ბობოხიძე იოანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დეკანოზი იოანე ბობოხიძე

ბობოხიძე იოანე დავითის ძე – (01.07.1868-1937), საეკლესიო მოღვაწე, დეკანოზი. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. 1884-1890 წწ. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე, სასულიერო ხელისუფლებამ ბობოხიძე თავისი ხარჯებით მოსკოვის სასულიერო აკადემიაში გაგზავნა ცოდნის გასაღრმავებლად. ბობოხიძემ მხოლოდ ოთხი თვე დაყო მოსკოვში, რის შემდეგაც ოჯახური პირობების გამო იძულებული გახდა, საქართველოში დაბრუნებულიყო.

სამშობლოში დაბრუნებული ბ. 1891 წ. 1 იანვარს მარტვილის ორკლასიან საჩვენებელ სამრევლო-საეკლესიო სკოლაში დაინიშნა უფროს მასწავლებლად. 1896 წ. 6 დეკემბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) იგი დიაკვნად აკურთხა. 1896 წ. 8 დეკემბერს მღვდლად აკურთხეს და ზუგდიდის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვრად გაამწესეს. 1896 წ. 15 დეკემბერს გურია-სამეგრელოს ეპარქიის სასწავლო საბჭოს გადაწყვეტილებით შეყვანილ იქნა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის მმართველ საბჭოში, რომელშიც 1900 წლამდე იმსახურა. 1898 წ. 4 თებერვალს საგვერდულით დაჯილდოვდა.

ბობოხიძე ბევრს ზრუნავდა ახალგაზრდებში სწავლა-განათლების გავრცელებაზე. ცდილობდა ბავშვებში გაეღვიძებინა სწავლისადმი სიყვარული და ხშირად უქადაგებდა მათ ცოდნის მიღების აუცილებლობაზე.

1898 წ. 26 დეკემბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა, წმ. ალექსანდრემ (ოქროპირიძე), ბობოხიძე დანიშნა გურია-სამეგრელოს საეპარქიო სასწავლებლის საბჭოს ზუგდიდის მაზრის განყოფილების თავჯდომარედ. ამ თანამდებობაზე ბობოხიძემ 1905 წლამდე იმსახურა. პარალელურად მსახურობდა ზუგდიდის ქალთა ორკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის მასწავლებლად. 1900 წ. 27 აპრილს დაევალა ზუგდიდის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურეობა. იგი დიდ დახმარებას უწევდა ქალთა სამრევლო სკოლას და ამ საქმიანობაში მას გვერდში ედგა სალომე დადიანი-მიურატისა.

1903 წ. 2 მარტს ბობოხიძე რედუტ-კალეს ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1903 წ. 22 ივლისს ერთგული სამსახურისათვის სკუფია უბოძეს. 1903 წ. 29 ოქტომბერს გადაიყვანეს ცაიშის ოლქის მთავარხუცესად.

გურია-სამეგრელოს ეპარქიაში ბობოხიძის აქტიური მოღვაწეობა მიუღებელი იყო რუსეთის მმართველობისათვის, რომელიც აშკარად ცდილობდა ქართველი ერის გათიშვას, სამეგრელოდან ქართული ენის გამოდევნასა და იქ იმპერიული პოლიტიკის გატარებას. ეს დაპირისპირება ბობოხიძის იმერეთის ეპარქიაში გადაყვანით დამთავრდა. მოძღვარი მოაცილეს ზუგდიდს და 1905 წ. 4 ოქტომბერს ქუთაისის წმ. ნინოს სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად გადაიყვანეს, სადაც 1906 წლამდე მსახურობდა.

ბობოხიძემ სტუდენტებში ეროვნული იდეების გასაღვივებლად ქუთაისშიც აქტიური მუშაობა გააჩაღა. 1905-1907 წწ. რევოლუციის პერიოდში მეფის მთავრობამ კიდევ უფრო გაამკაცრა კონტროლი ეროვნული სულისკვეთების მქონე და ავტოკეფალიის მომხრე სამღვდელოების მიმართ. განსაკუთრებული მეთვალყურეობა დაუწესეს ბობოხიძეს, როგორც ერთ-ერთ მთავარ აქტივისტს. 1906 წ. გაზეთი „შრომა“ წერდა: „საქართველოს ეგზარქოსის მოადგილემ ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ელიაშვილი) საპოლიციო უფროსის, გენერალ შირინკისაგან შემდეგი ცნობა მიიღო: „იმ ცნობების ძალით, რომელიც მე ამჟამად ხელთა მაქვს, ქუთაისის წმ. ნინოს საქალებო სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებელი მღვდელი ი. ბობოხიძე არაერთხელ ყოფილა შენიშნული მთავრობის საწინააღმდეგო აგიტაციის გაწევაში. 15 ნოემბერს კი ამავე მღვდელმა ოდესაში მოკლული ლაბორანტის, საბა კლდიაშვილის პანაშვიდის დროს წარმოსთქვა გულის აღმაშფოთებელი სიტყვა, დაახლოებით შემდეგი შინაარსის: „ძირს იუდავ, ძირს ტახტიდან“ წყეულო მეფევ, ხალხის სისხლში მოცურავევ, ძირს ძმის მკვლელო კაენო მთავრობავ...“ შემდეგ სიტყვაში მღვდელი ბობოხიძე ახასიათებდა რა მჭევრმეტყველურად მთავრობის მოქმედებას, იწვევდა მსმენელთ, რომ ისინი წინააღმდგარიყვნენ ასეთ მტარვალურ და მხეცურ მთავრობის წინაშე, რომელმაც ესოდენი სისხლი დაღვარა ქრისტიან ხალხისაო... დასასრულს გენერალი შირინკინი სთხოვს ეგზარქოსის მოადგილეს, შესაფერისი ზომები მიიღოს ურჩი სასულიერო პირის მიმართ“.

1906 წ. 1 ივლისს ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ელიაშვილი) ბობოხიძე ისევ გურია-სამეგრელოს ეპარქიაში გადაიყვანა და ფოთის წმ. ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძრის მესამე მღვდლად დანიშნა. 1906 წ. 19 სექტემბერს ბობოხიძე ფოთის ორკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს. 1907 წ. 9 თებერვალს დაინიშნა გურია-სამეგრელოს საეპარქიო ხაზინის სარევიზიო კომისიის თავჯდომარედ, 1907 წ. 12 თებერვალს აირჩიეს გურია-სამეგრელოს ეპარქიის ღარიბ სამღვდელოთა სამზრუნველო საბჭოს წევრად. 1907 წ. 17 ნოემბერს ბობოხიძე საგამოცდო კომისიის წევრად დაინიშნა, რომელსაც სამღვდელო კანდიდატების შემოწმება ევალებოდა. 1908 წ. 1 სექტემბერს დაინიშნა ფოთის წმ. ოლღას სახელობის ქალთა სასწავლებლის საღვთო სჯულის მასწავლებლად.

1911 წ. 6 მაისს კუნკულა მიიღო, 1914 წ. 15 მაისს – სამკერდე ოქროს ჯვარი, ხოლო 1916 წ. დეკანოზის წოდება მიენიჭა.

1917 წ. 12 მარტს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ ბობოხიძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების შემუშავებაში და, როგორც გურია-სამეგრელოს ეპარქიის დელეგატი, ესწრებოდა თბილისში გამართულ პირველ საეკლესიო კრებას (1917 წ. 08-17 სექტ.). 1920 წ. ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა გიორგიმ (ალადაშვილი) ბობოხიძე ფოთის ოლქის მთავარხუცესად დაადგინა.

საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ, ეკლესიისთვის უმძიმეს პერიოდში, ბობოხიძე განაგრძობდა მსახურებას თავდაპირველად ფოთში, შემდეგ – ბოდბის ეპარქიაში. 1926-1937 წწ. ბობოხიძე კვლავ ფოთში მსახურობდა. 1937 წ. ოქტომბერში საბჭოთა უშიშროების ორგანოებმა ბობოხიძე, როგორც „ხალხის მტერი“, დააპატიმრეს და ე.წ. „სამეულის“ გადაწყვეტილებით დახვრიტეს.

გ. მაჩურიშვილი

წყაროები და ლიტერატურა

  • საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა 2, საქმე №700;
  • სცსა, ფონდი №489, აღწერა 1, საქმე №53085.
  • „საპატრიარქოს უწყებანი“, 2011, №34-35.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები