ბურა ნალ ფირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბურა ნალ ფირ-ი (ოს. Бурæ нæл фыр – „ყვითელი ცხვარი“)ლოცვის ტექსტებში ნახსენები საუკეთესო ზვარაკი, რომელსაც ზოგჯერ „ყვითელყურება ცხვარი“ ეწოდება. როგორც ჩანს, სამსხვერპლო ცხოველის საკრალურ სისუფთავეს მისი ფერი განსაზღვრავდა. ცხვარი საერთოდ ყველაზე გავრცელებულ სამსხვერპლო ცხოველს წარმოადგენდა. რეალურად ზვარაკად გამოყენებული იყო თეთრი, შავი ან მუქი ფერის ცხვარი. მიუხედავად ამისა ხისტარი (უხუცესი) ლოცვის ტექსტში ამბობდა, რომ მსხვერპლად ეწირებოდა ყვითელი ან ყვითელყურება ცხვარი. როგორც ჩანს, საკრალური ფორმულირების კონსერვატიულობამ შემოინახა ოსთა წინაპრების რელიგიური არქაიკის ეს გაქვავებული ნამსხვრევი (კ. კოჩიევი). აქვე უნდა ითქვას, რომ ოსურ ზღაპრებში ფიგურირებს პერსონაჟი ბურ ფირი – „ყვითელი ცხვარი“, ობოლი ვაჟის მფარველი. იგი კვებავს ბიჭს ყოველგვარი საჭმლით, რომელიც რქებიდან გადმოსდის; ხოლო, როცა ვაჟი საპყრობილეში ხვდება, ცხვარი თავის მტკიცე რქებით ამსხვრევს რკინის კარებს და ანთავისუფლებს მას. ინტერესმოკლებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ზოროასტრული ტრადიციით, ყვითელი ფერის ცხოველი, საკულტო თვალსაზრისით, ყველაზე პატივგებული იყო. „ავესტაში“ ნახსენებია ყვითელი თუ ყვითელყურება ძაღლი, რომლის მიმართ ბოროტ ძალებს განსაკუთრებული შიში აქვს. გვიანდელი ზოროასტრული ლეგენდის თანახმად, ორმუზდმა შექმნა ძაღლი – Zaringos-ი (სიტყვასიტყვით „ყვითელყურება“) არიმანისაგან პირველი ადამიანის დასაცავად. იგი დარაჯობს ჩინვათის ხიდს და მფარველობს კეთილ ადამიანებს, რომელთა სულების ჯოჯოხეთში წაყვანას დემონები ცდილობენ. ყვითელი ფერის ცხოველთა საკრალურობის ტრადიცია, როგორც ჩანს, წინარეზოროასტრული რელიგიიდან მომდინარეობს და შესაძლოა, ინდოევროპული ერთობიდან იღებს სათავეს. სხვა მხრივ ძნელია აიხსნას, როგორ შემოინახა ყვითელი ფერის თუ ყვითელყურება ცხვრის საკრალურობის იდეა ალან-ოსთა წინაპრების რელიგიურმა აზროვნებამ, რომელსაც ზოროასტრის რეფორმა არ შეხებია.


ლიტერატურა

Кочиев К. К. К вопросу о пережитках культа барана у осетин // ИЮОНИИ. 1988. Вып. XXXII.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები