ბრინჯაო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოცეკვავე გოგონა, ძვ. წ. 2400–1900; ბრინჯაო; სიმაღლე: 10.8 სმ; ეროვნული მუზეუმი (ნიუ დელი, ინდოეთი)

ბრინჯაოშენადნობი სპილენძის საფუძველზე, რომელსაც უმთავრესად დამატებული აქვს კალა, ალუმინი, ბერილიუმი, სილიციუმი, ტყვია, ქრომი და სხვ., გარდა თუთიასა და ნიკელისა.

უძველესია კალიანი ბრინჯაო. მისი დამზადება და გამოყენება ადამიანმა ჯერ კიდევ ახ. წ.-მდე 3000 წლის წინ იცოდა (ბრინჯაოს ხანა). შუა და გვიან ბრინჯაოს ხანაში სპილენძს სხვადასხვა რაოდენობით უმატებდნენ დარიშხანს, სტიბიუმს, ტყვიას, თუთიას, მაგრამ ყველაზე გავრცელებული მაინც კალიანი ბრინჯაო იყო. საქართველოში ბრინჯაოს დამზადება და გამოყენება ახ. წ.-მდე დაახლოებით 2000 წლის წინ დაიწყეს. კალიანი ბრინჯაო შეიცავდა 14-18% კალას (ზოგჯერ მეტსაც). ასეთი რთული შედგენილობის შენადნობიდან ნივთებს ჭედვითა და ჩამოსხმით ამზადებდნენ. კალიან ბრინჯაოს საუკეთესო სამსხმელო თვისებების გამო ფართოდ იყენებდნენ საომარი და სამეურნეო იარაღის (შუბი, მახვილი, სატევარი, ცული), მონეტების, მხატვრული ნაკეთობებისა და სამკაულიების დასამზადებლად. შუა საუკუნეებში ბრინჯაოსაგან ეკლესიის ზარებს ასხამდნენ. ასეთი ბრინჯაო 20%-მდე კალას შეიცავდა. XIX საუკუნიდან დაიწყეს ბრინჯაოს გამოყენება მანქანათმშენებლობაში (საკისრების მილისების, კბილანების, არმატურისა და სხვათა დასამზადებლად). ამ დარგისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბრინჯაოს ანტიფრიქციულ (ანტიფრიქციული მასალები) და ანტიკოროზიულ თვისებებს. XX საუკუნეში დაიწყეს ალუმინიანი ბრინჯაოს დამზადება, რომელიც საუკეთესო თვისებებით გამოირჩეოდა, შემდეგ კი ბერილიუმიანი და კადმიუმიანი, რომელიც თვით ფოლადს არ ჩამოუვარდებოდა. საუკეთესო თვისებებისაა აგრეთვე სილიციუმიანი ბრინჯაო, რომელიც მაღალი პლასტიკურობის გამო ადვილად მუშავდება წნევით. ბრინჯაოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თანამედროვე მანქანათმშენებლობაში, საავიაციო და სარაკეტო ტექნიკაში. არსებობს ბრინჯაოს შემდეგი სახეობები: ალუმინიანი, ბერილიუმიანი, ვოლფრამიანი, თუთიანი, კადმიუმინიანი, კალა-თუთია-ტყვიიანი, კალამცირე, კალაუხვი, კალაფოსფოროვანი, კალოვანი, მანგანუმიანი, მჟავაგამძლე, ნიკელიანი, საზარბაზნე, საზარე, საკისრის, სამანქანო, სამონეტო, სამსხმელო, სამხატვრო, სარკისებრი, სილიციუმიანი, სპეციალური, ტიტან-ალუმინიანი, ტყვიიანი, უკალო, ფოსფორიანი და სხვ.

ბრინჯაოს თავისი განსაკუთრებული თვისებების გამო, რომლებიც აადვილებს მხატვრული ნაკეთობების დამზადებას, ფართოდ იყენებენ ხელოვნებაში. ბრინჯაო კარგად ექვემდებარება დამუშავებას, ჭედურობას; პრიალდება სარკესავით, გარეგანი პირობების ზემოქმედებით იღებს ლამაზ შეფერილობებს, შესაძლოა მისი ქიმიური ტონირება, ექვემდებარება მოოქროებას.







წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები