ბრესტის ზავი 1918

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბრესტ-ლიტოვსკის ზავი

ბრესტის ზავი 1918 - სამშვიდობო ხელშეკრულება, ერთი მხრით, რუსეთსა და მეორე მხრით, გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის. ხელი მოაწერეს 1918 წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკში (ახლანდელი ბრესტი).

რატიფიცირებულ იქნა სრულიად რუსეთის საბჭოების საგანგებო IV ყრილობის მიერ 15 მარტს; გერმანიის რაიხსტაგმა მოიწონა 22 მარტს და რატიფიცირებულ იქნა გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ II-ის მიერ 26 მარტს.

გერმანიაში დაწყებულმა 1918 წლის ნოემბრის რევოლუციამ დაამხო იმპერატორ ვილჰელმ II-ის ხელისუფლება და საბჭოთა მთავრობამ 1918 წლის 13 ნოემბერს გააუქმა ბრესტის ზავი. (ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი)

ბრესტის საზავო ხელშეკრულება და საქართველო

მოლაპარაკების პროცესში ოსმალეთის მხრიდან კავკასიის საკითხი წინა პლანზე იქნა წამოწეული. ოსმალთა პრეტენზიებს მხარს გერმანიაც უჭერდა. ამიერკავკასიის ფრონტის სარდლის, გენერალ ვეჰიბ-ფაშას მიერ 1918 წლის 3 იანვარს გენერალ ი. ოდიშელიძისთვის გაგზავნილი რადიოდეპეშა - ამიერკავკასიის მთავრობა საქმის კურსში ჩაეყენებინა და ბრესტ-ლიტოვსკში ნდობით აღჭურვილი წარმომადგენელი გაეგზავნა, ოფიციალურ მიწვევად ვერ ჩაითვლებოდა. საბჭოთა რუსეთის საზავო დელეგაციის თავმჯდომარის მდივნის (ლ. კარახანი) სახელით, ამიერკავკასიის კომისარიატს რადიოდეპეშა გაეგზავნა (1918 წლის 10 თებერვალი) ბრესტ-ლიტოვსკში მოლაპარაკებებზე მიწვევის შესახებ. ლ. კარახანის ხელმოწერით გამოგზავნილი დოკუმენტი - ამიერკავკასიის სეიმის 1918 წლის 13, 15 და 16 თებერვლის სხდომებზე იქნა განხილული. საკანონმდებლო ორგანოს წევრთა ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებაში გადამწყვტი როლი ნ. ჟორდანიას მიერ 15 თებერვალს გაკეთებულმა განცხადებამ შეასრულა: „ისეთ ზავს, როგორსაც ბოლშევიკები გვთავაზობენ, ჩვენ ხელს არ მოვაწერთ. უმჯობესია ადგილზევე დავიხოცოთ, ვინემ თავი მივცეთ შთამომავლობას სამუდამო წყევლა-კრულვისათვის“.

მართალია, ბრესტის საზავო ხელშეკრულების IV მუხლი ყარსის, არდაგანისა და ბათუმის ოკრუგების კუთვნილების გადაწყვეტას, ფორმალურად, რეფერენდუმის ჩატარების გზით ამ რეგიონების მოსახლეობის პრეროგატივად აღიარებდა, მაგრამ რაც შეეხება იმავე ხელშეკრულების დამატებითი ნაწილის მეორე მუხლს, ის რუსეთ-ოსმალეთის საზღვრის აღდგენას 1877-1878 წლების ომამდელ მდგომარეობაში ითვალისწინებდა, ე.ი. საზღვარი მდინარე ჩოლოქზე უნდა გავლებულიყო.

ამიერკავკასიის სეიმის 1918 წლის 17 თებერვლის ოფიციალური განცხადებით, ბრესტის საზავო ხელშეკრულების დამატებითი მეორე მუხლით ოსმალეთისთვის ამიერკავკასიის რესპუბლიკების ტერიტორიების გადაცემის სამართლებრივი მხარე კითხვის ნიშნის ქვეშ იქნა დაყენებული:

1. ამიერკავკასიის ერების ისტორიული ტერიტორიების ოსმალეთისთვის გადაცემა კონფერენციის შესაბამისი ქვეკომისიის სხდომის ოქმზე ამ ერების ოფიციალური

წარმომადგენლების ხელმოწერით დადასტურების გარეშე განხორციელდა;

2. ამიერკავკასიის კომისარიატისა და სეიმის მხრიდან საბჭოთა რუსეთის ოფიციალურად არცნობის მიუხედავად, კავკასიის რესპუბლიკათა ტერიტორიების ოსმალეთისათვის გადაცემა ცალმხრივად იქნა გადაწყვეტილი;
3. ამიერკავკასიის სეიმის მიერ ბრესტის საზავო ხელშეკრულება ხელმოწერამდე რამდენიმე დღით ადრე იქნა უარყოფილი.

ამ მიზეზების გამო, ამიერკავკასიის სეიმი არ ცნობდა ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების პირობებს. ეს დოკუმენტი ოფიციალურად ბრესტის ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოებს დაეგზავნა. ბრესტის საზავო ხელშეკრულება საქართველოს საზღვრებთან მიმართებაში საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოდან რომ იყო ამოვარდნილი და მისი შესრულება სავალდებულოდ არ ითვლებოდა, ამაში ოსმალეთიც კარგად იყო დარწმუნებული. ამიტომ იყო, რომ ტრაპიზონისა და ბათუმის კონფერენციებზე ოსმალეთი, ბრესტის საზავო ხელშეკრულების პირობების სამართლებრივ ჩარჩოში ჩასასმელად ქართული მხარისგან, მისი აღიარების ხელმოწერით დადასტურებას მოითხოვდა.

1918 წლის 13 ნოემბერს საბჭოთა რუსეთმა ბრესტის საზავო ხელშეკრულება გააუქმა, ხოლო საქართველო-რუსეთს შორის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების IV მუხლით, რუსეთის ყოფილი იმპერიის შემადგენლობაში შემავალი საქართველოს ისტორიულ ტერიტორიებზე საქართველოს ხელისუფლების სამართლებრივი უფლებამოსილება საბჭოთა რუსეთის მხრიდან ოფიციალურად იქნა აღიარებული. საბჭოთა რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ ოსმალეთისათვის 1920 წლის 19 დეკემბერს გაგზავნილ ნოტაში პრინციპულად იყო დასმული საკითხი - საქართველო-ოსმალეთის ხელშეკრულების ტექსტის შემუშავებისას, საზღვრებთან მიმართებაში რუსეთ-საქართველოს 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება ყოფილიყო გათვალისწინებული. ოსმალეთის მხარემ ამ მოთხოვნაზე ოფიციალური თანხმობა განაცხადა. რამდენადაც ბრესტის საზავო ხელშეკრულების IV და დამატებითი ნაწილის მეორე მუხლები საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოს მიღმა იდგა, ამ ფაქტორმა განაპირობა საბჭოთა რუსეთის ზემოაღნიშნული მოთხოვნის შესრულებაზე ოსმალეთის დათანხმება.

შოთა ვადაჭკორია

ლიტერატურა

  • მ. სვანიძე, ბრესტის ზავი და საქართველო, საქართველოს დიპლომატია, წელიწდეული 3, თბ.,. 1996;
  • შ. ვადაჭკორია, ბრესტის საზავო ხელშეკრულება და ქართული პოლიტიკური აზრი 1918 წელს, ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები II, თბ., 2008.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები