ბრენტანო ფრანც

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბრენტანო ფრანც

ბრენტანო ფრანც - Brentano Franz, Брентано Франц, 1838-1917

გერმანელი ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი, ევროპული ფუნქციონალიზმის ერთი მიმართულების, აქტფსიქოლოგიის ფუძემდებელი. მიიღო ფილოსოფიური და თეოლოგიური განათლება გერმანიის რამდენიმე უნივერსიტეტში. დაიცვა დისერტაცია არისტოტელეზე, რომლის (და აგრეთვე თომა აქვინელის) შემოქმედების უდიდეს მცოდნე იყო. მალე მღვდლად ეკურთხა და დაიწყო ფილოსოფიის სწავლება ვიურცბურგის უნივერსიტეტში. 1870 წელს ვატიკანმა პაპის უცოდველობის დოგმა მიიღო, რომელსაც ბრენტანო კატეგორიულად არ ეთანხმებოდა. ამის შედეგად მან ანაფორა გაიხადა და უარი თქვა პროფესორის წოდებაზე, რომელიც, როგორც მღვდელმა, მიიღო. ამიერიდან იგი მხოლოდ მეცნიერებას ემსახურებოდა. 1874 წელს გამოქვეყნდა ბრენტანოს კლასიკური ნაშრომი „ფსიქოლოგია ემპირიული თვალსაზრისით”, რომლემაც, ამავე წელს გამოცემული ვ. ვუნდტის „ფიზიოლოგიურ ფსიქოლოგიასთან” ერთად, მნიშვნელოვნად განსაზღვრა იმდროინდელი ფსიქოლოგიის სახე. თავისი ფსიქოლოგიური შეხედულებები ბრენტანოს გადმოცემული აქვს კიდევ ორ ნაშრომში: „შეგრძნების ფსიქოლოგიის შესახებ” (1907) და „ფსიქიკურ ფენომენთა კლასიფიკაციისთვის” (1911). ბრენტანოს ლექციები ვენის უნივერსიტეტში, სადაც იგი 1874-1894 წლებში პროფესორად მუშაობდა, ძალიან პოპულარული იყო. მის მრავალრიცხოვან მსმენელთა შორის ბევრმა გაითქვა სახელი: მაგ., ტ. მასირაკი ჩეხეთის პრეზიდენტი გახდა, ხოლო გ. ფონ ჰეთლინგი - ავსტრიის რეიხსკანცლერი. ხოლო მეცნიერთაგან საკმარისია დავასახელოთ გამოჩენილი მოაზროვნეები: ზ. ფროიდი (ფსიქოანალიზის ავტორი), ე. ჰუსერლი (ფენომენოლოგიური ფილოსოფიის ავტორი), კ. შტუმფი (ბერლინის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი), ა. მაინონგი და ქ. ერენფელსი (გრაცის ფსიქოლოგიური სკოლის ფუძემდებლები).

ბრენტანომ წარმოადგინა ფსიქოლოგიური მეცნიერების აგების თავისი ხედვა, რომელიც არსებითად განსხვავდებოდა ვუნდტის პროგრამისაგან. ეს უკანასკნელი ცნობიერების შინაარსებს (აღქმის ხატები, წარმოდგენები და ა.შ.)შეისწავლიდა მათი ელემენტებად დაშლის გზით. ბრენტანოს მიაჩნდა, რომ შინაგანი სამყარო შედგება ფსიქიკური პროცესებისაგან, ანუ აქტებისაგან. აქტის ძირითადი ნიშანი არის ინტენციურობა, რაც ნიშნავს აქტის მიმართულობას რაიმე ობიექტზე. ტერმინი „ობიექტი” ეტიმოლოგიურადაც ამას ნიშნავს - „პირისპირ მდებარე” (იგულისხმება სუბიექტის პირისპირ მდებარეობა ანუ სუბიექტთან დაპირისპირება; სხვათა შორის, ასევეა ქართული ტერმინიც „საგანი” - ძველქართულად „სამიზნე”). საზღვარი ფიზიკურ და ფსიქიკურ პროცესებს (აქტებს) შორის სწორედ აქტების ინტენციურობაზე გადის. მოვლენები სხვადასხვაგვარი ფსიქიკური აქტების ინტენციის საგნები ხდებიან: იდეაციის აქტებისა {აღქმა, წარმოდგენა}, განსჯისა {აზროვნება} ანდა გრძნობის აქტებისა.

აკრიტიკებდა რა ვუნდტის ლაბორატურიულ ექსპერიმენტს, მისი ხელოვნურობის გამო, ბრენტანოს მიაჩნდა, რომ ფსიქოლოგია უნდა დააკვირდეს აქტებს მათ ბუნებრივ მოცემულობაში - ისე, როგორც ისინი რეალურად არსებობენ შინაგან განცდაში. ამ მიდგომას ფენომენოლოგიური ეწოდა და მან დიდი გავლენა იქონია ფსიქოლოგიის (და ფილოსოფიის) შემდგომ განვითარებაზე. ბრენტანოს დებულებები ცნობიერების აქტიურობის, მთლიანობის, საგნობრიობის შესახებ მეტ-ნაკლებად აისახა ევროპული ფსიქოლოგიის ზოგი მიმართულების კვლევითი მუშაობის შინაარსსა და პრინციპებში (ფუნქციონალიზმი, ფენომენოლოგიური ფსიქოლოგია, ავსტრიის (გრაცის) სკოლა, ვიურბურგის სკოლა, გეშტალტფსიქოლოგია).

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები