ბონები ამიერკავკასიის კომისარიატისა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბონები ამიერკავკასიის კომისარიატისა - ქაღალდის დროებითი ფულადი ნიშნები, ლეგალური საგადამხდელო საშუალებანი ამიერკავკასიის ტერიტორიაზე 1918 წლის დასაწყისიდან 1919 წლის შუა ხანებამდე.

1917 რუსეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე ქაოსმა და ანარქიამ დაისადგურა. ამის შედეგად, რუსეთის სახელმწიფო ბანკიდან განაპირა რეგიონებში და მათ შორის კავკასიაშიც ნაღდი ფულის ნიშნების გაგზავნა თანდათან რთულდებოდა, რაც უამრავ პრობლემას იწვევდა. 11 ნოემბერს თბილისში ჩამოყალიბებულმა ამიერკავკასიის ადგილობრივმა მთავრობამ (კომისარიატმა) სცადა, რომ ფინანსური პრობლემა გადაეწყვიტა საკუთარი დროებითი ფულადი ნიშნის, ბონის გამოშვებით.

საგანგებო სამხატვრო ჟიურიმ შეარჩია კონკურსის შედეგად წარმოდგენილი ბონების ესკიზები. 1918 წლის იანვარში ჟიურიმ მოიწონა არქიტექტორ გ. ტერმიქელოვის მიერ შედგენილი პროექტები. 29 იანვარს კომისარიატმა დაამტკიცა „დებულება ბონების შესახებ“, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ამიერკავკასიის ბონი მიმოქცევაში იქნება „დროებით, ვიდრე მოისპობოდეს ის მიზეზები, რომლებიც ქაღალდის ფულის ნაკლებობას იწვევენ. შემდეგ ბონები გაბათილდება“. თავდაპირველად მიმოქცევაში გამოვიდა1, 3, 5, 10, 50 და 100 მანეთის ნომინალური ღირებულების ბონები. მოგვიანებით მათ დაემატა 250-მანეთიანიც. ბონების ძირითადი ფერი და ზომა (მილიმეტრებში) ასეთი იყო:

  • 1 მანეთი შავი ყავისფერზე - 54X78;
  • 3 მანეთი - შავი მწვანეზე - 65X88;
  • 5 მანეთი - ცისფერი მქრქალ ყვითელზე - 113X74;
  • 10 მანეთი - წითელი მქრქალ ყვითელზე - 120X78;
  • 50 მანეთი - შავი ნაცრისფერზე - 141X89;
  • 100 მანეთი- მუქი ყავისფერი ღია ყავისფერზე - 156X101;
  • 250 მანეთი - შავი ვარდისფერზე - 166X103.

ბონებზე აღბეჭდილი გამოსახულებები და ოთხენოვანი (ქართული, რუსული, სომხური და აზერბაიჯანული) წარწერები მკაფიოა და გარკვევით იკითხება. ბონებზე აღბეჭდილია კომისარიატის თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორისა და ფინანსთა კომისარ ქრისტეფორე კარჩიკიანის ხელმოწერები. ბონების ავერსზე (წინა მხარეზე) რუსულად არის წარწერილი ამ ფულადი ერთეულის სახელწოდება - „რუბლი“, ხოლო რევერსზე (ზურგზე) ანალოგიური ტერმინი აღბეჭდილია სომხურ ენაზეც. ბონების რევერსზე ცენტრში გამოსახული როზეტის ან სხვა ტიპის ორნამენტებში ჩახატულ ქართულ და აზერბაიჯანულ (არაბული შრიფტით) წარწერებზე ამ ფულის ერთეულის სახელად მითითებულია „მანეთი“ (ქართულად) და „მანათ“ (აზერბაიჯანულად). აქედან ნათელი ხდება, რომ „რუბლის“ ეკვივალენტურ ქართულ ტერმინს წარმოადგენდა „მანეთი“, ხოლო აზერბაიჯანულის - „მანათი“. ასევე მანეთი ეწოდებოდა მომდევნო პერიოდში გამოშვებული ქართული ბონისტიკური ძეგლების შემდეგ ჯგუფებს, კერძოდ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის, ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის ფულად ერთეულებსაც.

ამიერკავკასიის კომისარიატის ბონები სინთეზურია შინაარსითაც და გარეგნული სახითაც, ზოგადამიერკავკასიური ხასიათისაა და, ამდენად, თანაბრად განეკუთვნება როგორც ქართულ, ასევე სომხურ და აზერბაიჯანულ ბონისტიკას. მიუხედავად ამისა, ქართული ეროვნული ხასიათის პრიმატი მათზე მაინც შეინიშნება. ამაზე მიგვანიშნებს თუნდაც ბორჯღალი და ვაზი, რაც ტრადიციულად ფიგურირებდა ქართულ გამომსახველობით ხელოვნებაში. ბონები საკმაოდ მაღალ პოლიგრაფიულ დონეზეა დაბეჭდილი, თუმცა მათზე არ გვხვდება ქაღალდის ფულის მსოფლიო პრაქტიკაში გავრცელებული ჭვირნიშნები (ფილიგრანები). ეს ბონები იბეჭდებოდა თავისუფლების მოედანზე მდებარე ყოფილი სამხედრო შტაბის შენობაში მოთავსებულ ფულის საბეჭდ ექსპედიციაში, სადაც მოგვიანებით დაიბეჭდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის, საქართველოს სსრ-ისა და ამიერკავკასიის სფსრ-ის ფულის ნიშნები და სხვადასხვა ტიპის ფასიანი ქაღალდები.

მიუხედავად იმისა, რომ 1918 წლის მაისში ამიერკავკასიის ერთიანი სახელმწიფო დაიშალა და მის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა სამი რესპუბლიკა: საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი, მათი ფინანსური ერთიანობა წელიწადზე მეტხანს არ დარღვეულა. ბონების ემისია მათი გარეგნული სახის შეუცვლელად გრძელდებოდა ამ რესპუბლიკების მთავრობათა შეთანხმებების საფუძველზე, რაც 1918 წლის ივლისიდან - 1919 წლის ივლისამდე ხუთჯერ განხორციელდა. საერთო ვალუტის მიმოქცევაში დატოვება მრავალმა გარემოებამ განაპირობა. ამ მოვლენას გააჩნდა როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. ამიერკავკასიურ ბონს ჰქონდა მთელი რიგი უპირატესობანი საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ფულად ერთეულებთან შედარებით, კერძოდ: ამ ვალუტას გააჩნდა გავრცელების უფრო დიდი არეალი, ვიდრე რესპუბლიკების ფულად ნიშნებს შეიძლებოდა ჰქონოდა; მოსახლეობა მას მიჩვეული იყო და დაუბრკოლებლად მოიხმარდა; იგი ხელს უწყობდა სავაჭრო ეკონომიკური კავშირების გაფართოებას. ამდენად, ამიერკავკასიის ფინანსური უნიფიკაციის შენარჩუნება განპირობებული იყო აუცილებლობით. ამ ბონს გარდამავალი ფულის ფუნქცია უნდა შეესრულებინა ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ფულის ერთეულების შემოღებამდე. ასეთივე მდგომარეობა იყო იმ ქვეყნებშიც, სადაც დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, საკუთარი, სრულფასოვანი ფულადი სისტემის შექმნამდე, საკმაო ხანს იყო მიმოქცევაში არაეროვნული ვალუტები ანდა ადგილობრივი, დროებითი ფულისნნიშნები. იმდროინდელი არაერთი ქვეყნის ვალუტის მსგავსად, ამიერკავკასიის მანეთის კურსიც საკმაოდ სწრაფად ეცემოდა, თუმცა ამ პროცესს კატასტროფული ხასიათი არ მიუღია. ამ ბონის პირველი ემისიები უმტკივნეულოდ განხორციელდა, მაგრამ შემდგომში ეს ვითარება შეიცვალა. 1919 წლის შუა ხანებში ამიერკავკასიის უნიფიცირებული ფინანსური სისტემა დაირღვა.

ნიკო ჯავახიშვილი

ლიტერატურა

ნ. ჯავახიშვილი, ქართული ბონისტიკა, თბ., 1996.


Logo1.JPG ბონი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები