ბრუნერი ჯერომ სეიმურ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბრუნერი ჯერომ სეიმურ

ბრუნერი ჯერომ სეიმურ - Jerome Seymour Bruner, Джером Сеймур Брунер, 1915-2016

ამერიკელი ფსიქოლოგი და პედაგოგი, კოგნიციური პროცესების ერთერთი ყველაზე თვალსაჩინო მკვლევარი და განათლების ფსიქოლოგიის ერთერთი ყველაზე აღიარებული ექსპერტი. სწავლობდა დიუკის უნივერსიტეტში, ფილოსოფიის დოტორის წოდება მიიღო ჰარვარდში. მეორე მსოფლიო ომის წლებში დასაქმებული იყო პოლიტიკური დაზვერვისა და ფსიქოლოგიური ომის ამოცანებით. შემდეგ ასწავლიდა ჰარვარდის უნივერსიტეტში, სადაც დააფუძნა და ხელმძღვანენელობდა (ჯ. მილერთან ერთად) კოგნიტივისტური კვლევების ცენტრს. აქ ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის, ლინგვისტიკის, ასაკობრივი ფსიქოლოგიის, ანთროპოლოგიის, ფილოსოფიის და ხელოვნური ინტელექტის მონაცემები და მეთოდები პირველად გაერთიანდა დამოუკიდებელ დისციპლინად - კოგნიტივისტურ მეცნიერებად. 1972 წლიდან გადასახლდა ინგლისში. იყო ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი.

ე.წ. „ახალი ხედვის” (New Look) მიმართულების ფარგლებში (რომელშიც შედიოდნენ კრეჩი, პოსტმანი და სხვანი) ბრუნერმა, ერთერთმა პირველმა, დაიწყო იმის ექსპერიმენტული შესწავლა, თუ რა გავლენას ახდენს მოთხოვნილებები და ღირებულებითი ორიენტაციები აღქმის პროცესზე. დადასტურდა, რომ აღმქმელი სუბიექტის თავისებურებები და სოციალური ფონი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს იმას, თუ რას და როგორ ხედავს ადამიანი. მაგ., ერთიდაიმავე მოცულობის მონეტას ღარიბი ბავშვები უფრო დიდად ხედავენ, ვიდრე მდიდრები. რაც უფრო დიდია ობიექტის სოციალური ღირებულება, მით მეტია მისი აღქმული სიდიდის დამახინჯება, აღქმის ილუზია. მაშასადამე, ღირებულებათა სისტემა ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის მსოფლაღქმის ინდივიდუალურ თავისებურებებს.

ბრუნერი აღქმას განიხილავდა, როგორც მუდმივი კატეგორიზაციის პროცესს, რომელიც ე.წ. „პერცეპციულ ჰიპოთეზებზე” დაყდნობით წარიმართება. ორიგინალური მეთოდიკით მან იკვლია ხელოვნური ცნების შემუშავების/განზოგადების პროცესი. ბრუნერის მიხედვით, ცნების დაუფლება ნიშნავს იმის სწავლას/გარკვევას, თუ გარემოს რომელი თვისებებია რელევანტური ობიექტების დაჯგუფებისთვის გარკვეულ კლასებად { კლასიფიკაცია}.

ბრუნერმა იკვლია გონებრივი განვითარების პროცესი კროსკულტურულ და ეთნოფსიქოლოგიურ ჭრილში. ინტელექტის განვითარების წყაროდ მას მიაჩნდა კულტურული გარემო და კერძოდ სწავლების ფორმა და შინაარსი. ესაა გადაწყვეტი ფაქტორი {აღზრდის სოციოკულტურული გარემო}. ინტელექტის განვითარების/მომწიფების პროცესი არაა ზუსტად განსაზღვრული თანდაყოლილად ჩანერგილი გეგმით, როგორც ფიქრობდა ჟ. პიაჟე. ამიტომ საგნების სწავლება ბრმად არ უნდა მიჰყვებოდეს სტადიების ბუნებრივი ცვალებადობის პროცესს. სწავლება შეიძლება გახდეს განვითარების წამყვანი ფაქტორი, თუკი იგი სწორად არის აწყობილი და აღძრავს მოსწავლეს, გადავიდეს მომდევნო სტადიაზე (ეს აზრები ემთხვევა ლ. ვიგოტსკის აზრებს). ბრუნერის აზრით, ყოველი სასწავლო საგანი შეიძლება ნებისმიერ ბავშვს ასწავლო, თუკი იგი სათანადოდ იქნება მიწოდებული.

ბრუნერმა პიაჟე გააკრიტიკა აგრეთვე იმ საკითხში, რომ აზროვნების განვითარება არ სრულდება ფორმალუროპერაციულ სტადიაზე, 17 წლის ასაკში {დიალექტიკური აზროვნება}.

ბრუნერმა განავითარა სწავლების ევრისტიკული მეთოდი - სწავლება აღმოჩენებით. შესაბამისად, დიდი მნიშვნელოვნება მიანიჭა მოსწავლის ინტუიციის განვითარებას (რაც გამონაკლისია კოგნიტივიზმში). სწავლის დროს მთავარია ნასწავლის (მიღებული ინფორმაციის) კოგნიციური მოწესრიგება და სტრუქტურირება _ კლასიფიკაცია და ყველაფრის განლაგება შესაბამის კატეგორიებსა და ქვეკატეგორიებში [ცნების დაუფლება ლოგიკურ-ცნებით დონეზე]. (ჩანამატის ავტორი ზურაბ ვახანია).


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები