ბოდბის ეპარქია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბოდბის ეპარქია

ბოდბის ეპარქიასაქართველოს სამოციქულო, მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი ეპარქია კახეთში (ქიზიყი).

ეპარქიის წმ. გიორგის საკათედრო ტაძარი მდებარეობს ბოდბის წმ. ნინოს მონასტრის ტერიტორიაზე, ახლანდ. სოფელ ქედელის თემში, ქ. სიღნაღიდან 2 კმ დაშორებით. ბოდბის ეპარქია მოიცავს ქ. სიღნაღსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტს (2010 წ. სექტემბრამდე მასში შედიოდა აგრეთვე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი). ბოდბის ეპარქიას ესაზღვრება სამხრეთ-დასავლეთით აზერბაიჯანის რესპუბლიკა, სამხრეთითა და აღმოსავლეთით – ხორნაბუჯის ეპარქია, ჩრდილო-აღმოსავლეთით – ნეკრესის, ჩრდილოეთით – საგარეჯო-ნინოწმინდის ეპარქიები. საქართველოს სულიერი ცხოვრებისათვის ბოდბის ეპარქიისა და ბოდბის მონასტრის მნიშვნელობა იმთავითვე უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. ბოდბის წმ. გიორგის საკათედრო ტაძარში განისვენებს ქართველთა განმანათლებელი, მოციქულთა სწორი წმ. ნინო.

ბოდბის ეპარქიის ტერიტორიაზეა ასურელ მამათაგან ერთ-ერთის – წმ. სტეფანე ხირსელის – მონასტერი, რომლის წმ. პირველმოწამე სტეფანეს ტაძარში დაკრძალულია თვით ღირსი მამა. ბოდბის ეპარქია დაარსებული უნდა იყოს IV ს., სავარაუდოდ, წმ. ნინოს გარდაცვალებისა და მისი დაკრძალვის ადგილზე ტაძრის აგებისთანავე. უცნობი ავტორის წმ. ნინოს „ცხოვრებაში“ აღნიშნულია, რომ წმ. მეფე მირიანმა „განიზრახა, რათა გუამი მისი აღიყვანოს და დაჰკრძალოს მახლობლად სუეტიცხოველისა და ვითარცა ხელ-ყვიან აღებად გუამისა მის წმიდისა, ხელნი მათნი უქმ იქმნიან და ყოვლად ვერ უძლიან შეძვრად. მაშინ გულისხმა-ყვეს და დაჰკრძალეს მასვე დაბასა შინა ბუდეს, ეკლესია აღუშენეს და ეპისკოპოსი განაჩინეს მას ზედა“. ლეონტი მროველი წმ. მირიანის გარდაცვალების შესახებ თხრობისას აღნიშნავს, რომ წმ. მირიანმა „დავედრა ეპისკოპოსთა, რათა ადიდონ დიდება მის ადგილისა“ (ბოდის). მრავლობით რიცხვში ეპისკოპოსთა მოხსენიება არ გამორიცხავს, რომ საეპისკოპოსო კათედრა წმ. ნინოს განსასვენებლის ადგილას ჯერ კიდევ წმ. მირიანის სიცოცხლეში დაფუძნდა (თ. სიმონიშვილი).

არსებობს მოსაზრება, რომ ბოდბის ეპარქია დაარსდა V ს. (ბ. ლომინაძე). გამოთქმულია ვარაუდი, რომ ბოდი/ბოდე/ბუდი ერქვა დაბას ახლანდელი ნინოწმინდის ტერიტორიაზე (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი) და რომ წმ. ნინო აქ დაიკრძალა. მისი წმ. ნაწილების გადასვენება ბოდბის მონასტრის ტერიტორიაზე მხოლოდ შემდეგ მოხდა. ქართველთა განმანათლებლის გადასვენებას მოჰყვა ტოპონიმ ბოდე/ბოდის მიგრაცია (ბ. მჭედლიშვილი, ზ. კიკნაძე). ბოდბელი ეპისკოპოსი ლაზარე მონაწილეობდა 506 წ. დვინის საეკლესიო კრებაში. ამ დროიდან ბოდბის ეპარქიის არსებობა ეჭვგარეშეა, მაგრამ წყაროების სიმწირის გამო ბოდბელ მღვდელმთავართა ქრონოლოგიური რიგის დადგენა, ისიც ნაწილობრივ, ხერხდება მხოლოდ გვიანი შუა საუკუნეებიდან: ეპისკოპოსი ზაქარია (დაახლ. 1556-1560 წწ.); მაქსიმე (ჩოლოყაშვილი, 1562-1588 წწ.); მთავარეპისკოპოსი ზაქარია (ჯორჯაძე, 1590 წ.); მთავარეპისკოპოსი ბასილი (1616-1617 წწ.;ბოდბის სას. სასწავლებლის დამაარსებელი); ეპისკოპოსი ევდემოზი (დიასამიძე, დაახლ. 1617-1630 წწ., შემდგომში – აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი); ეპისკოპოსი არსენი (ავალიშვილი; დაახლ. XVII ს. 30-იანი წწ.); მთავარეპისკოპოსი გაბრიელი (1637-1640 წწ.); მთავარეპისკოპოსი ევდემონი (დიასამიძე, 1642-1662 წწ., 1662 წ. იხსენიება მიტროპოლიტის პატივში); ეპისკოპოსი მათეოზი [1669 წ., მანამდე (1664-1669 წწ.) რუსთველი]; ეპისკოპოსი ნიკოლოზი (ციციშვილი; 1670-1673 წწ. (მანამდე, ალავერდელი)]; ეპისკოპოსი ევდემოზი (დაახლ. XII ს. 90-იანი წწ.); ეპისკოპოსი მათე (1692 წ., ზოგიერთი მკვლევარი აიგივებს მათეოზთან); მთავარეპისკოპოსი ზაქარია (ანდრონიკაშვილი; დაახლ. 1699-1731 წწ.); მიტროპოლიტი ონოფრი (ანდრონიკაშვილი, დაახლ. XVIII ს. 30-იანი წწ. – 1749 წ.); მიტროპოლიტი იოანე I (ჯორჯაძე, 1756 წ.); მიტროპოლიტი იოანე II (XIII ს. 60-იანი წწ., ზოგიერთი მკვლევრის აზრით იოანე I და იოანე II ერთი და იგივე პირია); მიტროპოლიტი დავითი (ვაჩნაძე,1763 წ. -?); მიტროპოლიტი საბა'(1776); მიტროპოლიტი დავითი (1778 წ. ზოგიერთი მკლევრის აზრით – იგივე დავით ვაჩნაძე); მიტროპოლიტი იოანე III (1787 წ. -?); მიტროპოლიტი კირილე (1791- 1792 წწ., 1792 წ. 28 ივლისს დაიღუპა ლეკებთან ბრძოლაში); მიტროპოლიტი ონოფრე (ანდრონიკაშვილი, 1795 წ. -?); მიტროპოლიტი იოანე IV (მაყაშვილი, 1796-1837 წწ.).

შუა საუკუნეებში ბოდბის ეპარქია საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა (სოფ. კონდოლის ხაზამდე და სოფ. მანავამდე), ფლობდა დიდძალ ყმა-მამულს და მნიშვნელოვან როლს თამაშობდა კახეთის სამეფოს ისტორიაში. XV ს. 70-იანი წლებიდან კახეთში გატარებული სამხედრო-ადმინისტრაციული რეფორმის შემდეგ ბოდბელი ეპისკოპოსები ერთ-ერთი სადროშოს მეთაურები გახდნენ. ამავე პერიოდიდან ბოდბელ მღვდელმთავართა პატივი გახდა კახ მეფეთა კურთხევა-მირონცხება. ბოდბეში დაიდგეს გვირგვინი გიორგი VIII-მ (კახეთისთვის – გიორგი I, 1466-1476 წწ.), ლევანმა (1518-1574 წწ.), თეიმურაზ I-მა (1606-1648 წწ.). 1751-1764 წწ. ბოდბის ეპარქიის იურისდიქციაში შედიოდა დავით-გარეჯის მონასტერი, რომლის არქიმანდრიტ-წინამძღვრად ბოდბელები ითვლებოდნენ. 1757 წწ. ბოდბის ეპარქიას შეუერთდა ჭერემის გავერანებულ-გაუქმებული ეპარქიის ნაწილი. XIX ს. დასაწყისში ბოდბელი ეპისკოპოსის დაქვემდებარებაში ირიცხებოდა 31 სოფელი 729 კომლი გლეხით. ეპარქიაში ამ დროისათვის მოქმედებდა 100 ტაძარი.

რუსეთის სამოქალაქო და საეკლესიო მმართველობის დამყარების შემდეგ ბოდბის ეპარქია გაუქმდა და შეუერთდა კახეთ-ალავერდის ეპარქიას, მოგვიანებით კი შევიდა ალავერდის სავიკარიოში და უშუალოდ ეგზარქოსის გამგებლობას დაექვემდებარა. ბოდბის ეპარქია აღდგა საქართველოს ეკლესიის პირველი საეკლესიო კრების (1917 წ. 08-17 სექტ.) განჩინებით. მისი სამწყსო შემდეგნაირად განისაზღვრა: „ჰერეთი, რანი, შაქი და წუქეთი (ტერიტ. ძვ. ეპარქიებისა: ბოდბისა, ჭერემისა, გიშისა და ხორნაბუჯის), რასაც შეადგენს ახლანდელი მაზრები და ოლქები – სიღნაღისა, ზაქათალისა, სამურისა, ნუხისა, არეშისა, განჯისა და ყაზახისა“. საკათედრო ტაძრად კვლავ ბოდბის წმ. გიორგის ტაძარი დადგინდა, მღვდელმთავრის რეზიდენცია სიღნაღში განთავსდა. 1995 წ. 18-19 სექტემბერს საქართველოს ეკლესიის გაფართოებული ადგილობტივი კრების განჩინებით ბოდბის ეპარქიის სამწყსო განისაზღვრა ქ. სიღნაღით, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონებით, ხოლო 2010 წ. სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც დედოფლისწყარო 2010 წ. 30 აპრილს გაერთიანდა ჰერეთის ეპარქიასთან, ბოდბის ეპარქია მოიცავს მხოლოდ სიღნაღის მუნიციპალიტეტს.

ბოდბის ეპარქიის აღდგენის შემდეგ ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრები იყვნენ: 1925-1928 წწ. – ეპისკოპოსი წმ. სტეფანე (კარბელაშვილი), 1928-1929 წწ. – მიტროპოლიტი იოანე (მარგიშვილი), 1929 წ. – ეპისკოპოსი იეროთეოზი (აივაზაშვილი), 1950–1952 წწ. – ეპისკოპოსი გაბრიელი (ჩაჩანიძე), 1958—1961 წწ. – მიტროპოლიტი დიმიტრი (იაშვილი), 1967-1971 წწ. – ეპისკოპოსი რომანოზი (პეტრიაშვილი), 1973-1976 წწ. ეპარქიის დროებითი მმართველი იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V (VI) (დევდარიანი), 1976-1978 წწ. – ეპისკოპოსი ილარიონი (სამხარაძე), 1978-1992 წწ. – მიტროპოლიტი ათანასე (ჩახვაშვილი), 1992-1993 წწ. – ეპისკოპოსი დავითი (მახარაძე), 1993-1996 წწ. – კვლავ მიტროპოლიტი ათანასე (ჩახვაშვილი), 1996-1998 წწ. – ეპისკოპოსი თეოდორე (ჭუაძე), 1998-2001 წწ. – მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი). 2001 წ. ოქტომბრიდან ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი იყო მთავარეპისკოპოსი დავითი (ტიკარაძე), 2013 წ. მმართველ მღვდელმთავრად დაინიშნა ეპისკოპოსი იაკობი (იაკობაშვილი).

თ. სიმონიშვილი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები