ბოჭორიძე გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი ბოჭორიძე

ბოჭორიძე გიორგი − (20.08. 1884, თბილისის გუბერნია, თიანეთის მაზრა, სოფ. ნაციხვარი, – 1939, სადგ. გუდერმესთან, ჩრდილოეთ კავკასია), ისტორიკოსი, ეპიგრაფიკოსი, საარქივო საქმის ორგანიზატორი, ყოფილი მღვდელი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა მღვდელ თადეოზ ბოჭორიძისა და თამარ ქააძის ოჯახში (მამა წარმოშობით რაჭის სოფ. ჯვარისას მკვიდრი იყო, გვარად ბოჭორიშვილი, მღვდლად გამწესებული თუშეთში).ბოჭორიძე სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში (1901-1905) და თსუ-ის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტტზე, ისტორიის განხრით (1918-1922).

სემინარიაში სწავლის დროს ბოჭორიძე გაწევრიანდა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიაში და ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში, რის გამოც სემინარიიდან გარიცხეს. ამან ვერ შეაჩერა ახალგაზრდა, თავისუფლებას მოწყურებული სტუდენტი. კახეთში სოფელ-სოფელ დადიოდა და არალეგალურ ლიტერატურას ავრცელებდა, ფარულ კრებებს, მიტინგებს აწყობდა. 1906-1907 წწ. მეფის არმიაში მსახურობდა. 1907 წ. 15 სექტემბერს თუშეთში ალვანის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1907 წ. 1 ოქტომბერს მატანის სკოლაში გადაიყვანეს. 1908 წ. 1 ოქტომბერს ბაქოს საოლქო სასამართლოში კანცელარიის მეორე განყოფილების თანამშრომლად დაინიშნა. 1909 წ. 4 თებერვალს თბილისის სასწავლებლის საოლქო კომიტეტმა საგარეჯოს სახალხო სკოლაში მასწავლებლად გაამწესა. 1909 წ. 14 სექტემბერს საგარეჯოს ორკლასიან სახალხო სკოლაში გადაიყვანეს, 1910 წ. 1 ოქტომბერს ყანდაურის სკოლაში დაინიშნა. ამ პერიოდში დაქორწინდა სოფ. ჩაილურის მკვიდრზე, ანა ევგენის ასულ ქევხიშვილზე. 1911 წ. 8 მაისს ალავერდელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) დიაკვნად აკურთხა. 1911 წ. 11 მაისს ბაქოს ეპისკოპოსის პიმენის (პეგოვი), ხელდასხმით მღვდლად ეკურთხა და ჯავის წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1911 წ. 13 ივლისს სოფ. ჭვარების ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში გადაიყვანეს. 1911 წ. 26 აგვისტოს კაჭრეთის წმ. გიორგის ეკლესიაში დაადგინეს. 1914 წ. 6 აპრილს დაჯილდოვდა საგვერდულით. 1916 წ. 23 დეკემბერს უბოძეს სკუფია. 1917 წ. კაკაბეთის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს.

ახალგაზრდა მღვდელი აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ საქმიანობაში. მისი თაოსნობით ორ სოფელში გაიხსნა დაწყებითი სკოლა, მრევლის ძალა და ენერგია მან სოფლის სასიკეთო საქმეებისთვის წარმართა. მისი ხელმძღვანელობით ახალგაზრდები უვლიდნენ გზებს, აშენებდნენ საზოგადოებრივ შენობებს, ეხმარებოდნენ ქვრივ-ობლებს. ბოჭორიძის ინიციატივით სოფ. კაჭრეთში შეიქმნა სასულიერო-სამეურნეო სავაჭრო კოოპერატივი, ხოლო სოფ. ნანიანში ჩამოყალიბდა საკრედიტო ამხანაგობა, დაწესდა ბაზრობა და სოფლის ბოლოს გაიმართა რკინიგზის ბაქანი.

1917 წ. თებერვლის რევოლუციის დროს ბოჭორიძემ მახლობელი სოფლებიდან 5000-მდე კაცი შეყარა და საბრძოლო ყიჟინა დასცა: „ქრისტიანობის მთავარი პრინციპი სიყვარული და დათმობაა, მაგრამ როცა სამშობლოს ბედი წყდება, ჭეშმარიტ მართლმადიდებელს უფლება არა აქვს, ლოცვის ამარა დარჩეს. საქართველოს თავისუფლებისთვის ჩვენი მღვდელმთავრები ლაშქარს ჯვრით, ხმლითა და დროშით მიუძღოდნენ. დაე, მონობის უღლის დასამხობად დღესაც ასეთი შემართებით გავისარჯოთ“, – უთქვამს მას მიტინგზე. ბოჭორიძე აქტიურად მონაწილეობდა 1917 წ. 8-17 სექტემბერს გამართულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ საეკლ კრებაზე.

1918 წ. გაიხსნა თბილისის უნივერსიტეტი. ბოჭორიძემ სწავლის გაგრძელების მიზნით მღვდლობას თავი დაანება (მეორე ვერსიით – 1921 წ.) და უნივერსიტეტში ჩაირიცხა. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან (1921) მუშაობდა საქართველოს ცენტრალურ არქივში ინსპექტორად და არქივარიუსად, ხოლო 1927 წლიდან – ძველი საბუთების განყოფილების გამგედ. 1934-1937 წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების უფროს მეცნიერ თანამშრომლად. ბოჭორიძემ არქივსა და მუზეუმში მუშაობის დროს უდიდესი მუშაობა გასწია რევოლუციების დროს და მათ შედეგად აწეწილი საარქივო ფონდების დასალაგებლად, რუსეთიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მიღებული მასალის დასაბინავებლად. XX ს. 20-იან წწ., როდესაც საქართველოს ეროვნულ საგანძურს დაღუპვის რეალური საფრთხე ემუქრებოდა, ბოჭორიძემ მოიარა საქართველოს თითქმის ყველა კუთხე, მათ შორის – საინგილო, შეაგროვა და აღწერა უნიკალური ისტ. მასალა. 1923-1934 წწ. ბ-მ აღწერა 900 არქიტექტ. ძეგლი, გამოავლინა და შეაგროვა 2260 ისტ. ღირებულების ნივთი, 540 ხელნაწერი წიგნი, 200 ძველი დასტამბული წიგნი, 3550 სიგელ-გუჯარი, 3 ნუმიზმატიკური კოლექცია, 28 ეპიგრაფიკული ძეგლი და სხვ. სამეცნიერო ბრუნვაში დღეს არსებული მრავალი მასალა (ძეგლთა აღწერილობა, წარწერები) ბოჭორიძემ დაღუპვისგან იხსნა და დღემდე შემორჩენილია მისი დაუღალავი მოღვაწეობის წყალობით. 1923-1926 წწ. ქართლში, კახეთში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში ბოჭორიძის მოგზაურობის შედეგია მისი მონოგრაფიები: „მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში“ (1992), „თუშეთი“ (1993), „რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები“ (1994). 1995 გამოიცა ბოჭორიძის „იმერეთის ისტორიული ძეგლები“, რომლის არსებობა ცნობილი არ იყო და რომელიც გამოავლინა ხელოვნებათმცოდნე ც. ჩაჩხუნაშვილმა (ავტოგრაფი დაცული იყო საქართველოს ძეგლთა დაცვის მთავარი სარესტავრაციო სახელოსნოს არქივში). მცირე გამონაკლისის გარდა ბოჭორიძის სამეცნიერო ნაშრომების გამოცემა სიცოცხლეში არ დასცალდა. შრომებში მოცემულია მის მიერ მოვლილი საქართველოს კუთხეების დეტალური აღწერა სოფლების მიხედვით, აღწერილია ეკლესია-მონასტრები და საერო დანიშნულების ნაგებობანი, ეპიგრაფიკული ძეგლები, ისტორიული დოკუმენტები, მინაწერები, საკულტო და საყოფაცხოვრებო ინვენტარი, ნუმიზმატიკური მასალა. მოგზაურობის დროს ბოჭორიძეს შეკრებილი და ფიქსირებული აქვს მოსახლეობაში შემორჩენილი, ისტორიულ ძეგლებთან დაკავშირებული გადმოცემები და თქმულებები. ბოჭორიძემ თავისი მოღვაწეობის დროს მიაკვლია უამრავ მნიშვნელოვან სიძველეს, რომელთა შორის განსაკუთრებით საყურადღებოა სოფ. ჯვარისას (მისი მშობლიური სოფელი რაჭაში) ეპიგრაფიკული ძეგლი და თაბორის ოთხთავი (XI ს.). ბოჭორიძის ნაშრომთა დიდი ნაწილი დღემდე გამოუცემელია. ბოჭორიძე XX ს. 30-იანი წლების რეპრესიების მსხვერპლი გახდა. 1937 წ. დააპატიმრეს, ხოლო 1939 წ. გადაასახლეს, მაგრამ გადასახლების ადგილამდე ვერ მიაღწია. გზად ბოროტმოქმედებმა გაძარცვის მიზნით მატარებლის ვაგონში სიცოცხლეს გამოასალმეს (სავარაუდოდ, 27 სექტემბერს).


ლ. ფრუიძე
გ. მაჩურიშვილი

თხზულებები

  • ორი ფიქალწერილი, „საისტორიო მოამბე“, 1925, წ.1;
  • ფურცელაანთეული ქრონიკა, იქვე, ძველი ქართული საბუთები და ხელნაწერი წიგნები, საქართველოს არქივი, 1926, წგ. 1;
  • ჯვარისას ძეგლი, საქართველოს არქივი, 1927, წგ. 3;
  • მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში, თბ., 1992;
  • თუშეთი: ეთნოგრაფიულ-ფოლკლორული მასალები, თბ, 1993;
  • რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები, თბ., 1994;
  • იმერეთის ისტორიული ძეგლები, თბ., 1995.

წყაროები

  • სცსა, ფონდი 489, აღწერა 1, საქმე №57627;
  • საქართველოს საეგზარქოსოს უწყებანი 1910-1917 წწ. (რუს. ენაზე).

იხილე აგრეთვე

გიორგი ბოჭორიძე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები