ბრძოლიდან გამოსვლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბრძოლიდან გამოსვლა - ნაწილების (ქვედანაყოფების) საბრძოლო მოქმედება მოწინააღმდეგისგან იმ მანნძილზე მოწყვეტის მიზნით, რაც უზრუნველყოფს მათთვის უკან დახევის ან სხვა მიმართულებით მანევრის შესაძლებლობას; ხორციელდება ზემდგომი უფროსის ბრძანებით არტილერიის მისაწვდომობის გათვალისწინებით.

ბრძოლიდან გამოსვლის სიღრმე პირველ მსოფლიო ომში შეადგენდა 6-8 კმ, II მსოფლიო ომში 8-10 კმ-ს. შემდეგ დაზიანების საშუალებათა განვითარებასთან, განსაკუთრებით სროლის (გაშვების) სიშორის ზრდასთან დაკავშირებით, ბრძოლიდან გამოსვლის სიღრმე კიდევ უფრო გაიზარდა.

ბრძოლიდან გამოსვლა ხდება უეცრად და ფარულად, ჩვეულებრივ, ღამით და შეზღუდული ხედვის სხვა პირობებში. დღისით ფართოდ გამოიყენება ადგილმდებარეობის ნაოჭები, შენიღბვის საშუალებები - საკვამლე და აეროზოლური ფარდები.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მასობრივი დაზიანების იარაღისაგან, მაღალი სიზუსტის იარაღისა და საჰაერო თავდაცვის საშუალებებისაგან დაცვას. მთავარი ძალების ბრძოლიდან გამოსვლის უზრუნველსაყოფად, მოწინააღმდეგისგან მოწყვეტის მიზნით და ორგანიზებული დახევის უზრუნველსაყოფად ინიშნება დაფარვის ქვედანაყოფები და არიერგარდები (ზურგის სალაშქრო საგუშაგოები). მათ შემადგენლობაში შეიძლება გამოიყოს 1/3-მდე ქვეითი ქვედანაყოფი, რომელიც გაძლიერებულია ტანკებით, თვითმავალი არტილერიით, ტანკსაწინააღმდეგო და სხვა საშუალებებით.

უკან დახევა იწყება შეტევაზე გადმოსული მოწინააღდეგის ავიაციით, რაკეტებითა და არტილერიის ცეცხლით მძლავრი დარტყმის მიყენების შემდეგ, ხოლო თუ შესაძლებელია, კონტრ-შეტევების შემდეგაც. პირველად გამოჰყავთ ნაწილები (ქვედანაყოფები), რომლებიც არ არიან ბრძოლაში ჩაბმული და განლაგებული არიან ზურგში, შემდეგ - წინა ხაზზე მყოფი ნაწილები. მთავარი ძალები პოზიციებს ტოვებენ ცეცხლისა და დარტყმების, გადამღობი აეროზოლური ფარდების დაფარვით და გადადიან შეკრების რაიონებში. აქ ხდება მათი ფორმირება კოლონებად შემდგომი მოქმედებისათვის. არტილერია გამოჰყავთ ისეთი თანამიმდევრობით, რომ არ შეწყდეს ცეცხლი მოწინააღმდეგეზე. დაფარვის ქვედანაყოფები რჩებიან დაკავებულ პოზიციებზე, რათა არ დაუშვან მოწინააღმდეგის გარღვევა მთავარი ძალებისაკენ. როდესაც მთავარი ძალები გაივლიან არიერგარდის მიერ დაკავებულ ზღუდეს, ზემდგომი უფროსის ბრძანებით დაფარვის ქვედანაყოფები მალულად და ერთდროულად გამოჰყავთ. შემდეგ ისინი უერთდებიან მთავარ ძალებს და მათ გამოიყენებენ არიერგარდების გასაძლიერებლად ან შესაცვლელად.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები