ბოდორნის მაცხოვრის ხატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბოდორნის მაცხოვრის ხატი

ბოდორნის მაცხოვრის ხატიბოდორნის ღვთისმშობლის შობის ტაძარში დაცული სიწმინდე, რომელიც 1926 წლიდან დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში.

მაცხოვრის ხატი ქართული ლითონმქანდაკებლობის ის ნიმუშია, რომლის მოჭედილობაში, XVI ს-თვის დამახასიათებელ თავისებურებებთან ერთად, თავი იჩინა საქართველოს ამ რეგიონისთვის დამახასიათებელმა ახალმა მხატვრულმა მიდგომამ (ხატის ზომა 55 X40 სმ; მასალა: ვერცხლი, პატიოსანი თვლები, ხოშორი მარგალიტი, ხე, ტემპერის საღებავები; ტექნიკა: თეგვა, ტემპერა).

ხატი წმინდა ნაწილებიანი იყო. დაფა მაცხოვრის გამოსახულებით სანაწილის ხუფს წარმოადგენს. ხატის ხის საფუძველში, შიდა მხარეს წმ. ნაწილების ჩასაბრძანებლად ჩაკვეთილია გოლგოთის ჯვარი, მის ორივე მხარეს კი – 84 სწორკუთხა ბუდე (ამჟამად ყველა ცარიელია). მაცხოვრის ფერწერული ნახევარფიგურა განახლებულია XIX ს. გარდა მხატვრულ-სტილისტური თავისებურებებისა, ხატის მოჭედვის თარიღზე მიუთითებს მასზე არსებული ასომთავრული წარწერა, რომელიც ერთ სტრიქონად ჩარჩოს ქვედა ზოლზეა მოთავსებული. საქტიტორო წარწერაში ხატი წილკნის მაცხოვრადაა მოხსენიებული. მასში დასახელებულია პირველი ბაგრატიონ-მუხრანელი, პატრონი ბაგრატი (1487-1540), ქართლის მეფე კონსტანტინე II-ის (1464-1505) უმცროსი ძე, მისი თანამეცხედრე ელენე და მათი შვილები. ხატი მოიჭედა ბაგრატის სულის შეწყალებისა და მისი ძეების დღეგრძელობისთვის. ძეების სახელები წარწერაში არ არის. წერილობითი წყაროებით ბაგრატმა მუხრანბატონობა 1512 წ. მიიღო. 1539 წ. ბერად შედგა ბარნაბის სახელით. მისი ძეები – ერეკლე, არჩილ, აშოთან, ვახტანგ – 1540 წლიდან საისტორიო აქტებში უკვე დამოუკიდებლად მოიხსენიებიან. ბოდორნის მაცხოვრის ხატის მოჭედვის დროს ბაგრატი ცოცხალი აღარ არის, რადგან წარწერაში ბაგრატის სულის შეწყალებაზეა ლაპარაკი. ამიტომ ხატი 1539 წ. შემდეგ, 1540 წ. ახლო ხანებში უნდა იყოს შექმნილი.

ხატის შარავანდი, ფონი და ჩარჩოს ზოლები დაფარულია მოოქრული ვერცხლის ფირფიტებით და შემკულია დაბალი, თანაბარი რელიეფის მქონე, ტალღისებური განვითარების ხვეული მცენარეული დეკორით, რომელიც, XVI ს. ოქრომქანდაკებლობის შესაბამისად, ხალიჩისებურადაა დაფენილი მოჭედილ ზედაპირზე. ორნამენტის ფონი პუნსონებით საგანგებოდაა დაკეჭნილი და დეკორი ნათლად იკვეთება. ფერადოვანი აქცენტების გაძლიერების მიზნით, შარავანდის შიგა და გარე კიდეები გამშვენებულია პატიოსანი თვლებით. მაცხოვრის ნახევარფიგურას ხოშორი მარგალიტების ძაფი შემოუყვებოდა. ამჟამად ეს ძაფი მხოლოდ მაცხოვრის თავის ირგვლივაა დარჩენილი. ხატის ორნამენტულ აღნაგობაში შეტანილია ახალი ტექნინური ხერხი, რომელიც მას თავისებურ სახეს ანიჭებს. ცალკეული ელემენტები დიდი ზომისანი არიან და გლუვი ზედაპირით ამოზიდული ფონიდან. ეს ხერხი გამოყენებულია თორტიზის ღვთისმშობლის ხატზე, რომლის დამკვეთები არიან ბაგრატ მუხრანბატონის შვილები – პატრონი ალექსანდრე და მისი ძმა ერეკლე.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები