა, რომელიც ასე იკითხება: „ქ. პ(ირვე)ლვე მოგასწავეს, ყ(ოვლა)დ უხრწნ(ე)ლო მწყობრმ(ა)ნ წ(მიდამა)ნ წ(ინას)წ(არმეტ)ყ(ვე)ლთამ(ა)ნ. დ(ავი) გიწოდა კიდობნად სიწ(მიდ)ისა სოლომ(ო)ნ ცხედრად და ესაია ღრუბლად და კ(ვალა)დ მშ(ო)ბლად ეიმანოელისა. ხ(ოლო) აწ მეცა მრწმ(უ)ნებელმ(ა)ნ ამათმ(ა)ნ ხ(ე)ლვყ(ა)ვ შემკობად ხ(ა)ტ(ი)სა შ(ე)ნ(ი)სა წ(მიდის)ა. ჩრდილოსა და ყ(ოვლ)ისა აფხაზეთისა კ(ათალიკო)ზმ(ა)ნ ევდემონ, რ(ათ)ა ღირს მყო მ(ა)რჯ(ვე)ნით ძისა შე(ნი)სა მდგომარეთა. ქ. წყ(ა)ლ(ო)ბითა ზეშთა ვემესხრისა ღ(ვთ)ისათა მე ყ(ოვლ)ისა ჩრდილოეთისა და აფხაზეთისა კ(ათალიკო)ზმ(ა)ნ ევდემონ ჩხეტისძემ(ა)ნ მოვაჭედინე და შევამკევ ხ(ა)ტი ესე ყ(ოვლა)დ წ(მიდ)ისა დედოფლისა ჩ(ვე)ნისა ღ(ვ)თისმშობლისა და მარადის ქ(ალ)წ(უ)ლისა მარიამისი ძითურთ. თავი ხატი ოქროთა და თ(ვ)ალთა მ(იე)რ და მარგალიტითა ბრწყინვალედ გ(ა)ნვ(ა)-შვ(ე)ნე, ხ(ოლო) გარეშემო პ(ა)ტივი და კარნი ვე(რ)ცხლითა, დავასვენე ტ(ა)ძარსა წ(მიდ)ისა ღთ(ი)სმშობლისასა ბიჭოინტას, სალოცველად და საუკუნოდ მოსახსენებელად და შესანდობლად და სალხინებელად ც(ო)დვ(ი)ლისა ს(უ)ლისა ჩე(მ)ისა და ც(ო)დვათა ჩ(ე)მთა მოსატ(ე)ვ(ე)ბელად ა(მი)ნ. ქ(რისტ)ე შ(ეიწყალ)ე ს(უ)ლითა დადიანი მამიაი და მ(ეო)ხ ეყავ ს(აუ)კ(უ)ნოდ და ძე მისი დადიანი ლეონ ადიდე ღ(მერ)თო ორთავე შ(ინ)ა ცხ(ო)რებ(ა)თა ა(მი)ნ. ხოლო მოიჭედა და სრ(უ)ლ იქმნა ხ(ა)ტი ესე ქ(რონი)კ(ონ)სა სნვ. დასაბამითგ(ა)ნ წელთა ოვ. ქ(რისტე)ს მოსლვითგ(ა)ნ წ(ე)ლთა ჩფ ინდიკტიონსა ია ხ(ოლო) ჩ(უე)ნ ზ(ედ)ა მეოფებასა ქ(რისტეს) ღ(ვთ)ისა ჩ(ვე)ნისასა“.

ბიჭვინტის ღვთისმშობლის ხატი. წარწერის ფრაგმენტი

წარწერიდან ირკვევა, რომ ეს ხატი კათოლიკოსმა ევდემონ I-მა დაამზადებინა თავისი სულის „შესანდობლად და სალხინებელად“. „თავი ხატი“, ანუ საკუთრივ ხატი – ოქროთი, ხოლო „გარეშემო პატივი და კარნი“, ანუ კარებიანი სახატე (კუბო) – ვერცხლით. აღსანიშნავია, რომ 1776 წ. შედგენილ საკათოლიკოსო განძეულობის ნუსხაში ჩამონათვალ ნივთებს შორის პირველი იხსენიება „ქ. ბიჭვინთისა ღთისმშობელი თავის ვეცხლის კუბოთი“. ჩანს, ნუსხის შემდგენელი „ვერცხლის კუბოში“ გულისხმობდა ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატის სწორედ ამ კარებიან სახატეს, რომელიც დღესდღეობით დაკარგულია. წარწერაში მოხსენიებული კათოლიკოსი ევდემონ ჩხეტიძე ეკლესიის გამოჩენილი მოღვაწე და მწიგნობარი იყო. მისი თაოსნობით ჩატარდა საეკლესიო კრება. იყო არაერთი ხატისა თუ საეკლესიო სიწმინდის შემკვეთ-დამამზადებელი, მისი თაოსნობით გადაიწერა მრავალი ხელნაწერი; დაბოლოს, კათოლიკოსი, რომელმაც საკათოლიკოსო რეზიდენცია ქ. ბიჭვინტიდან გელათში გადაიტანა და წმ. გიორგის ეკლესიაში დაამკვიდრა. დაკრძალულია იქვე. საინტერესოა მისი საფლავის ქვის წარწერა: „ქ. განუსვენე სულსა მონისა შენისასა აფხაზეთის კათალიკოზს, ევდემონ ჩხეტიძეს და მე დამარხულმან საფლავთა შინა მეფეთასა, დავახატვინე საყდარი ესე და შევამკე ხატი ბიჭვინტისა ღვთისმშობელი სახსენებელად სულისა ჩემისა, ამინ“. როგორც ჩანს, თავად კათოლიკოს ევდემონს მთელი თავისი მრავალმხრივი მოღვაწეობიდან ყველაზე დიდ დამსახურებად, გელათის წმ. გიორგის მოხატვასთან ერთად, ბ.ღ.ხ-ის მოჭედვა მიაჩნდა. კათოლიკოსს სურდა, რომ მის საფლავთან მისულ შთამომავლობას სცოდნოდა კათოლიკოსის ამ დამსახურების შესახებ

ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატის წარწერა დათარიღებულია ქორონიკონით ქრისტეს მოსვლიდან, ინდიქტიონით – დასაბამიდან, რაც სრულ საფუძველს გვაძლევს, რომ იგი 1568 წ. დამზადებულად მივიჩნიოთ. წარწერაში მოხსენიებული დადიანები – მამია და მისი ძე ლეონი – არიან XVI ს. მოღვაწე სამეგრელოს მთავრები – მამია III და ლევან I. კათოლიკოს ევდემონის მიერ მათი მოხსენიება განპირობებულია იმით, რომ იმ პერიოდში აფხაზეთი და, კერძოდ, ბიჭვინტის ტაძარი ოდიშის სამთავროს შემადგენლობაში შედიოდა. ამიტომ მამია და ლევანი წარწერაში იხსენიებიან, როგორც ამ მხარის მმართველები. გარდა ამისა, შესაძლოა ლევან I-მა კათოლიკოსს მატერიალური დახმარებაც გაუწია ესოდენ ძვირფასი ხატის დამზადებაში.

XIX ს. 40-იან წწ. რუს მოგზაურს, ა. მურავიოვს, ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატი გელათის წმ. გიორგის ეკლესიის კანკელში ჩასმული უხილავს, რომელსაც მთელი აფხაზეთის ქრისტიანობის საფუძველს უწოდებს. იგი ასევე გვამცნობს, რომ გელათში მყოფ აფხაზეთის მაშინდელ მთავარ მიხეილ შერვაშიძეს მისი იქ ყოფნისას განსაკუთრებული მოწიწებით უცია თაყვანი ბიჭვინტის ღვთისმშობლისათვის.

ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატმა დიდ ქარტეხილებს გაუძლო. ბიჭვინტიდან გელათის მონასტერში გადმოსვენებულმა იქ სამ საუკუნეზე მეტ ხანს დაყო. 1921 წ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ქართულ საგანძურთან ერთად პარიზში გაიტანა. 1945 წ. ის დაუბრუნდა საქართველოს. ამჟამად დასვენებულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის საგანძურის საექსპოზიციო დარბაზში.

ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატის ასლი

არსებობს ღვთისმშობლის სხვა ხატიც. XIX ს. 40-იან წწ. ეს ხატი ქუთ. საკათედრო ტაძარში დასვენებული უნახავს მ. ბროსეს. მან გამოაქვეყნა ხატზე არსებული წარწერა ქართულ და ფრანგულ ენებზე (კომენტარებით). ამ ხატით დაინტერესდა ნ. კონდაკოვი, რომელმაც 1889 წ. იგი ნახა ქუთაისის საკათედრო ტაძრის სალაროში, დაწვრილებით აღწერა და მისი წარწერა რუსულ ენაზე გამოაქვეყნა. წარწერა კომენტარებითურთ გამოაქვეყნა მ. ნიკოლეიშვილმა. ხატზე გამოსახულია ოდიგიტრიის ტიპის ღვთისმშობელი. იგი ნაჭედია მოოქრული ვერცხლით (ზომით 29.4 X 14.5 სმ). ხატის წინა მხარეს ცენტრალურ ნაწილში წარმოდგენილია ფეხზე მდგომი ღვთისმშობელი მარცხენა ხელში ყრმა მაცხოვრით. მაცხოვარს მარცხენა ხელში გრაგნილი უჭირავს, მარჯვენით კურთხევას იძლევა. ღვთისმშობლის თავთან ზემოთ გამოსახულია მაცხოვრის ბიუსტი წარწერით – „ი(ეს)უ ქ(რისტ)ე“. ღვთისმშობლის გარშემო, ისევე როგორც 1568 წ. ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატზე განსხვავებულად გამოსახული იგივე ოთხი ფიგურაა, ხატის ზედა ნაწილზე მთავარანგელოზები – მიქაელი და გაბრიელი (წელს ზევით) – სკიპტრისა და კვერთხის გარეშე არიან; ქვემოთ, ღვთისმშობლის მარჯვნივ და მარცხნივ, დგანან წმ. იოანე ნათლისმცემელი და წმ. იოანე ოქროპირი, ამაზე მიუთითებს ხატის ზედაპირზე მათ გასწვრივ ამოკვეთილი ასომთავრული წარწერები.

ხატს აქვს ძალზე ვიწრო, სადა ჩარჩო. მისი ზედაპირი შემკულია მარგალიტებით, პატიოსანი და ნახევრად პატიოსანი 81 თვლით. ორივე ხატზე გამოსახული ღვთისმშობელი გარეგნობით, გამომეტყველებით, ჩაცმულობით, დგომის მანერით ერთმანეთის მსგავსია, ისევე, როგორც მთავარანგელოზები და წმ. მამები. იდენტურია ფიგურათა განლაგებაც, რაც სრულ საფუძველს გვაძლევს, ეს ხატი კათოლიკოს ევდემონ I ჩხეტიძის შეკვეთით დამზადებული ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატის ასლად მივიჩნიოთ. განსხვავებით დედნისაგან, იგი ტრიპტიხი ყოფილა. მის ჩარჩოზე აშკარად შეიმჩნევა კარედების ცენტრალურ ნაწილთან გადაბმის ადგილები – ამას თვითმხილველნიც ადასტურებენ. მ. ბროსე აღნიშნავს, რომ „ბიჭვინტის ღვთისმშობლის ხატი არის სუფთა ოქროსი, შემკული მარგალიტებითა და ძვირფასი ქვებითა და კარებით, ხატი ჩასმულია მოოქროვილ ვერცხლის კარებიან ვერცხლის ყუთში“. ხატის კარედები უფრო დაწვრილებით აღწერა ნ. კონდაკოვმა. ამ აღწერილობით, გარედან კარედებზე მარცხნივ გამოსახული ყოფილა წმ. გიორგი, მარჯვნივ – წმ. თევდორე, შიგნიდან მარცხნივ – წმ. ანდრია პირველწოდებული; მარჯვნივ – წმ. სვიმონი. სამწუხაროდ, ხატი გაუძარცვავთ. დღესდღეობით მისი კარედები, ისევე როგორც ვერცხლის ყუთი, დაკარგულია.

ხატის უკან მოთავსებულია 10-სტრიქონიანი ასომთავრული წარწერა, რომელიც ასე იკითხება: „ეჰა, ყ(ოვლა)დ წ(მიდა) ო დედოფ(ა)ლო, უბიწოე(ბ)ით მშობელო ღ(ვთ)ისა სიტყვისაო, ცათა უვრცელესო ბიჭვინტისა ღ(ვთ)ის მშობელო შე(იწყალე)თ და მეოხ მწე და მფ(ა)რველ ეყვენით წ(ინაშ)ე ძისა შ(ე)ნისა დადიანსა ლეონს და თანამეცხედრესა მათსა დედოფ(ა)ლსა თამარს ორთავე შინა ცხოვრებასა, რ(ომელმა)ნ ინება შექმნა და შემკობა ხატისა ამის თქ(უე)ნისა, ამინ“. წარწერას თარიღი არ ახლავს. დათარიღება ხდება შინაარსის მიხედვით. რადგანაც ლევანის სახელით ცნობილ ოდიშის ხუთ მთავარს შორის მხოლოდ ლევან III-ის თანამეცხედრეს ერქვა თამარი, ამიტომ ამ წარწერის გამომცემლებმა ხატი, სავსებით მართებულად, ლევან III-ის შეკვეთით დამზადებულად მიიჩნიეს მისივე მთავრობის პერიოდში, ანუ 1661-1680 წწ., თუმცა შესაძლებელია ამ დათარიღების უფრო დაზუსტებაც. დასავლეთ საქართველოში გაბატონებული ანარქიისა და შინაფეოდალური ომების შედეგად ლევან III და თამარი რამდენჯერმე დააცილეს ერთმანეთს. მათ ბოლო ქორწინებას 1678-1679 წწ. ჰქონდა ადგილი. სწორედ ამ დროს უნდა დაემზადებინათ ლევან III-ის ბრძანებით ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატის ასლი. საბუთებიდან არ ჩანს, თუ სად იყო თავდაპირველად დასვენებული ხატი. მაგრამ, ცხადია, თავიდან იგი ოდიშის სამთავროს რომელიმე ტაძარში უნდა ყოფილიყო. ამის საფუძველს გვაძლევს XVII ს. I ნახ-ში აფხაზეთის კათოლიკოსების ხშირი ყოფნა სამეგრელოში. მმართველობის გარკვეულ პერიოდში სამეგრელოში იმყოფებოდა კათოლიკოსი ლევან III დადიანიც. ოდიშში ეს ხატი თავისი ძალაუფლების სრულყოფისათვის ესაჭიროებოდა. შესაძლოა, ამ მიზნითაც დაამზადებინა ასლი ლევან III-მ და უბოძა 1675 წ. ბიჭვინტის ღვთისმშობლისათვის შეწირულ ხობის მონასტერს, სადაც კათოლიკოსს ოდიშში ყოფნის დროს წირვა-ლოცვა უნდა აღესრულებინა.

XVII ს. ბოლოდან აფხაზეთის კათოლიკოსები, ძირითადად ქუთაისსა და გელათში იმყოფებოდნენ. საბუთებიდან არ ჩანს, კონკრეტულად, რომელმა კათოლიკოსმა გადმოაბრძანა ეს ხატი ქუთაისის საკათედრო ტაძარში, მაგრამ ფაქტია, რომ XIX ს. 40-იან წწ. ის უკვე ქუთაისშია, 1871 წლიდან კი ქუთაისის ახლად აშენებულ წმ. ალექსანდრე ნეველის ტაძარში (ე. წ. „სობორო“). ამჟამად ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატის აღნიშნული ასლი ქუთაისის ნ. ბერძენიშვილის სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმშია დაბრძანებული.

თ. ქორიძე

წყაროები და ლიტერატურა

  • დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, ს. კაკაბაძის გამოც., წ.•1, ტფ., 1921;
  • საქართველოს სიძველენი, ტ. 1, ტფ., 1920; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970;
  • ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, თ. ჟორდანიას გამოც., წგ. 2, ტფ., 1897;
  • Муравьев А., Грузия и Армения, т. 3, СПб., 1848;
  • Церетели Г., Полное собрание надписей на стенах и камнях и приписок к рукописям Гелатского монастыря М., 1891;
  • Brosset V., Voyage archeologique en Transcaucasie, Rap. XI, St. Pet., 1851;
  • Explication inscription Georgiennes? Armeniennes et Grecques par M. Broseet, St. Pet., 1839.
  • ლომინაძ ე ბ., ბიჭვინტის ხატის 1568 წლის წარწერა, „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, 1960, ნაკვ. 33;
  • ქორიძე თ., აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) საკათალიკოსოს მფარველი ხატი, „საქართველოს საპატრიარქო“, 1999, №1;
  • მისივე, ბიჭვინტის ღვთისმშობლის ხატი, თბილისის სახელმწ. უნ-ტის შრომები, ისტორია, არქეოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეთნოგრაფია, 1996, №321.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები