ბოლნისის სიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბოლნისის სიონი

ბოლნისის სიონი − ბოლნისის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (V ს.), ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ძეგლი, ბოლნისის ეპარქიის კათედრალური ტაძარი. მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში, მდ. ფოლადაურის ხეობის გავაკებულ ადგილას. ბოლნისის სიონმა შემოგვინახა ქართული დამწერლობისა და ქრისტიანული ქანდაკების უძველესი ნიმუშები.

სარჩევი

არქიტექტურა

სამნავიანი ბაზილიკა აქვს შვერილი, ნახევარწრიული აფსიდა. შიგნით გაყოფილია ჯვრისებური გეგმის ბოძების ხუთი წყვილით. შუა ნავი სიგანით ორჯერ აღემატება გვერდით ნავებს. თავდაპირველად ჩრდილოეთ ფასადს მთელ სიგრძეზე ექვსთაღიანი ღია სტოა-გალერეა გასდევდა (დღეისათვის მისი მხოლოდ აღმოსავლეთაფსიდიანი ნაწილია გადარჩენილი). მეორე მხარეს, სამხრეთით, ორთაღიანი გალერეა და გარედან დახურული ორაფსიდიანი სანათლავი ოთახია, რომელსაც შესასვლელი მხოლოდ ეკლესიიდან აქვს. ეკლესიის შესასვლელები სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდანაა (დასავლეთ კარი XVII ს.-ში გაჭრეს). შესასვლელების თავზე, ჰორიზონტალური ზღუდარების ზემოთ, ნალისებური მოხაზულობის ღია ლუნეტებია. ნალისებურია აგრეთვე სტოებისა და შიგნითა თაღებიც. სამივე ნავი გარედან საერთო ორკალთიანი სახურავითაა გადახურული. შუა ნავი, რომელიც სხვებზე მაღალი და განიერია, გარედან არ გამოიყოფა. ბოლნისის სიონის ბაზილიკური სახე გვერდის სტოა-გალერეების ცალფერდა სახურავებითაა მიღებული. მცირე სამლოცველო, რომელიც ტაძარზე აღმოსავლეთიდან საკურთხევლის გვერდზეა მიშენებული, VIII ს. განეკუთვნება.

ბოლნისის სიონი. სამრეკლო

ბოლნისის სიონის ფასადები მარტივია: ფართო კედლები მოპირკეთებულია კარგად გათლილი, მომწვანო-ფირუზისფერი ტუფით. შუა საუკუნეების დასაწყისის ხუროთმოძღვრებაში ფასადს ნაკლები ყურადღება ექცევა, რადგან ძიების პერიოდში მთავარი შიდა სივრცის გადაწყვეტაა. ტაძრის ინტერიერი დახვეწილი პროპორციებით, მორთულობის გააზრებული განაწილებით დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს.

ბოლნისის სიონი უძველესი ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელ მრავალ ნიშანს ატარებს, მათ შორის აღსანიშნავია: საერთო სისადავე და სიმტკიცე, ფასადების „დამჯდარი“ პროპორციები, საკურთხეველთან სამკვეთლოსა და სადიაკვნის უქონლობა, მორთულობის მოთავსება შენობის შიგნით, გახსნილი ლუნეტები შესასვლელების თავზე, თაღების ნალისებური ფორმა. ამასთან გასათვალისწინებელია ის კერძო ნიშნები, რომლებიც ბოლნისის სიონს სხვა, ამავე ტიპის ძეგლებისაგან გამოყოფს: ა) დასავლეთ შესასვლელის უქონლობა (ჩვეულებრივ, ბაზილიკებში სიგრძივი ღერძის აღსანიშნავად, შესასვლელი დასავლეთიდან კეთდებოდა. აქ ამ კარის უქონლობა ქართული ხუროთმოძღვრების ტრადიციულ ცენტრალურ კომპოზიციის გავლენას მოწმობს); ბ) სანათლავისათვის ცალკე გამოყოფილი სათავსი (შემდეგ, როდესაც მონათვლის უფლება, ეპისკოპოსთა გარდა, მღვდლებსაც მიეცათ, ცალკე სანათლავის აგება აღარ იყო საჭირო, რის გამოც სანათლავები სხვა ეკლესიებში აღარ გვხვდება); გ) სამივე ნავის საერთო, ორფერდა სახურავით გადახურვა.

ქანდაკება, ორნამენტი

ბოლნისის სიონზე გვხვდება ქანდაკებისა და ორნამენტის უძველესი ნიმუშები. ქვაზე კვეთილი ქანდაკებები და ორნამენტული სამკაული თავმოყრილია ჩრდილოეთ გალერეასა და ინტერიერში. დეკორაიული-მოტივები, ცხოველთა ფიგურები და ჯვრების გამოსახულება, ბურჯებისა და პილასტრების კაპიტელებზეა მოთავსებული. სამკაულის განაწილებით ხაზგასმულია ინტერიერი. მნიშვნელოვანია არქიტეტქტურული ნაწილები. სვეტისთავებზე გამოკვეთილია სხვადასხვა გამოსახულება. ტაძრის რელიეფებში გვხვდება წარმართულ ხელოვნებაში გავრცელებული ცხოველთა გამოსახულებები და სიუჟეტური სცენები. მაგ., საკურთხევლის აფსიდის სვეტზე ცხოველთა მიერ ერთმანეთის დევნის სცენაა. ასევე ტიპურია წარმართული ხანისათვის ხარის თავის გამოსახულება, რომელიც ბოლნისში რქებს შორის ჩასმული ჯვრითაა „გაქრისტიანებული“.

რელიეფებს გარდა, ტაძრის მორთულობაში გეომეტრიული და მცენარეული ორნამენტიცაა გამოყენებული, რომელთა მოტივებში შეინიშნება სასანურ ორნამენტაციასთან კავშირი. ამავე დროს დიდი ადგილი ეთმობა ქრისტიანული რელიგიის სიმბოლოს – ჯვრის – სხვადასხვაგვარ გამოსახულებას. აღსანიშნავია „ბოლნური ჯვრის“ სახელით ცნობილი, წრეში ჩასმული, ბოლოებგაფართოებული, ტოლმკლავა ჯვრის გამოსახულება, რომელსაც ბოლნისის ოსტატი რამდენჯერმე იმეორებს. რელიეფები და ორნამენტები ბოლნისის სიონში მხატვრულად უკვე შემუშავებულია და ოსტატის მაღალი საშემსრულებლო დონის მაჩვენებელია. რელიეფების კომპოზიცია სავსებით ჩამოყალიბებულია, სვეტისთავებზე ცხოველთა ფიგურები და ორნამენტები თავისუფლადაა განლაგებული მიუხედავად დეკორის პირობითობისა, ცხოველები და ფრინველები დამახასიათებელი ნიშნებითაა გადმოცემული.

ბოლნისის სიონის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები

ბოლნისის სიონის მეცნიერული შესწავლა გ. ჩუბინაშვილმა 1961 წ. დაიწყო. 1936-1939 წწ. ბოლნისის გამოსაკვლევად ჩატარებულმა მუშაობამ უაღრესად მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო. ძეგლი გაიწმინდა და გამაგრდა (ხელმძღვ. ლ. მუსხელიშვილი). სწორედ ამ დროს აღმოჩნდა ტაძრის დამათარიღებელი წარწერა. 1967-1971 წწ. ძეგლზე ჩატარდა სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები (ხელმძღვ. არქიტ. რ. გვერდწითელი). ამ დროს განახლდა ტაძრის გადახურვა, გადაიხურა ჩრდილოეთ სტოა, ტაძარში დაიგო ქვის იატაკი.

ბოლნისის სიონი. საამშენებლო წარწერა

ბოლნისის სიონი თავდაპირველი სახით არაა შემონახული. საქართველოს ამ კუთხის მძიმე ისტორიული ხვედრი ბოლნისმაც გაინაწილა. დაინგრა ჩრდილოეთ თაღებიანი სტოა-გალერეა. სპარსელების 1634 წ. შემოსევის დროს დაზიანდა მისი გადახურვა და დასსვლეთ კედელი, რომელიც XVII ს. მარიამ დედოფლისა და როსტომ მეფის ბრძანებით აღადგინეს. მაშინ გაიჭრა დასავლეთ კარიც. ამავე საუკუნის ბოლო წლებში ბოლნელმა ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა ბაზილიკა კვლავ შეაკეთა, ძველი მოახატვინა და გვერდით სამრეკლოც ააშენა. შეკეთების დროს უმთავრესად აგური იყო გამოყენებული.

წარწერები

ბოლნისის სიონის ფასადებზე ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებული სამი წარწერაა. პირველი, ძირითადი საამშენებლო წარწერა, გვამცნობს ტაძრის აშენების დროს. ეს წარწერა აღმოჩნდა 1937 წ. სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ. გაიწმინდა ჩრდილოეთ ფასადი და შესასვლელი კარის ძირში აღმოჩნდა მიწაში ჩამარხული არქიტრავის დიდი ბლოკის (300 X 67 სმ) შუა ნაწილი (155 X 59 სმ) ოთხსტრიქონიანი წარწერით. ფრაგმენტი არის შუა ნაწილი შესასვლელის კარზე მოთავსებული იმ დიდი წარწერისა, რომლის თავი და ბოლო ამჟამად ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ხოლო ადგილზე მულაჟია ჩასმული. ოთხსტრიქონიანი საამშენებლო წარწერა ლამაზი ასომთავრულითაა შესრულებული – ჩაღრმავებულ ფონზე რელიეფური კვეთით. იგი ლ. მუსხელიშვილმა იმთავითვე ეპიგრაფიკის უმნიშვნელოვანეს ძეგლად მიიჩნია. წარწერა მნიშვნელოვანია იმით, რომ აქ მოცემულია ტაძრის აშენების ქრონოლოგიური ზღვრები, კერძოდ, მითითებულია, რომ მშენებლობა დაიწყო პეროზ სპარსთა მეფის გამეფების მეოცე წელს, ე.ი. 478 წ. და დამთავრდა თხუთმეტი წლის შემდეგ, ე.ი. 493 წ. ტექსტი პირველად წარმოადგინა ა. შანიძემ. იგი შეტანილი აქვს გ. ჩუბინაშვილს ბოლნისის სიონის შესახებ გამოკვლევაში (გ. ჩუბინაშვილმა ჯერ კიდევ ამ საამშენებლო წარწერის აღმოჩენამდე ბოლნისის სიონი V-VI სს. მიჯნის არქიტექტურული ძეგლების რიგში ჩააყენა). ა. შანიძის მიერ საამშენებლო წარწერის აღდგენილი ტექსტი ასეთია: „შეწევნითა წმიდისა სამებისაჲთა ოც წლისა პეროზ მეფი[სა ზე] [ხიქმნა დაწყებაჲ] ამის ეკლესია ჲსაჲ და ათხუთმეტ წლი[სა შემდგომად] [განხეშორა ვი]ნ აქა შინა თაჳყანისხცეს ღ~ნ შეიწყალენ და ვინ ა[მის ეკლ]ესია ჲსა და(ვი)თ ეპისკოპოსსა ხუჲლოცოს იგიცა და ღ~ნ შეიწყალენ [ამინ]“. ა. შანიძემ წარწერის მეორე ვარიანტიც წარმოაჩინა, დაუკავშირა რა ძეგლის დამთავრება სპარსეთში კავადის მეფობის (488-531) ხანას ე.ი. 503 წ. ტაძრის საამშენებლო წარწერის წაკითხვა-აღდგენის სხვადასხვა ვარიანტი გამოაქვეყნეს შ. ამირანაშვილმა, ნ. შოშიაშვილმა, ბ. მჭედლიშვილმა, ს. კაკაბაძემ და სხვ. ბოლნისის სიონის საამშენებლო წარწერის გრაფიული მონაცემების გათვალისწინებით, სხვა წერილობით წყაროებთან ტექსტის შინაარსობრივი ანალიზის საფუძველზე, კერძოდ, ადრეული ხანის ეპიგრაფიკული, ისტორიული თუ ლიტერატურული ხასიათის ძეგლებში გავრცელებული ფრაზეოლოგიური მყარი კონსტრუქციებისა და სიტყვების მოშველიებით ე. მაჭავარიანმა (მცირეოდენი ცვლილებებით) დაადასტურა წარწერის ა. შანიძისეული წაკითხვის პირველი ვარიანტი.

ბოლნისის სიონი. დავით ეპისკოპოსის წარწერა

ბოლნისის სიონის ფასადზე ძეგლის მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა ორი წარწერა პალეოგრაფიული თვალსაზრისით იდენტურია ძირითადი საამშენებლო წარწერისა. ისინი ასევე შესრულებულია რელიეფური ლამაზი მოყვანილობის ასოებით. ტაძრის ჩრდილო-დასავლეთ შესასვლელის არქიტრავზე მოთავსებული ერთსტრიქონიანი წარწერა პირველად გამოაქვეყნა მ. ბროსემ 1838 წ. მისი შინაარსი ასეთია: „შეწევნითა ქრისტჱსითა მე, ფარნევან და აზარუხტ, შეხუაბთ ესე კარი სალოცველად სულთა ჩუენთათჳს“. მესამე წარწერა მოთავსებულია აღმოსავლეთის კედელზე საკურთხევლის სარკმლის თავზე. იგი განავსებულია ბოლნური ჯვრის გარშემო და ეკუთვნის დავით ბოლნელ ეპისკოპოსს. წარწერა ივ. ჯავახიშვილმა V ს. დამლევითა და VI ს. დასაწყისით დაათარიღებული წარწერის შინაარსი ასეთია: ქრისტე დავით ეპისკოპოსი კრებულითურთ და ამას ეკლესიასა შინა შენდა მიმართ თაყვანისმცემელნი შეიწყალენ და მშრომელთა ამას ეკლესიასა შინა შეხეწიე, იყავნ, იყავნ“. დავით ეპისკოპოსი მოხსენიებულია საამშენებლო წარწერაშიც. ამ შემთხვევაში თხოვნაა ქრისტესადმი, რომ მან შეიწყალოს დავით ეპისკოპოსი მრევლით, ქრისტეს თაყვანისმცემლები და ისინი, ვინც ამ ეკლესიისათვის იშრომა. ბოლნისის სიონის წარწერები არა მარტო ადრეული ხანის ქართული დამწერლობის იშვიათი ნიმუშებია, არამედ შინაარსითა და დანიშნულებით მნიშვნელოვან ეპიგრაფიკულ ძეგლებს წარმოადგენენ.


გ. მარსაგიშვილი
ე. მაჭავარიანი

ლიტერატურა

  • ბერიძე ვ., ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974;
  • მუსხელიშვილი ლ., ბოლნისი, „ენიმკის მოამბე“, 1938, ტ. 3;
  • Чубинашвили Г.Н., Болниский Сион, „ენიმკის მოამბე“, 1940, ტ. 9.
  • კეკელიძე კ., ბოლნისის ტაძრის წარწერების ინტერპრეტაციისთვის, წგ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 6, თბ., 1960;
  • მაჭავარიანი ე., ბოლნისის სიონის სამშენებლო წარწერა, თბ., 1985;
  • სილოგავა ვ., ბოლნისის უძველესი ქართული წარწერები, თბ., 1994;
  • შანიძე ა., ბოლნისის წარწერები (სიონის ტაძარი), „ნობათი“, 1975, №1.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები