ბოლდუინი ჯეიმს მარკ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბოლდუინი ჯეიმს მარკ

ბოლდუინი ჯეიმს მარკ - Baldwin James Mark, Болдуин Джеймс Марк, 1861-1934

ამერიკელი ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი და სიციოლოგი, ცნობილი თეორეტიკოსი, ექსპერიმენტატორი და მეცნიერების ორგანიზატორი. ბოლდუინი ამერიკაში სოციალური ფსიქოლოგიის, დიფერენციალური ფსიქოლოგიის და განვითარების ფსიქოლოგიის სათავეებთან იდგა. იყო მეცნიერების გამოჩენილი ორგანიზატორი. სწავლობდა პრინსტონის უნივერსიტეტში. იყო პრინსტონის, ტორონტოს, ბალტიმორის უნივერსიტეტების პროფესორი, სადაც დააარსა ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ლაბორატორიები. АРА-ს ერთერთი პირველი პრეზიდენტი (1887), ოქსფორდის, ჟენევის, გლაზგოს უნივერსიტეტების საპატიო პროფესორი. მოამზადა ცნობილი ლექსიკონი ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაში, რომელიც მრავალ ენაზე ითარგმნა.

ბოლდუინი პრინციპული ევოლუციონისტი იყო. ევოლოციის თეორიის განხილვა კი ორი თვალსაზრისით შეიძლება: პირველი - ორგანიზმზე გარემოს ზემოქმედების კუთხით, რის შედეგადაც ხდება ადაპტაცია და ახალი თვისებების ჩამოყალიბება; მეორე - ინდივიდის მიერ ადაპტაციის შედეგად შეძენილი ახალი სასარგებლო თვისებების მემკვიდრეობით გადაცემის კუთხით. ევოლუციურ მიდგომაში განვითარების პრობლემის ორივე ასპექტია გათვალისწინებული, როგორც გარეგანისა და შეძენილის, ისე შინაგანისა და თანდაყოლილისა. როდესაც ბავშვის განვითარებაზე ლაპარაკობდა, ბოლდუინი ორივე ამ ასპექტის მნიშვნელოვნებას აცნობიერებდა, მაგრამ მეტ აქცენტს სოციალური გარემოს როლზე აკეთებდა.

სოციოლოგიური და სოციალურ ფსიქოლოგიური თვალთახედვით, ბოლდუინი ამტკიცებდა, რომ აუცილებელია ორმხრივი დიალექტიკური მიდგომა სულიერი განვითარების ანალიზისას, ანუ პიროვნების შესწავლა სოციალური თვალსაზრისით და საზოგადოების შესწავლა პიროვნების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, იგი ხაზს უსვამდა სოციალიზაციის გადამწყვეტ როლს პიროვნულ თვისებათა ჩამოყალიბებაში. ბავშვის პიროვნული თვისებები განიხილებოდა, როგორც „გარედან” , ანუ კულტურისა და უშუალო სოციალური წრის ობიექტურ კრიტერიუმებთან მიმართებაში, ისე „შიგნიდან” , ბავშვის თვითშეფასების მხრივ. აქედან გამომდინარე, ბოლდუინი კატეგორიულად მოითხოვდა პედაგოგიური სისტემის ისეთ გარდაქმნას, რომ საზოგადოებრივ, სასკოლო განათლებას ყველა ბავშვი მოეცვა. ხოლო სკოლამდელ ხანაში უაღრესად მნიშვნელოვანი თამაშია, რომელსაც ბოლდუინი სოციალიზაციის საშუალებად განიხილავდა. იგი ხაზს უსვამდა თამაშის მნიშვნელოვნებას, როგორც ისეთი აქტივობისა, რომელიც აუცილებელია ადამიანის მოსამზადებლად რთული სოციალური ურთიერთობებისთვის.

პიროვნულ განვითარებასთან შედარებით გონებრივ განვითარებაში მემკვიდრეობითი ფაქტორის წვლილი მეტია. მაგრამ ბოლდუინი აქაც სოციალურ ფაქტორზე აკეთებს აქცენტს. კაპიტალურ სამტომიან თხზულებაში „გენეზისური ლოგიკა” (1903-1908) ბოლდუინმა ჩამოაყალიბა ბავშვის კოგნიციური განვითარების ეპისტემოლოგიური კონცეფცია. მისი აზრით, შემეცნების ონტოგენეზში რამდენიმე საფეხური გამოიყოფა. ჯერ აქტუალიზდება და იხვეწება თანდაყოლილი სენსომოტორული რეაქციები. შემდეგ ბავშვი გაივლის მეტყველების განვითარების სტადიას და ბოლოს - ლოგიკურ-ცნებითი აზროვნების განვითარების სტადიას. განსაკუთრებით დაინტერესებული იყო იგი იმის ჩვენებით, თუ რა დიდ როლს ასრულებს ბავშვის სოციალური გარემოცვა შემეცნებითი ფუნქციების განვითარებაში. ამ კონტექსტში მან გამოყო აზროვნების განვითარების სპეციალური მექანიზმები: ასიმილაცია, ანუ გარემოს ზემოქმედების ინტერიორიზაცია და აკომოდაცია, ანუ თვით ორგანიზმის ცვლილება.

ბოლდუინის ამ მოსაზრებებმა უთუოდ იქონია გადამწყვეტი გავლენა კოგნიციური ონტოგენეზის ყველაზე თვალსაჩინო მკვლევრის, ჟ. პიაჟეს თეორიის ჩამოყალიბებაზე (პიაჟეს გენეზისური ფსიქოლოგია). სიცოცხლის მიწურულს ბოლდუინი ევროპაში მოღვაწეობდა, იყო საზოგადოებრივ მეციერებათა უმაღლესი სკოლის პროფესორი პარიზში. ის მჭიდროდ ურთიერთობდა ე. კლაპარედთან, რომლის მოწაფეც იყო პიაჟე. არსებითად, პიაჟესეული განვითარების თეორიის ძირითადი მონახაზი უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდა ბოლდუინს. უფრო მეტიც, ბოლდუინის თეორიას არა აქვს ის მთავარი ნაკლი, რომლისთვისაც მრავალი ფსიქოლოგი აკრიტიკებდა პიაჟეს - აღზრდის სოციოკულტურული გარემოს უგულებელყოფა.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები