ბოსლამა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბოსლამა (ნოღ. Бослама) – მკურნალობის ირაციონალური სეანსი, რომელიც ავადმყოფის სხეულიდან დაავადების გამომწვევი ავსულის განდევნის მიზნით ტარდებოდა. საამისოდ, ნოღაელი ექიმბაშები ახალმოკლული მგლის ტყავს შეულოცავდნენ, ნემსით ჩხვლეტდნენ და წვავდნენ. უნდა ითქვას, რომ მგლის ტყავი, ცხოველის გამხმარი ძარღვის ძაფი, ე. წ. „თარამისი“, კბილი და ძვალი, როგორც სამკურნალო საშუალება და ბოროტ სულთაგან დამცავი ავგაროზი, ნოღაელებში ფართოდ გამოიყენებოდა. მგლის ტყავის ნაჭერი, თითქმის, ყველა ოჯახში ინახებოდა (ჰკიდებდნენ აკვნის თავზე, ბავშვის კისერზე, აკერებდნენ სამოსში და ა. შ.); მიიჩნევდნენ, რომ მგლის ტყავისგან შეკერილი სამოსი უბედურებისაგან დაცვის საიმედო საშუალება იყო. ამიტომაც მგლის ქურქს წარჩინებულები, ხოლო ამ ცხოველის ტყავის ქუდს საზოგადოების სხვა ფენებიც ატარებდნენ (ამაზე მიუთითებს ქუდის ნოღაური სახელი „მგელი“ (боьрк/боьрик).

სტეპის ყარანოღაელები, რომლებსაც ძარლების ეშინოდათ, მგლის ტყავის შვიდი ფერის ძაფშებმულ ქამრებს იკეთებდნენ. საინტერესოა აღინიშნოს, რომ სულიერად დაღლილი და დეპრესიაში მყოფი ან უკვე სიბერეში შესული ადამიანი, გამოსაჯანმრთელებისა და ჯან-ღონის შენარჩუნების მიზნით, კლავდა მგელს, სახალხოდ გაატყავებდა და ტყავის ნაჭრებს დამსწრეებს დაურიგებდა (ეს უკანასკნელნი საჩუქარს კოცნიდნენ შუბლზე მიიდებდნენ, შემდეგ კი ან თან ატარებდნენ ან საიმედო ადგილზე ინახავდნენ). ერთ-ერთი უხუცესი მგლის თავს ჯოხზე დაამაგრებდა და ზეაწეული ეკავა, ვიდრე ქალები შემდეგი სახის სიმღერას დაასრულებდნენ:

მგლის თავო, მგლის თავო,
ნუ იქნები ჩვენი მტერი,
დე, ნუ აგიფორიადება სული,
დე, პატივში დარჩეს თავი.
მგლის თავო, მგლის თავო,
შეისმინე ჩვენი თხოვნა,
დე, ჩვენი ხმლები არ დაჩუნგლდეს,
დე, ძმები მტრები ნუ გახდებიან.
მაშინ ბულბულივით ავმღერდებით,
ედიგესავით ნადიმს გავმართავთ.
დე, ჩვენმა მტრებმა მარილი ჭამონ,
წყალი ვერ იშოვონ, შხამი დალიონ.

თუ მგელი ხაფანგში გაებმებოდა, ან ცოცხალს დაიჭერდნენ, მხოლოდ მაშინ მოკლავდნენ, როცა ცისრტყელა გამოჩნდებოდა.


ლიტერატურა

  • Акманбетов Т. А. Коьзясымнурболсын. Бозлавлар. Махачкала, 2009;
  • Капаев И. Космологические представления ногайцев // Дон новый. № 1. 2014.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები