ბრანკუზი კონსტანტინე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კონსტანტინ ბრანკუზი. ახალშობილი, 1915; მარმარილო, 14.6X21X14.8სმ. ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმი. ლუის და უოლტერ არენბერგების კოლექცია

კონსტანტინე ბრანკუზიI მსოფლიო ომის წინა ხანაში, ქანდაკებამაც ცვლილებების ისეთივე ღრმა და რევოლუციური გზა გაიარა, როგორც ფერწერამ. ეპოქის ყველაზე რადიკალურ ინოვაციად პიკასოს არა პედესტალზე დაყენებული, არამედ სხვადასხვა მასალებისგან აწყობილი და კედელზე დაკიდებული სამგანზომილებიანი ნამუშევრები შეიძლება მივიჩნიოთ (ეს იდეა რუსეთში ტატლინმა განავითარა). მაგრამ ყველა ცვლილება ახალ მასალებსა და გამოსახულების კონტექსტს როდი უკავშირდებოდა.

კონსტანტინ ბრანკუზი. ახალგაზრდა მამაკაცის ტორსი, 1924; ბრინჯაო ქვისა და ხის სადგამზე. ფიგურისა და სადგამის კომბინაცია, 102.4X50.5X46.1სმ. ჰირშჰორნის მუზეუმი და ქანდაკებათა ბაღი, სმითსონის ინსტიტუტი, ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი

პარიზში გამოფენილმა ე.წ. „პრიმიტიულმა„ ხელოვნებამ ნახვისთანავე დაატყვევა რუმინელი ხელოვანი კონსტანტინ ბრანკუზი (Constantin Brâncuşi, 1876-1957), რომელიც 1904 წლიდან პარიზში ცხოვრობდა და 1907 წლამდე როდენის სახელოსნოში მუშაობდა. მას აღაფრთოვანებდა დასავლური ტრადიციის მიღმა არსებული ხელოვნების ნახევრადაბსტრაქტული ფორმები და სწამდა, რომ ამგვარი ხელოვნების შემოქმედმა არტისტებმა წარმატებით შეძლეს გამოსასახი ობიექტების „არსის“ მოხელთება. ქანდაკების არსის ძიებაში ბრანკუზი, პიკასოს მსგავსად, ზედაპირული რეალიზმის უარყოფის გზით წავიდა. ის წერდა:„რეალურია საგნების არა გარეგნული ფორმა, არამედ მათი არსი. თუკი ხელოვანი ამ ჭეშმარიტებით მიუდგება სამუშაოს, მისთვის შეუძლებელი გახდება რისამე არსობრივად რეალურის გამოსახვა მხოლოდ გარეგნული მიბაძვით“.

ბრანკუზისთვის კვერცხი სიმბოლურად განასახიერებდა ადამიანის დაბადებას, ზრდას და განვითარებას, სიცოცხლის „არსს“, რომელიც იდეალურ, ორგანულ, აბსტრაქტულ ოვალშია მოქცეული. 1915 წლის ნამუშევარში ახალშობილი ის აერთიანებს კვერცხისებურ ფორმასა და ახალშობილის უსხეულო თავს და ამგვარად წარმოგვიდგენს კაცობრიობის არსს დაბადების მომენტში. 1924 წლის ქანდაკებაში ახალგაზრდა მამაკაცის ტორსი ბრანკუზიმ ფიგურის ტორსი და ბარძაყები კარგად გაპრიალებულ ლითონის ცილინდრებამდე დაიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ნამუშევრის მექანიკურმა სიმწყობრემ შესაძლოა, ლეჟეს ან ფუტურისტთა ნამუშევრები მოგვაგონოს, ამ თამამ აბსტრაქციას კლასიკური ხელოვნებისთვის დამახასიათებელი სიმყარე და სიმშვიდე მოაქვს მაყურებლამდე. ამ შეგრძნებას განსაკუთრებით ამძაფრებს შთამბეჭდავი სადგამი, რომელიც ხისა და ქვის მასალებისგანაა შექმნილი.



წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები