ბუდეშური წითელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წითელი ბუდეშური აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიში

ბუდეშური წითელი - ადგილობრივი, იშვიათად გავრცელებული, მაგრამ პერსპექტიული ვაზის ჯიშია, იძლევა კარგი ღირსების სასუფრე ყურძენს.

მოსახლეობაში წითელი ბუდეშური ცნობილია აგრეთვე შავი ბუდეშურის სახელწოდებითაც. ამ ორი სახელწოდებით მოხსენებულია იგი მევენახეობის სპეციალურ ლიტერატურაშიაც (პროფ. ს. ჩოლოყაშვილი, 8), ხოლო უფრო ძველ წყაროებში (ი. ბახტაძე, 11), ჯიში ცნობილია წითელი ბუდეშურის სახელწოდებით. ამიტომ მიზანშეწონილად ვცანით აგვეწერა ჯიში მისი ძველი სახელწოდებით, თუმცა მისი მარცვლების შეფერვა არც წითელია, არც შავი, არამედ სიმწიფის დასაწყისში ღია ვარდისფერი, ხოლო დასასრულს მუქი ვარდისფერია.

წითელი ბუდეშური ადგილობრივი ვაზის ჯიშია, იგი წარმოშობილია კულტურული ვაზის ჯიშების ფორმათა წარმოქმნის ადგილობრივი კერიდან. ეკოლოგიურ-გეოგრაფიული კლასიფიკაციის მიხედვით, რომელიც შეიმუშავა პროფ. ა. ნეგრულმა, იგი მიეკუთვნება prol. pontica, subprol. georgica Neg. ჯგუფს. ძირითადი მორფოლოგიური ნიშნებით წითელი ბუდეშური მკვეთრად განსხვავდება თეთრ ბუდეშურისაგან, იგი მისგან განსხვავებული, დამოუკიდებელი ვაზის ჯიშია. ერთი და იგივე სახელწოდება „ბუდეშური“ მათ ალბათ მიღებული აქვთ მარცვლის ერთნაირი ოვალური ფორმის გამო. მართლაც, სიტყვა ბუდეშური სულხან-საბა ორბელიანს თავის ლექსიკონში (4) შემდეგნაირად აქვს განმარტებული: „ბუდეშური ყურძენი მოგრძე მარცვალი“ არის. სხვა მორფოლოგიური ნიშნებით მას საერთო თითქმის არაფერი აქვს თეთრ ბუდეშურთან.

ი. ბახტაძეს (11) წითელი ბუდეშური მოხსენიებული აქვს დასავლეთ საქართველოს ვაზის ჯიშებთან ერთად, ხოლო აკად. ივ. ჯავახიშვილის (9) მიხედვით, იგი მესხეთშიაც ყოფილა გავრცელებული. მესხეთში (სოფ. გურკელში) თითო-ოროლა მაღლარი ვაზების სახით ახლაც გვხვდება ბუდეშური, მაგრამ იგი თეთრია და არა წითელი. ძველად მესხეთში წითელიც ყოფილა გავრცელებული, მაგრამ ამ მხარის გამაჰმადიანებისა და მკვიდრი მოსახლეობის გადასახლების გამო, წითელმა ბუდეშურმა სხვა მრავალ ჯიშების მსგავსად ჩვენამდე ვერ მოაღწია.

ს. ორბელიანის (4), ი. ბახტაძის (11), ივ. ჯავახიშვილის (9) და სხვათა მონაცემების თანახმად წითელი ბუდეშური ადგილობრივ ვაზის ჯიშად უნდა ვიგულვოთ. მასთან იგი საკმაოდ ძველი ჯიში ჩანს, რადგან ჯერ კიდევ XVII საუკუნეში კარგად ცნობილი და გავრცელებული ყოფილა. არის საფუძველი ვიფიქროთ, რომ რამდენიმე საუკუნით უფრო ადრეც იქნებოდა იგი ჩვენში გაშენებული.

ამჟამად წითელ ბუდეშური მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად კახეთში მოიპოვება და მისი გავრცელების არეალი თელავისა და გურჯაანის რაიონებით იფარგლება, სადაც იგი თითო-ოროლა ვაზის სახით ახლაც გვხვდება კოლმეურნეთა საკარმიდამო ნაკვეთებზე.

ძველად წითელი ბუდეშურის გავრცელების არეალი გაცილებით უფრო ფართო იყო, იგი საქართველოს თითქმის ყველა რაიონში გვხვდებოდა. ი. ბახტაძეს (11) მისი გავრცელება აღნიშნული აქვს შორაპნის ყოფილ მაზრაში, აკად. ივ. ჯავახიშვილს (9) მესხეთში, მოხსენიებული აქვს სულხან-საბა ორბელიანსაც (4) და ასე შემდეგ.

მიუხედავად ჯიშის ფართო გავრცელებისა, საფიქრებელია, რომ მას დიდი ფართობი მაინც არ ეჭირა და გვხვდებოდა პატარა ვენახების, უფრო ხშირად რამდენიმე ასეული ძირი საკარმიდამო ნაკვეთებზე. ეს გარემოება იმით აიხსნება, რომ ძველად სასუფრე ყურძნის ჯიშებს ჩვენში სამრეწველო გავრცელება არ ჰქონდა, რომლებსაც ავრცელებდნენ ძირების განსაზღვრული რაოდენობით საჭმელად და სუფრის დასამშვენებლად. აქედან წარმოდგა სასუფრე ყურძნის საერთო სახელწოდება „სათვალიო“ და „საგობე“. მეორე მხრივ, საქართველოს თითქმის ყველა მხარეში ზოგიერთი საწარმოო ვაზის ჯიში ხშირად ცვლიდა სასუფრე ყურძენს და თავისუფლად ეწეოდა და ახლაც ეწევა მის მაგივრობას. აღმოსავლეთ საქართველოში სასუფრე ყურძნის მაგივრობას ეწეოდა რქაწითელი, ჩინური, მწვანე, ხოლო დასავლეთ საქართველოში კრახუნა, კამური თეთრი, ალადასტური და სხვ.

ხანგრძლივი შედარებითი შესწავლის შედეგად წითელი ბუდეშური ჩვენ მიერ გამოვლინებულია, როგორც შედარებით მაღალი ღირსების სასუფრე ყურძნის ჯიში.

აღმოსავლეთ საქართველოს სასუფრე ყურძნის ჯიშებიდან იგი საგრძნობლად გამოირჩევა მტევნების ლამაზი გარეგნული შეხედულებით და სასიამოვნო გემოთი. ჯიში ჩვენ მიერ შესწავლილია და გამრავლებულია წარმოების პირობებში დასანერგად. კახეთის ჰავის პირობებში წითელი ბუდეშური თავისი საუცხოვო გემოთი საგრძნობლად გამოირჩევა ქართლის თითას, გორულას, კახეთის ცხენისძუძუსა და სირგულასაგან, რომლებიც საუკეთესოებად ითვლებიან აღმოსავლეთ საქართველოს სასუფრე ვაზის ჯიშების ასორტიმენტში.

წითელი ბუდეშური ამჟამად გამრავლებულია და ფართოდ იცდება გამოვლინებულ ჯიშებისა და კლონების გამოსაცდელ ნაკვეთზე სოფ. ვაზისუბანში და ჯიშთა გამოცდის და სარეპროდუქციო ნაკვეთებზე ქ. თელავში.

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილების თანახმად წითელი ბუდეშური, ქართული საადრეო, ქისი და კახეთის საწარმო ვაზის ჯიშების კლონები გადაცემულია ფართო საწარმოო გამოცდისათვის სამტრესტის საბჭოთა მეურნეობებში გასაშენებლად.

აღნიშნულის შესაბამისად წითელი ბუდეშურის საცდელი ვენახები გაშენდა დიღმის და სამგორის საბჭოთა მეურნეობებში.


სარჩევი

ბოტანიკური აღწერა

ჯიში ბოტანიკურად აღწერილია მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის ექსპერიმენტულ ბაზაზე სოფ. ვაზისუბანში (გურჯაანის რ-ნი).

ახალგაზრდა ყლორტი

მოზარდი 15-20 სმ სიგრძის ყლორტების გვირგვინი და პირველი ორი, ჯერ კიდევ გაუშლელი, ფოთოლაკი შებუსვილია სქელი აბლაბუდისებრი ბეწვებით და მორუხო თეთრი ფერი აქვს, მოვარდისფრო არშიით გვირგვინისა და ფოთოლაკების ირგვლივ. ქვემოთ მდებარე ფოთლები (მეოთხედან დაწყებული) კარგავს ზედა მხრიდან ბუსუსს და იღებს მოყვითალო-მწვანე ფერს მოვარდისფრო იერით, ხოლო ქვედა მხრიდან ინარჩუნებს ბუსუსს და მასთან დაკავშირებულ მორუხო-თეთრ ფერს.

ერთწლიანი რქა

შემოდგომით ყურძნის სრული სიმწიფის დროისათვის ერთწლიანი რქების ფერი მოყვითალო-წითელია და მოვარდისფრო იერი ახლავს. მუხლთშორისების სიგრძე 10-12 სმ უდრის, მუხლები კარგად გამოსახულია და უფრო მუქი ფერისაა, ვიდრე მუხლთშორისები. მუხლთშორისების გასწვრივ ზოლები კარგად ემჩნევა.

ფოთოლი

რქის შუა ნაწილის ფოთლები (9-12) საშუალოზე დიდია (22X20 სმ). ფორმით მომრგვალო, ან ოდნავ ოვალურია. უფრო ხშირად ფოთლები სამნაკვთიანია (სამყურიანი), იშვიათად ხუთნაკვთიანი, ძლიერ იშვიათად ოდნავ დანაკვთულია ან თითქმის დაუნაკვთავი ფოთლებიც გვხვდება. ფოთლის ზედაპირი სწორია, იშვიათად იგი მიხრილ-მოხრილია. შუა ნაკვთის კუთხე ხშირად ბლაგვია.

ზედა ამონაკვეთები საშუალო სიღრმისაა, ფორმით ჩანგისმაგვარია. იშვიათად შეჭრილკუთხისებრი, ზეზეურია. ზოგჯერ ზედა ამონაკვეთები დახურულია. აქვს კვერცხისებრი თვალი მომრგვალო ფუძით, იშვიათად ფუძე ცალკბილიანია.

ქვედა ამონაკვეთები, როგორც წესი, ზეზეურია, უფრო ნაკლებად განვითარებული, ხშირად ღიაა და ლანცეტის ან შეჭრილი კუთხისმაგვარი ფორმა აქვს, იშვიათად გვხვდება ჩანგისებრი ფორმის ვიწროყელიანი შეჭრილკუხთიანი ამონაკვეთები.

ყუნწის ამონაკვეთი ხშირად ღია თაღისებრი ან კვადრატული ფორმისაა, მომრგვალო ფუძით, იშვიათად იგი ჩანგისებრია წამახვილებული ან მომრგვალო ფუძით. ყუნწის სწორი თაღისებრი ამონაკვეთები ჯიშისათვის დამახასიათებელია.

ფოთლის მთავარი ძარღვები ბოლოვდება სამკუთხედისებრი მახვილწვერიანი, იშვიათად მომრგვალებულწვერიანი კბილებით. გვერდითი კბილები სამკუთხედისებრია, გამოზნექილი გვერდებით და მახვილი წვერით ან ცალმხრივ ამოზნექილგვერდიანია.

ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა სუსტია, იგი შედგება იშვიათი აბლაბუდისებრი ბეწვებისაგან და თხელი ჯაგრისებრი ბუსუსისაგან.

ფოთლის ყუნწი მუქი ღვინისფერია, ალაგ-ალაგ მწვანეა, იგი უბუსუსოა ან ახლავს ოდნავ შესამჩნევი ბუსუსი. ყუნწის სიგრძე უდრის ფოთლის შუა ძარღვის სიგრძეს, ან ოდნავ მასზე მეტია.

ყვავილი

ყვავილი ორსქესიანია, მტვრიანები სწორმდგომია. ყვავილში ხუთი, იშვიათად ექვსი მტვრიანაა. მტვრიანების ძაფების სიგრძის შეფარდება ბუტკოს სიმაღლესთან 1,25 უდრის. იშვიათად ეს შეფარდება 1,50 აღწევს. ბუტკო მსხლისებრი ან სუროსებრი ფორმისაა. კარგად გამოსახული სვეტით და დინგით.

მტევანი

მტევნები საშუალო (18X10 სმ) სიდიდისაა, რომელთა სიგრძე მერყეობს 14-დან 22 სმ-მდე, ხოლო სიგანე 8-დან 13 სმ-მდე. უფრო ხშირად მტევნები კონუსისებრი ფორმისა და თხელი ან საშუალო სიმკვრივისაა, იშვიათად მხრიანია, მხრების სიგრძე ძირითად მტევნის სიდიდის ერთ მესამედს, ხან ნახევარს აღწევს. წვრილი მარცვლების რაოდენობა მტევანში უმნიშვნელოა, ცალკეულ წლების მიხედვით იგი 5-10% აღწევს. მარცვლების რიცხვი მტევანში ცვალებადობს 60-დან 200-მდე. კარგად განვითარებულ, 515 გ-იან მტევანში 185 მარცვალია, რომელთაგან 100 მარცვალი მსხვილია, ხოლო 85 საშუალო და საშუალოზე მცირე ზომისაა. მტევნის ყუნწი 5-7 სმ სიგრძისაა, ხშირად ბალახისებრია, შუა ადგილიდან ფუძისაკენ იგი ხევდება და რქის ფერს იღებს. მარცვლის ყუნწის სიგრძე მერყეობს: 0,6-დან 0,9 სმ-მდე, მისი ბალიში ვიწრო კონუსისებრი, ხორკლიანია, ან იშვიათად განიერი კონუსისებრია.

მარცვალი

მარცვლები საშუალოზე უფრო მსხვილია, მათი სიგრძე მერყეობს საშუალოდ 1,6-დან 2,0 სმ-მდე, ხოლო განი 1,25-დან 1,65 სმ-მდე, რაც საშუალოდ 1,75X1,45 სმ შეადგენს. მარცვალი ოვალურია, იშვიათად მოგრძო, ხშირად სიმეტრიულია, შუაში განიერია და ბოლო მომრგვალებული. მარცვალი ვარდისფერია, არათანაბარი სიმწიფის გამო ხშირად ჭრელია, ხოლო გადამწიფებისას მუქი ვარდისფერია ან თითქმის შავია. კანი თხელი აქვს, იგი ძნელად შორდება მარცვლის რბილობს, რბილობი ოდნავ მკვრივია, ხოლო წვენი უფერული. მარცვალი დაფარულია საკმაოდ სქელი ცვილისებრი ფიფქით. მარცვალს სასიამოვნო ჰარმონიული გემო აქვს და ზომიერი სიხალისე. ჯიშური არომატი საკმაოდ გამოსახულია, ჯიში ადვილად გამოირჩევა სხვა სასუფრე ყურძნის ჯიშებიდან მარცვლის ნაზი გემოთი. მარცვლები საკმაო მჭიდროდ სხედან ყუნწზე.

წიპწა

წიპწების რაოდენობა მარცვალში ცვალებადობს 1-დან 4-მდე, საშუალოდ ერთ მარცვალზე ორი წიპწა მოდის.

წიპწის სხეული მომრგვალო-ოვალურია, წაბლისფერია მოწითალო იერით, ნისკარტი ნარინჯისფერი აქვს. წიპწის სიგრძე 7 მმ, ხოლო განი 4 მმ უდრის, ნისკარტის სიგრძე 2,0 მმ. ქალაძა წიპწის ზედა ნაწილში მდებარეობს, იგი ოვალური ფორმისაა და შუაში ჩაზნექილია. ღარტაფი ქალაძიდან წიპწის ზედა ნაწილისაკენ საკმაო ღრმა და განიერია, ხოლო ნისკარტისაკენ იგი ვიწროა. წიპწის მუცლის მხარე ქედიანია, მუცლის ღარები საკმაოდ ღრმაა, პარალელურად მიემართებიან ნისკარტისაკენ და მის დასაწყისში ქრებიან. მათი ფუძე (ძირი) ნარინჯისფერია. ნისკარტი ვიწრო-კონუსისებრია და ხორკლიანი, წვერი წაკვეთილი აქვს.


აგრობიოლოგიური დახასიათება

სავეგეტაციო ფაზების მსვლელობა

დაკვირვებანი სავეგეტაციო პერიოდისა და მისი ცალკეული ფაზების მსვლელობაზე წარმოებდა მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ნაკვეთზე სოფ. კურდღელაურში ქ. თელავიდან 4 კილომეტრის დაშორებით.

აღნიშნული ადგილის პირობებში სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა და მისი ცალკეული ფაზების მსვლელობა შემდეგი თავისებურებით ხასიათდებოდა: სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა კვირტის გაშლიდან ყურძნის სრულ სიმწიფემდე წლის მეტეოროლოგიური პირობების შესაბამისად მერყეობდა 127-დან 159- დღემდე, ჯამი აქტიურ ტემპერატურისა – 2612°-დან 3327°-მდე მერყეობდა. ვეგეტაციის ფაზების მერყეობის დასახასიათებლად ქვემოთ მოყვანილია თელავისა და დიღმის საბჭოთა მეურნეობებში წარმოებული მრავალწლიური დაკვირვების შედეგები (იხ. ცხრ. 1).

წითელი ბუდეშურის სავეგეტაციო ფაზების მსვლელობა
ცხრილი 1

როგორც 1-ლ ცხრილიდან ჩანს, ვეგეტაციის ფაზების დადგომის ვადები საგრძნობლად მერყეობს ცალკეული წლების მეტეოროლოგიურ პირობებში. დაკვირვებამ ცხადყო, რომ სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა დიდადაა დამოკიდებული საწყისი ფაზის დადგომის ვადაზე. რაც უფრო ადრე დაიწყება კვირტის გაშლა მით უფრო გრძელია სავეგეტაციო პერიოდი და შებრუნებით, რაც უფრო გვიან იწყება იგი, მით უფრო მოკლეა სავეგეტაციო პერიოდი და ამის შესაბამისად, ნაკლებია აქტიური ტემმპერატურის ჯამით. ეს აიხსნება იმით, რომ ვეგეტაციის ყოველი ფაზის დაწყებისათის საჭიროა ტემპერატურის განსაზღვრული დონე, ურომლისოდ ცალკეული ფაზის გავლა ბრკოლდება ან ჭიანურდება. ასე მაგალითად, 1947 წელს წითელ ბუდეშურს კვირტის გაშლიდან (1.IV) ყურძნის სრულ სიმწიფემდე (5.IX) დასჭირდა 158 დღე და 2612° სითბო, ხოლო 1945 წელს, როცა კვირტის გაშლამ ერთი თვით დაიგვიანა (2.V) და ყურძნის სიმწიფე მაინც 5.IX დასრულდა. მისი მომწიფებისათვის საკმარისი აღმოჩნდა 127 დღე და 2612° სითბო. აქედან ცხადია, რომ 1945 წლის აპრილის ტემპერატურის დონე საკმარისი არ იყო ტირილის მომდევნო ფაზის დაწყებისათვის. შედარებით ნაკლებად ცვალებადობს ძირითადი ფაზა – ყურძნის სრული სიმწიფე. იგი მომეტებულ შემთხვევებში 10-15 სექტემბერს დგება. ამ ფაზის ვადის დადგომის მიხედვით წითელი ბუდეშური სიმწიფის II პერიოდის ვაზის ჯიშებს მიეკუთვნება. მისი ყურძენი კარგად მწიფდება აგრეთვე ზღვის დონიდან 1000 მ სიმაღლემდე – სოფ. წყნეთში, ახალციხეში.

კახეთის ჰავის პირობებში წითელი ბუდეშურის ერთწლიანი რქები ყურძნის სრული სიმწიფის დროისათვის თავისუფლად აღწევს მომწიფებას და კარგად შემოსული და გახევებული ხვდება ზამთრის ყინვებს. უფრო მოკლე სავეგეტაციო პერიოდის მქონე რაიონებშიაც ბუდეშურის რქები ასწრებს მომწიფებას. მაგალითად, ჯიშთა გამოცდის ნაკვეთზე სოფ. სხვილისში (ახალციხის რ-ნი), მისმა ერთწლიანმა რქებმა კარგად მოასწრეს მომწიფება. ასევე კარგად ასწრებს რქები მომწიფებას თბილისის მახლობლად სოფ. წყნეთის აგარაკზე. ყოველივე ეს გვაძლევს საბაბს ვურჩიოთ წითელი ბუდეშური თელავზე უფრო მოკლე სავეგეტაციო პერიოდის მქონე რაიონებს, სადაც მისი ყურძნის მომწიფება უზრუნველყოფილი იქნება, თუ აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 2650°-ზე ნაკლები არ იქნება.

წითელი ბუდეშურის ზრდის სიძლიერე ჰავისა და ნიადაგური პირობების შესაბამისად ცვალებადობს. ზრდა-განვითარების თანაბარ პირობებში, კახური საწარმოო ვაზის ჯიშებთან შედარებით, წითელი ბუდეშურის ზრდა თელავისა და ვაზისუბნის საკოლექციო ნაკვეთებზე საშუალო, ან უფრო ხშირად საშუალოზე ძლიერია.

მოსავლიანობა

წითელი ბუდეშური, მსგავსად სხვა ქართული ვაზის ჯიშებისა, ადრე იწყებს პირველსა და სრულ მოსავლიანობას, მისი ნამყენები დარგვიდან მესამე წელს იძლევა პირველ მოსავალს, ხოლო მეოთხე და მეხუთე წლიდან იწყებს სრულ მოსავლიანობას.

თელავისა და ვაზისუბნის საკოლექციო და სარეპროდუქციო ნაკვეთებზე წარმოებული დაკვირვებებისა და აღრიცხვების მიხედვით წითელი ბუდეშური საშუალოზე უხვმოსავლიანი ვაზის ჯიშია. მისი მსხმოიარობის კოეფიციენტი ცვალებადობს საშუალოდ 0,70-დან 2,0-მდე. ხოლო მტევნის საშუალო წონა 120-დან 250 გ-მდე. მსხმოიარობის საშუალო კოეფიციენტად შეიძლება მივიღოთ 1,2, ხოლო მტევნის საშუალო წონად 150 გ. საშუალოდ ვაზზე 16-20 რქის დატოვების შეთმხვევაში ერთი ძირის მოსავლიანობა შეადგენს 2800-3600 გ. ანუ ჰექტარზე გადაყვანით 92,4-დან 168,0 ცენტნერამდე. ჯიშის მსხმოიარობის უფრო დეტალური დახასიათებისათვივს ჩატარდა ნეკზე და საკავებელზე განვითარებული მოსავლიანი და უმოსავლო რქების, აგრეთვე ცალკეული რქების მოსავლის აღრიცხვა. აღრიცხვების შედეგად გამოირკვა, რომ უნაყოფო რქების რაოდენობა ვაზზე საშუალოდ 15-25% აღწევს. ერთმტევრიანი როები შეადგენს 58%, ორმტევნიანები 40%, ხოლო სამმტევნიანები 2,0% (იხ. ცხრ. 2).


ცხრილი 2

წითელი ბუდეშურის მოსავლიანობის მაჩვენებლები
დაკვირვების წარმოების
ადგილი
მოსავლის წელი ნაყოფიანი ყლორტები
%-ით
მტევნების რიცხვი
ერთ მსხ.
რქაზე
მოსავლიანობის
კოეფიციენტი
მტევნის საშუალო
წონა გ-ით
ერთი რქის
მოსავლიანობა
გ-ით
რქების რაოდენობა
ჰექტ-ზე გაფურჩქვნის
შემდეგ
გაანგარიშებული
მოსავალი ცენტ-ით
სოფ. ვაზისუბანი, ინსტ-ის
ექსპერიმენტალური ბაზა
(გურჯაანის რ-ნი)
1939-1940 80 1,50 1,25 140 175 40,000 70,0
ქ. თელავი,
მევენახეობის ინსტ.
საკოლექციო ნაკვეთი
1939-1940 76 1,20 1,0 160 160 35,000 56,0
ქ. თელავი,
სარეპროდუქციო
ნაკვეთი
1950
1951


1,18
1,16
165
163
195
189
60,000
60,000
117,0
113,0

სამტრესტის დიღმის საბჭოთა მეურნეობაში ჩატარებული აღრიცხვების მიხედვით ვაზის მოსავლიანობის მაჩვენებლები შემდეგნაირად ცვალებადობს: უნაყოფო ყლორტები 15-დან 25% -მდე; მოსავლიანობის კოეფიციენტი 1,18-დან 1,28-მდე; მტევნის საშუალო წონა 114-დან 155 გ-მდე, რქის პროდუქტიულობა 134-დან 198 გ-მდე, ხოლო მოსავალი 3,6-დან 4,4 კგ-მდე ძირზე. აღნიშნული ცვალებადობა აღრიცხულია ვაზის სხვადასხვა დატვირთვისა და ფორმირების საცდელ ნაკვეთზე დიღმის საბჭოთა მეურნეობაში.

მე-2 ცხრილში მოყვანილი მონაცემების მიხედვით წითელი ბუდეშურის მოსავალი მერყეობს 56-დან 117 ცენტნერამდე ჰექტარზე.

დიღმის საბჭოთა მეურნეობაში ასპირანტ ე. მირიანაშვილის (2) აღრიცხვის თანახმად წითელი ბუდეშურის მოსავლიანობა 20-22 კვირტით დატვირთვისას 160 ცენტნერს უდრის, ვაზის დატვირთვის 36-40 კვირტამდე გადიდებით – ორმხრივი მოკლე კორდონის შემთხვევაში იგი 178 ცენტნერამდე იზრდება, ხოლო მრავალსაკავებლიანი ფორმის დროს – 193 ცენტნერამდე. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დატვირთვის 20-22-დან 36-40 კვირტამდე გადიდებით შემცირდა განვითარებული ყლორტების პროცენტი, მოსავლიანობის კოეფიციენტი და მტევნის საშუალო წონა. საგრძნობლად შემცირდა აგრეთვე რქის პროდუქტიულობაც, თუმცა მოსავალმა ძირზე იმატა. დატვირთვა 20-22 კვირტით ჯიშისათვის ნორმალურად უნდა ჩაითვალოს (იხ. ცხრ. 3).

წითელი ბუდეშურის მოსავლიანობის ელემენტების ცვალებადობა დატვირთვა-ფორმირებასთან დაკავშირებით დიღმის საბჭოთა მეურნეობაში (1954-1956 წწ. საშუალო ე. მირიანაშვილის მიხედვით)
ცხრილი 3

ჯიშის მოსავლიანობაზე გავლენას ახდენს აგრეთვე დაყვავილების უნარი, ამ მხრივ ჩატარებულმა აღრიცხვებმა დაგვანახა, რომ კოკრების რაოდენობა ცალკეულ ყვავილედში საშუალოდ მერყეობს 130-დან 566-მდე, ხოლო მარცვლების რიცხვი ყვავილების გამონასკვის შემდეგ მტევანში 85-დან 138-მდე. 40 ყვავილედის 13425 ცალი კოკრებიდან გამოინასკვა 3786 მარცვალი, ანუ მთელი რაოდენობის 28,2%, ხოლო 71,8% კოკრებისა გასცვივდა, ასეთი გამონასკვის დროს მტევნები თხელი – ბუდეშურისათვის დამახასიათებელი გამოდის. მტევნების ძლიერ სიმეჩხრის შემთხვევაში საჭიროა ყვავილობის დაწყებამდე ან დაწყებისთანავე მოზარდი ყლორტების წვეროების წაწყვეტა დაყვავილების უნარის გასადიდებლად და გამონასკვული მარცვლების უკეთ გასავითარებლად.

⅔=== სოკოვან ავადმყოფობათა და ზამთრის ყინვებისადმი გამძლეობა === წითელი ბუდეშურის გამძლეობა სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ დამაკმაყოფილებელია. ასე, მაგალითად, ვაზისუბნის და თელავის საკოლექციო ნაკვეთებზე ჩატარებული აღრიცხვების მიხედვით ჭრაქის მიმართ მისი გამძლეობა სხვა ჯიშებთან შედარებით საშუალოა, ხოლო ნაცრის მიმართ საშუალოზე უკეთესი. შედარებით კარგი გამძლეობით ხასიათდება ყურძნის ჭიის მიმართაც, სოფ. ვაზისუბანში 1932 და მომდევნო წლებში იგი მისგან თითქმის არ დაზიანებულა.

ზამთრის ყინვების მიმართ წითელი ბუდეშური საშუალო გამძლეა. ასე, მაგალითად, 1939-1940 წ. ზამთარში, როცა ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმი ვაზისუბანში – 16°-მდე დაეცა და მასთან ვაზის რქები დაიჭირხლა, მოყინული კვირტების რაოდენობამ 12% მიაღწია, მაშინ როდესაც რქაწითელი მხოლოდ 4,3%-ით დაზიანდა, ხოლო სხვა ჯიშების (მხარგრძელის, ჟღიისა და სხვ.) დაზიანებული კვირტების რაოდენობა 20% აღწევდა. თელავის და ვაზისუბნის პირობებში, სადაც ვენახები არ ირწყვება, წითელი ბუდეშური გვალვის მიმართ საშუალო გამძლეობით ხასიათდება, ხანგრძლივი გვალვების შემთხვევაშიაც კი იგი კახეთის სხვა ჯიშებზე უფრო მეტად არ ზიანდება.

ტექნოლოგიური დახასიათება

მტევნის და მარცვლების გარეგნული შეხედულება, მექანიკური შედგენილობა და წვენის ქიმიური შემცველობა გარკვეულად მიგვითითებს წითელი ბუდეშურის სასუფრე ყურძნად გამოყენების მიზანშეწონილობაზე.

მტევნის მექანიკური შემადგენლობის დასახასიათებლად ქვემოთ მოყვანილია თელავისა და ვაზისუბნის ნაკვეთებზე მოკრეფილი ყურძნის ანალიზების შედეგები (იხ. ცხრ. 4).

წითელი ბუდეშურის ყურძნის მექანიკური შედგენილობა
ცხრილი 4

ყურძნის წვენის ქიმიური შედგენილობა

წითელი ბუდეშური სხვა სასუფრე ვაზის ჯიშებთან შედარებით, მაღალი შაქრიანობით ხასიათდება, მაგრამ სასფრე ღვინისათვის მისი შაქრიანობა, უფრო სწორად შაქრიანობის შეფარდება მჟავიანობასთან, არ არის დამაკმაყოფილებელი, განსაკუთრებით, ხარისხოვანი სასუფრე ღვინის მისაღებად. ჯიშის შაქრის დაგროვების უნარის და ცალკეულ წლებში შაქრიანობის ცვალებადობის ნათელსაყოფად ქვემოთ მოყვანილია შაქრიანობა-მჟავიანობის მაჩვენებლები რთველის დროს (იხ. ცხრ. 5).


ცხრილი 5

წითელი ბუდეშურის ყურძნის წვენის შაქრიანობა-მჟავიანობა რთველის პერიოდში


ანალიზების წარმოების
ადგილი
წელი რთველის
თარიღი
შაქარი
%-ით
მჟავიანობა
‰-ით
შენიშვნა
1940 5.IX 18,0 4,66 ს. ვაზისუბანი
1941 10.IX 17,0 4,74
1942 30.IX 16,16 6,43
1943 20.IX 17,2 5,5 ქ. თელავი
1944 28.IX 16,1 6,8
მევენახეობა-მეღვინეობის 1945 10.IX 18,8 4,68
ინსტიტუტის საკოლექციო 1946 16.IX 18,5 5,15
ვენახი თელავსა 1947 10.IX 17,5 5,2
და სოფ. 1948 21.IX 17,0 4,0
ვაზისუბანში 1950 2.IX 16,5 5,0
1951 10.IX 17,0 4,73
1952 26.IX 19,0 5,8
1953 10.IX 20,0 4,96
1955 5.IX 18,0 4,5
1956 16.IX 16,0 6,2
დიღმის საბჭოთა
მეურნეობა,
სოფ. დიღომი
1954-1956 14.IX 16,9 4,3 3 წლის
საშუალო


როგორც მე-5 ცხრილიდან ჩანს წითელი ბუდეშურის შაქრიანობა მერყეობს 16-დან 20%-მდე, ხოლო მჟავიანობა 4-დან 6,8‰-მდე.

აღნიშნული შაქრიანობა 16-19% სავსებით დამაკმაყოფილე ბელია სასუფრე ყურძნისათვის, რადგან ამ ჯგუფის სასუფრე ჯიშების მომეტებული ნაწილის შაქრიანობა საშუალოდ 15-17% არ აღემატება. საჭიროების შემთხვევაში რთველის რამდენიმე დღით უფრო გვიან ჩატარებით შესაძლებელია მისი შაქრიანობის გადიდება, მაგრამ მას მოსდევს მჟავიანობის დაცემა, რაც ცუდად მოქმედებს ყურძნის გემურ თვისებებზე – ამცირებს მის სიხალისეს, რაც სასუფრე ყურძნისათვის არ არის სასურველი.

ყურძნის გამოყენება და პროდუქციის დახასიათება

წითელი ბუდეშურის მოსავალს იყენებენ ძირითადად ადგილობრივ სასუფრე ყურძნად. მისი თხელი ან საშუალო სიმკვრივის მტევნების ლამაზი გარეგნული შეხედულება, მარცვლების ოვალური ფორმა, ვარდისფერი შეფერვა, ჰარმონიული გემო აღმოსავლეთ საქართველოს სასუფრე ყურძნის ჯიშებს შორის მას პირველ ადგილზე აყენებს. მეტიც შეიძლება ითქვას, იგი გაცილებით უკეთესია დასავლეთ ევროპის მთელ რიგ სასუფრე ყურძნის ჯიშებზე და მხოლოდ რამდენიმე ჯიშს თუ ჩამოუვარდება სამეურნეო ნიშან-თვისებათა ჯამით.

წითელი ბუდეშური, როგორც სასუფრე ყურძენი, ხასიათდება შემდეგი მაჩვენებლებით.

მტევანი

კარგად განვითარებული მტევნები საშუალოზე დიდი ზომისაა, მათი სიგრძე 20 სმ, ხოლო განი 12 სმ უდრის. ლამაზი გარეგნული შეხედულების თხელი მტევნები, საშუალოზე მსხვილი ოვალური ფორმის მუქი ვარდისფერი მარცვლები მას მიმზიდველს ხდის.

მარცვალი

მარცვლების უმეტესობა საშუალოზე მსხვილია, მათი სიგრძე 1,75 სმ, ხოლო განი 1,35 სმ უდრის. ფორმით ოვალურია, იშვიათად გვხვდება აგრეთვე მოგძო მარცვლებიც. სრულიად მწიფე მარცვლები მუქი ვარდისფერია, მტევანში უმნიშვნელო წვრილმარცვლიანობას და მარცვლების არათანაბარ სიმწიფეს ერთგვარი სიჭრელე შეაქვს მის შეფერვაში, ხოლო თხელი ცვილისებრი ფიფქი თავისებურ სინაზეს აძლევს მარცვლების შეფერვას. კანი თხელი აქვს, იგი ადვილად არ შორდება რბილობს, რბილობი წვნიანი, ოდნავ მკვრივი ან საშუალო სიმკვრივისაა, წიპწა ადვილად ეცლება რბილობს. მარცვალში საშუალოდ 2 წიპწაა.

გემო

ბუდეშურის მარცვლებს მეტად სასიამოვნო, ჰარმონიული გემო აქვს. სადეგუსტაციო კომისიის სხდომებზე იგი მუდამ მაღალ შეფასებას იღებდა და მომხმარებელთა ვიწრო წრეში დიდი მოწონებით სარგებლობს. წვენის შაქრიანობა მერყეობს 16%-დან 20%-მდე, ხოლო მჟავიანობა 4‰-დან 7‰-მდე. მარცვალს ნაზი სასიამოვნო არომატი აქვს, იგი მკვეთრად არ არის გამოსახული. მაგრამ საკმარისია იმისათვის, რომ ჯიში ადვილად გამოიცნო.

ტრანსპორტის ამტანობა

გადაზიდვის ატანის შესაფასებლად გარდა მიღებულ უშუალო შედეგებისა, საგულისხმოა აგრეთვე მონაცემები მარცვლის მოწყვეტისა და გაჭყლეტვის წინააღმდეგობაზე. აღნიშნულის დასახასიათებლად მოგვყავს მრავალწლიური მონაცემები მოპოვებული ვაზისუბანში, თელავსა და დიღომში (იხ. ცხრ. 6).


ცხრილი 6

წითელი ბუდეშურის მარცვლების წინააღმდეგობა მოწყვეტისა და გაჭყლეტის მიმართ

ანალიზების წარმოების
ადგილი
მოსავლის წელი მოწყვეტის
წინააღმდეგობა
გ-ით
გაჭყლეტის
წინააღმდეგობა
გ-ით
გურჯაანის რ-ნი,
სოფ. ვაზისუბანი
1934
1939
1940
243
277
312
736
890
914
თელავის რ-ნი,
სოფ. კურდღელაური
1941
1942
194
180
864
765
თბილისის გარეუბანი,
დიღმის საბჭოთა
ეურნეობა
1954
1955
1956
297
200
271
1037
700
903

ჩატარებული დაკვირვების მიხედვით მარცვლების წინააღმდეგობა მოწყვეტაზე ცალკეულ მარცვლებისათვის მერყეობდა 180-დან 300 გ-მდე და საშუალოდ 50 მარცვლისათვის უდრიდა 240-250 გ, ხოლო გაჭყლეტვის მიმართ წინააღმდეგობა მერყეობდა 700-დან 1040 გ-მდე და საშუალოდ უდრიდა 760-880 გრამს.

ყურძნის ტრანსპორტის ამტანობის დასადგენად 1938 წლის 23 სექტემბერს გადაგზავნილი იყო 2 ყუთი წითელი ბუდეშურის მტევნები (წონით 4,880 კგ და 5,190 კგ) ქ. კიროვაბადში მევენახეობის საცდელ სადგურზე. 27.IX ყუთები მიღებული იყო კიროვაბადში. ერთი მათგანი გაიხსნა ადგილზე და გაუკეთდა ანალიზი, მეორე კი უკანვე იყო გამოგზავნილი ქ. თელავში, რომელიც მიღებული იყო 12 დღის შემდეგ და მიღებისთანავე ყურძენს გაუკეთდა ანალიზი, რის შედეგებიც მოყვანილია მე-7 ცხრილში.


ცხრილი 7

წითელი ბუდეშურის ყურძნის ტრანსპორტის ამტანობის მაჩვენებლები
გაგზავნის და მიღების
ადგილი
გაგზავნის და
მიღების თარიღი
ყუთის წონა
კგ-ით
მოწყვეტის
წინააღმდეგობა
გ-ით
გაჭყლეტის
წინააღმდეგობა
გ-ით
პირველი ყუთი
ქ. თელავიდან გაგზავნის წინ 1938 23.IX 4,880 171,0 709
ქ. კიროვობადში მიღების შემდეგ 27.IX 4,710 136,0 563
მგზავრობის დანაკარგები 4 დღ. 170 35,0 146,0
მეორე ყუთი
ქ. თელავიდან გაგზავნის წინ 23.IX 5,190 171,0 709
ქ. თელავში დაბრუნების შემდეგ 5.X 4,972 47 180
მგზავრობის დანაკარგები 12 დღ. 218,0 124 529

როგორც მე-7 ცხრილში მოყვანილი მონაცემიდან ჩანს 12 დღის მოგზაურობის შემდეგ იმდენად შემცირდა მოწყვეტისა და გაჭყლეტვის წინააღმდეგ გამძლეობა, რომ ბუდეშურის ყურძენი შორეულ ტრანსპორტირებისათვის ნაკლებ გამოსადეგად უნდა მივიჩნიოთ.

მტევნები, როცა იგი ასხმულია ჯაგნებად სვიაზე ან თოკზე, ან როცა ყურძენი აჭრილია ჩხების სახით და მოთავსებულია მარანში საკმაოდ დიდხანს, კარგად ინახება. ასე, მაგალითად, ამ წესით წითელი ბუდეშურის ყურძენი თავისუფლად ინახება მეორე წლის გაზაფხულამდე, ზოგიერთ წლებში კი მაისამდეც კი. წითელი ბუდეშურის მტევნების შენახვის უნარიანობა ოდნავ უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ცნობილი სასუფრე ჯიშისა – თითა განჯურისა. მაგალითად, როცა ყურძენი თაროებზე დალაგებული ინახებოდა წითელმა ბუდეშურმა 44 დღის შენახვის მანძილზე წყლის აორთქლების გამო წონის 34,1% დაკარგა, ხოლო დამპალ მარცვლების გამოცლის გამო 17,1%-სულ 51,2%, შენახვის იმავე პირობებში განჯურმა თითამ 33 დღის განმავლობაში დაკარგა წყლის აორთქლებაზე 33,5%, ხოლო მარცვლების დალპობის გამო 19,7% – სულ 53,2%. ამ მონაცემების მიხედვით წითელი ბუდეშური შედარებით უკეთ შენახვის უნარიანობით გამოირჩევა.

წითელი ბუდეშური პერსპექტიული სასუფრე ყურძნის ჯიშია, თავისი გემური თვისებებით, მტევნისა და მარცვლების სიდიდით იგი უახლოვდება კახეთში თალავრების სახით გავრცელებულ ჯიშს – განჯურ თითას. ამ ორი ჯიშის შედარება-დაპირისპირებიდან ირკვევა, რომ განჯურის უპირატესობა მდგომარეობს ტრანსპორტის უკეთ ამტანობაში და წვენის ოდნავ მეტ შაქრიანობაში, დანარჩენი მაჩვენებლებით წითელი ბუდეშური მას არ ჩამოუვარდება. ასე, მაგალითად, წითელი ბუდეშური ვენახების გაშენების ჩვეულებრივი წესის დროს – დაბლარად შპალერზე გაცილებით უფრო მეტი მოსავლიანობით, შედარებით უფრო ადრე მწიფობით, ნაკლები წვრილმარცვლიანობით, წვენის მეტი გამოსავლიანობითა და მაგარი ანარჩენების (კლერტი, კანი, წიპწა) ნაკლები გამოსავლით ხასიათდება. ყველა ამასთან წითელი ბუდეშური უფრო სასიამოვნოა საჭმელად და მარცვლების სიდამპლეც მას ნაკლებად აზიანებს.

წითელი ბუდეშური გამოცდილი იყო აგრეთვე სუფრის ღვინის დასამზადებლად, როგრც კახური, ისე ევროპული წესით, მაგრამ მისი ღვინო მაღალი ღირსების არ გამოდგა. ჭაჭაზე დაყენებული იგი ღია ვარდისფერია, არომატი სუსტად აქვს გამოსახული, ნაკლებშინაარსიანი, მცირე სხეულიანი ორდინარული ღვინოა. გამოსადეგია კუპაჟისათვის და ზედმეტად სხეულიანი კახური ტიპის ღვინოების გასაუმჯობესებლად ან მეორე გადაღების შემდეგ სარეალიზაციოდ. ქიმიური ბუნების დასახასიათებლად ქვემოთ მოყვანილია მისი ღვინის ანალიზის შედეგები (იხ. ცხრ. 8).

წითელი ბუდეშურის ღვინის ქიმიური შედგენილობა
ცხრილი 8

როგორც მე-8 ცხრილიდან ჩანს, წითელი ბუდეშურის ღვინო ალკოჰოლს და სიმჟავეს დიდი რაოდენობით არ შეიცავს, მასთან იგი მცირე სხეულიანია, რის გამოც იგი დასაძველებლად ან ხანგრძლივ შესანახად არ გამოდგება. ამიტომ იგი გამოყენებული უნდა იქნეს ახალგაზრდობის ასაკში, მისი მეორე გადაღებისთანავე.


საერთო შეფასება და რაიონირება

წითელი ბუდეშური ნაკლებად გავრცელებული, მაგრამ პერსპექტიული ჯიშია, იგი იძლევა მაღალი ღირსების სასუფრე ყურძენს, რომელსაც ლამაზი გარეგნული შეხედულება და ნაზი, სასიამოვნო გემო აქვს.

ჯიშს შემდეგი დადებითი თვისებები ახასიათებს: ყურძენი ადრე მწიფდება, ვაზი შედარებით კარგად უძლებს სოკოვან ავადმყოფობას, საშუალოზე უხვმოსავლიანია; მტევნები და მარცვლები ლამაზი გარეგნული შეხედულებისაა და ნაზი სასიამოვნო გემო აქვს, მაგარი ნარჩენები (კლერტი, კანი, წიპწა) მცირე რაოდენობით ახლავს და ყურძენი კარგად ინახება.

ჯიშის უარყოფითი თვისებები: ყურძნის არასაკმაო ტრანსპორტამტანობა, მარცვლების არათანაბარი ზომა და სიმწიფე.

ვენახების დროული და კარგი მოვლა-დამუშავებით და ჯიშისათვის შესაფერი აგროღონისძიებების გამომუშავებით საგრძნობლად შეიძლება გადიდდეს მისი მოსავლიანობა. ცუდი ტრანსპორტამტანობა თანამედროვე პირობებში – გადაზიდვის საშუალებების გაუმჯობესებისა და საავიაციო ხაზების გაფართოებასთან დაკავშირებით, ნაკლებად ყურადსაღებია. წვნიანი რბილობი და ნაზი გემო, პირიქით, დადებითად უნდა ჩაითვალოს სასუფრე ყურძნისათვის, რადგან ტრანსპორტის ამტან ჯიშებს სქელი კანი და მკვრივი, საჭმელად ნაკლებ სასიამოვნო, რბილობი აქვს. არათანაბარი ზომა დ სიმწიფე მარცვლებისა წითელ ბუდეშურს მკვეთრად არა აქვს გამოსახული.

წითელი ბუდეშური უდავოდ პერსპექტიული ჯიშია, იგი ჯიშთა გამოცდის საფეხურების გაუვლელად შეიძლება დაინერგოს წარმოებაში. მისი ვენახები უკვე შენდება დიღმისა და სამგორის საბჭოთა მეურნეობებში, ჯიშის მოსავლიანობისა და ხარისხის წარმოების პირობებში შესამოწმებლად.

წითელი ბუდეშურის ნაკვეთებიდან ყოველწლიურად მზადდება საკვირტე მასალა საცდელი ვენახების გასაშენებლად კახეთისა და ქართლის მევენახეობის ძირითად რაიონებში, რომელთა მონაცემების საფუძველზე შესაძლებელი იქნება ჯიშის უფრო ზუსტად დარაიონება აღმოსავლეთ საქართველოში.

ჯიში პერსპექტიულია აგრეთვე საბჭოთა კავშირის მევენახეობის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებისათვის.


ლიტერატურა

1. კეცხოველი ნ. კულტურულ მცენარეთა ზონები საქართველოში. თბილისი, 1957.
2. მირიანაშვილი ე. ზოგიერთი აგროტექნიკური ღონისძიების გავლენა სუფრის ყურძნის ჯიშებზე (წითელი ბუდეშური და განჯური), მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის ინსტიტუტის შრომები, ტ. XI, 1958.
3. მოდებაძე კ. საქართველოს მეღვინეობის რაიონები, თბილისი, 1936.
4. ორბელიანი სულხან-საბა. ქართული ლექსიკონი, თბილისი, 1928.
5. რამიშვილი მ. გურიის, სამეგრელოსა და აჭარის ვაზის ჯიშები, თბილისი, 1948.
6. ტაბიძე დ. მევენახეობის განვითარება საქართველოში, თბილისი, 1950.
7. ტაბიძე დ. კახეთის ვაზის ჯიშები. თბილისი, 1954.
8. ჩოლოყაშვილი ს. მევენახეობა, წიგნი II, „ამპელოგრაფია“, თბილისი, 1939.
9. ჯავახიშვილი ივ. საქართველოს ეკონომიური ისტორია, წ. II, თბილისი, 1954.
10. Баллас М. Виноделие в России ч. I, II и III, СПБ, 1895-1897.
11. Бахтадзе И. Экономический бытгосударсвенных крестьян Шорапанского уезда Кутаисской губернии, т. V, ч. II, Тифлис, 1887.
12. Геевский В. Н. ШарерГ. И. Краткий отчетсадоводства За¬кавказья. Труды Кавказского общ. сел. хоз-ва, Тифлис, 1886.
13. Давитая Ф.Ф. Климатические зоны винограда в СССР, М. 1948.
14. Егоров А.А, Вина Закавказских республик, Симферополь, 1947.
15. Егоров А.А, Вина Кахетии, Вестник виноделия Украины, Одесса, 1925.
16. Канделаки В.А. Восстановление вина „Хванчкара“. «Виноделие и виноградарство СССР», №9, 1944.
17. Канделаки В.А. Грузинские вина «Заря Востока», Тбилиси, 1937.
18. Камарова Е.С. Грузинские сорта винограда на Украине. Винод. и виногр. СССР, №12, Москва, 1951.
19. Саникидзе А.О. Почвы Кахетии. Тбилиси, 1940.
20. Табидзе Д.И. Районы виноградарства Кахетии, Тбилиси, 1940.

წყარო

საქართველოს ამპელოგრაფია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები