ბოჭორმის ხატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წმინდა გიორგი.
ბოჭორმა. XI ს.

„ბოჭორმის წმინდა გიორგის ხატი“ — (XI ს. II ნახ.), ერთი-ერთი ყველაზე ცნობილი და სათაყვანებელი ხატი საქართველოში, განსაკუთრებით კახეთში. „ბოჭორმის წმინდა გიორგის ხატი“ საფუძვლიანად შეისწავლა გ. ჩუბინაშვილმა. ერეკლე II-ის მეფობის ხანაში (სავარაუდოდ, უფრო ადრეც) ხატი დაბრძანებული იყო „ალავერდში“ და მას ყოველ 10 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, ბოჭორმის ტაძარში მიაბრძანებდნენ. ხატის სანაწილეში ჩაბრძანებული იყო წმ. გიორგის ნაწილი. ამ სასწაულმოქმედ ხატს შეწევნისთვის მიმართავდნენ გვალვის, ეპიდემიების, მტრის შემოსევების დროს. 1785 წ. ხატი წინ უძღოდა ავარიის მმართველ ომარ-ხანის წინააღმდეგ საბრძოლველად წასულ ქართულ ჯარს.

„ბოჭორმის წმინდა გიორგის ხატი“ არაერთგზის იყო რესტავრირებული, რამაც გარკვეული კვალი დააჩნია კიდეც ძეგლს და მან მრავალშრიანი სახით მოაღწია დღემდე. ხატი საკმაოდ დიდი ზომისაა (133X104 სმ.). მისი მოჩარჩოება გვევლინება უკანასკნელ განახლებად – მასზე შემორჩენილია განმაახლებელ-დამკვეთის – გიორგი XII-ის ძის, ბატონიშვილ დავითის წარწერა: „შენ მწამეთა მხედართ მთავარსა წ-ას გიორგის შეგიმკობინე ხატი ესე შენი ბოჭორმისა ეკლესიისა საოხად ჩემდა წინაშე შენგან ღვაწლ დადებულისა ღ-ისა მეფის ძემან საქართველოს მემკვიდრემ და რუსეთის ღენერალ ლეიტენანტმან და კავალერმან დავით მფარველ და მწადნელმან თავისა ჩემისამან:, წელსა. ჩყა ქ-კს უპთ: გაბრიელი“ (ოსტატის სახელი).

„ბოჭორმის წმინდა გიორგის ხატი“ ყურადღებას იქცევს თავისი იკონოგრაფიული გადაწყვეტით. წმიდანი კომპოზიციის ცენტრში მთელი ტანითაა წარმოდგენილი. 3/4-ით მიბრუნებული წმიდანი მარცხენა ზედა კუთხეში გამოსახული მაცხოვრის ნახევარფიგურისკენაა ვედრებად მიმართული. ჯვრული შარავანდით მოსილი ქრისტე აკურთხებს წმიდანს. წმ. გიორგის სამოსი ძვირფასი თვლებითაა შემკული. კომპოზიციის მარჯვენა ქვედა კუთხეში წარმოდგენილია ფარი და მის უკან მთელ სიგრძეზე აღმართული შუბი. წმ. გიორგის შარავანდის ორსავ მხარეს რელიეფურად ამოზრდილი ტიხროვანი მინანქრის მედალიონებია, რომელშიც ორენოვანი – ქართული ასომთავრული და ბერძნული წარწერებია. ფონს მთლიანად ფარავს მცენარეული ორნამენტი.

„ბოჭორმის წმინდა გიორგის ხატს“ ზუსტი იკონოგრაფიული პარალელი საქართველოში არ ეძებნება. გ. ჩუბანიშვილი ნ. კონდაკოვის ნაშრომზე დაყრდნობით მის უცხოურ ანალოგს – წმ. გიორგისა და წმ. დემეტრეს მოზაიკურ ხატებს ასახელებს (XII-XIII სს, ქსენოფონი, ძველი ათონი). იკონოგრაფიული თავისებურებები „ბოჭორმის წმინდა გიორგის ხატს“ სხვა არსებულ გამოსახულებათა შორის გამოარჩევს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს მას. ლოცვის პოზაში გამოსახული წმიდანი შესაძლოა ადრეული შუა საუკუნეებისთვის უკვე გამქრალ იკონოგრაფიულ ტიპს წარმოადგენდეს და მას საფუძვლად უფრო ძველი მხატვრული ტრადიცია ედოს (გ. ჩუბინაშვილი).

ხატმა დროთა განმავლობაში არაერთი ცვლილება განიცადა. იგი თავისთავში რამდენიმე ეპოქას აერთიანებს, რაც მხატვრული ოსტატობის არაერთგვაროვნებაში ვლინდება. თავდაპირველია: წმიდანისგან გამოცალკევებული დიდი ზომის ფარი და შუბი, რაც ძლევამოსილების სიმბოლოდ აღიქმება. სავარაუდოდ, XIV-XV ; სს., ხატი გაიძარცვა და დაზიანდა. XVI ს. იგი აღადგინეს. ამ პერიოდისაა საკუთრივ წმიდანის ფიგურის ნაწილები და ორნამენტული ფონი (თავდაპირველად ფონი სადა იყო). უკვალოდ არ ჩაუვლია არც XVII და XVIII სს., ხოლო უკანასკნელად ხატი, 1801 განახლდა. ბატონიშვილ დავითის მიერ განახლებული ნაწილები (ჩარჩო, შარავანდი) რუსული ხელოვნების კვალს ატარებს და ხატის ზოგადმხატვრული კომპოზიციიდან მკვეთრად გამოიყოფა.

„ბოჭორმის წმინდა გიორგის ხატი“ 1923 წ. ალავერდის ტაძრის გაძარცვის შემდეგ, თბილისში გადმოიტანეს. დღეს დაცულია შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში.


მითი ბოჭორმის ხატზე

ბოჭორმის ეკლესიაში ყოფილა ჯვარი, რომელზეც ჯვარცმა და წმიდა გიორგი იყო გამოსახული. ბოჭორმას ლეკები შემოსევიან, ეკლესია გაუძარცვავთ და ეს ჯვარიც წაუღიათ. მაგრამ წმიდა გიორგის ძალას ლეკების სოფელი დაუსჯია: სოფელში რამდენიმე წელიწადს, სანამ ჯვარი მათთან იყო, ცამ პირი შეკრა – წვიმის წვეთი არ ჩამოვარდნილა მიწაზე, არც ჭირნახული მოდიოდა, არც კაცი და არც პირუტყვი იბადებოდა. ბოლოს, მიხვდნენ უბედურების მიზეზს და ჯვარი უკან დააბრუნეს. ბოჭორმელებმა, ჯვარი რომ დაიბრუნეს, თავისთან აღარ დაიტოვეს და ალავერდის ტაძარში დაასვენეს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები