ბორენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბორენა დედოფალი

ბორენა − (XIII-XIV სს.), ქართველი პოეტი ქალი. ბორენას ერთადერთი 11-სტრიქონიანი იამბიკური ლექსი შესრულებულია ვერცხლის ჭედურ ფირფიტაზე, რომელიც დაკრულია მცირე ზომის (13.5 X 11 სმ) ღვთისმშობლის ხატის ზურგზე. ხატი ინახებოდა მესტიის მუნუციპალიტეტის სოფელ ლენჯერში, ნესგუნის მაცხოვრის ეკლესიაში. 1948 წ. გ. ჩუბინაშვილმა შესანახად გადაიტანა სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში (მესტია), სადაც ამჟამადაც ინახება.

ხატის წინა მხარეს წარმოდგენილი ყოფილა ღვთისმშობლის წელზევითი ფერწერული გამოსახულება, ჩასმული მოოქრული ვერცხლის ჭედურ ჩარჩოში. ხატის ჩარჩო და ღვთისმშობლის ნიმბი შემკულია სევადით შესრულებული ფოთლოვანი ორნამენტით. ცენტრალურ ნაწილის ზედა კიდეებში, ნიმბის ორივე მხარეს, მოთავსებულია სევადით შესრულებული ასომთავრული განმარტებითი წარწერა, რომლის ასოები შვეულადაა ჩამოწერილი სამ სტრიქონად: „დედჲ || ღმმრთისაჲ“. ხატის ზურგზე დაკრული მთლიანი ვერცხლის ფირფიტის შემოკეცილი კიდეები გადადის გვერდებზე და აქ წინა მხარის ფირფიტასთან ერთად საერთო ვერცხლის ლურსმნებითაა დამაგრებული. ფირფიტა ქვედა ნაწილში მოგლეჯილია და ამის გამო ამ ნაწილში წარწერის ბოლო სტრიქონის ასოები შუაზეა გადაჭრილი. ხატის ზურგზე, ვერცხლის ჭედური ფირფიტის მთელ სიმაღლეზე, წარმოდგენილია რთული მოყვანილობის კვარცხლბეკზე აღმართული ჯვრის გამოსახულება (გოლგოთის ჯვარი). ჯვრის გარშემო დარჩენილი ფართობი და კვარცხლბეკის ზედაპირი შევსებულია ასომთავრული რელიეფური წარწერით. ასოები კიდურწერტილოვანია, განკვეთილობის ნიშნებად დასმულია რელიეფური ორწერტილები. ქარაგმის ნიშნები არ არის. მართალია, წარწერა 11-სტრიქონიანია, მაგრამ გარკვეული წესით სტრიქონთა გადანაწილების შემდეგ იგი დალაგდება ხუთსტრიქონიან იამბიკოდ:

„რომელმან – ეგე ევას მიუზდე ვალი
ჰრქუი რაჲ გაბრიელს „ვარ უფლისა მჴევალი“
მაშინ ისტუმრე ქვეყნად მოუვალი,
დაემჴო ძალი – პირველვე სისხლდამთვრალი,
ქალწულო, მიჴსენ ბორენა ჭირმრავალი“.

ლექსის აღმოჩენის დროიდან (XIX ს. ბოლო) დღემდე მეცნიერთა შორის აზრთა სხვადასხვაობაა მისი წაკითხვის, დათარიღებისა და ბორენას ვინაობის შესახებ.

მკლევართა უმრავლესობა (ა. ხახანაშვილი, კ. კეკელიძე, ს. ყუბანეიშვილი, ს. ცაიშვილი, ი. ქაფიაშვილი) წარწერაში დასახელებულ ბორენას მიიჩნევს მეფე ბაგრატ IV-ის (1027-1072) მეუღლე ბორენა დედოფლად. წმ. ექვთიმე ღვთისკაცი (ე. თაყაიშვილი) ხატს XI-XII სს. „კლასიკურ ხანას“ მიაკუთვნებდა, ხოლო ტექსტს XVI-XVII სს. გადაწერილად მიიჩნევდა და ასკვნიდა, რომ ბორენა სხვა პირია და არა ბაგრატ IV-ის მეუღლე. პ. ინგოროყვას მოსაზრებით, წარწერა XIII ს.-ს მიეკუთვნება, ხოლო ლექსის ავტორია ცოტნე დადიანის მეუღლე ბორენა დედოფალი, ასული შოთა რუსთაველის ძმის, ტბელისა. მაგრამ, ეს მოსაზრება ნაკლებად არის გაზიარებული. პ. ინგოროყვას ეკუთვნის ლექსის ბუნდოვანი პოეტური სახეების გახსნაც: შენ, დედაო მარიამ, რომელმან ევას, პირველ დედას მიუზღე ვალი, რომელმან არქვი გაბრიელ მახარებელს, რომ მე ვარო მხევალი უფლისა, რომელმან ისტუმრე მაშინ ის, ვინც არ მოსულიყო ქვეყნად – ქრისტე, რომლისა მიერ დაემხო ძალი ბოროტისა, რომელიც პირველითგანვე სისხლით იყო დამთვრალი მას შემდეგ, რაც ქვეყნად პირველად დაინთხა უმანკო სისხლი კაენის მიერ. შენ, ქალწულო მარიამ, მიხსენ მე, ჭირმრავალი ბორენა“. ლექსის შინაარსის ასეთი გაგება ძირითადად მისაღებია.

ნესგუნის ხატის წარწერა, ბორენას ლექსის პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით, XIII ს. II ნახევრით ან XIV ს. I ნახევრით თარიღდება. XI-XIV სს. სვანეთის მოსახლეობა მასობრივად წერა-კითხვის მცოდნე იყო. ამასთანავე, სვანეთის საზბას ჰყავდა თავისი ადგილობრივი ხუროთმოძღვრები, მხატვრები, ფერმწერები, ოქრომჭედლები, პოეტები. შუა საუკუნეების სვანეთის ხალხური პოეზიის რამდენიმე ნიმუშმა ნაქარგი წარწერის სახით ჩვენს დრომდეც მოაღწია. ცნობილია, მაგ., XIII ს. II ნახ-ით დათარიღებული ლექსები, რომელებიც ამოქარგულია სვანეთის სოფ. უშგულის მაცხოვრის ეკლესიაში დაცულ ტილოს ქისებზე. მათი რაოდენობა 80-ს აღემატება. სამ მათგანზე შაირით, რუსთველური 16-მარცვლიანი საზომით, შესრულებული ლექსებია ამოქარგული. ქისების ადგილობრივი წარმომავლობა ეჭვს არ იწვევს და ამოქარგული ლექსებიც მათი ავტორი ქალების მიერაა შესრულებული. სავსებით შესაძლებელია, რომ ნესგუნის ხატზე ადგილობრივი ავტორის, ჩვენთვის სხვა წყაროებით უცნობი, ვინმე ბორენას ლექსი იყოს მოთავსებული. რაც შეეხება ქალის საკუთარ სახელს – ბორენა, იგი შუა საუკუნეების სვანეთში, ისევე, როგორც მთლიანად საქართველოში, საკმაოდ გავრცელებული ჩანს. შვიდჯერ დასტურდება იგი XIII ს. II ნახ-ის წერილობით ძეგლში „მატიანე სუანეთისა კრებისაჲ“. გარდა ამისა, ცალკეა დასახელებული ბორენა რატიანი, ბორენა უშუხიანი, ბორენა წიფიანი და სხვ. სავსებით შესაძლებელია, რომ ნესგუნის ხატის წარწერა-ლექსის ავტორი ერთ-ერთი მათგანი იყოს.

ვ. სილოგავა

წყაროები და ლიტერატირა

  • თაყაიშვილი ე., არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წ., პარ., 1937;
  • ინგოროყვა პ., შოთა რუსთაველი (1166-1250) წგ.: შოთა რუსთაველი, ვეფხისტყაოსანი, ტექსტი, წ. 1, თბ., 1970;
  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, თბ., 1962;
  • სილოგავა ვ., ბორენას წარწერა-ლექსის გარშემო, „ლიტერატურული საქართველო“, 1999, №3;
  • ქაფიაშვილი ი., ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები, თბ., 1994;
  • ძველი ქართული პოეზია თხუთმეტ ტომად, ტ. 1, ძველი ქართული პოეზია V-XII საუკუნეებისა, ს. ცაიშვილის გამოც., თბ., 1979;
  • Материалы по истории и археологии Кавказа, 1904, вып. 10-Б



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები