ბუღების ჭედობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბუღების ჭედობა

ბუღების ჭედობა − ხალხური სპორტი, კორიდას მსგავსი გართობა-თამაშობა, წეს-ჩვეულება, რომელიც ადრე გაზაფხულზე იმართებოდა. ხალხური კორიდას ამ ფორმას ტაო-კლარჯეთის მოსახლეობაც კარგად იცნობდა.

ბუღების ჭიდაობა აჭარაში გაზაფხულის დღესასწაულთა ციკლში იყო წარმოდგენილი. მართალია, დღეს აჭარელთა ეთნოგრაფიულ ყოფაში გაზაფხულის შეხვედრის დღესასწაული ფრაგმენტულადაა შემორჩენილი, მაგრამ ის წეს-ჩვეულებები და რწმენა-წარმოდგენები, რომლებიც ხარის უღელში შებმას და ხვნა-თესვის კამპანიისაათვის მზადებას ეძღვნებოდა, ხალხური დღესასწაულების წლიური კალენდრის ამ მონაკვეთზე გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის.

ბუღების ჭედობა აპრილის პირველი კვირიდან იწყებოდა. სასურველი იყო პარასკევი დღე, მაგრამ ჩანს, აღნიშნული ცერემონიალის მუსლიმანურ წმინდა დღესთან დამთხვევა გვიანდელი მოვლენაა, წარმართული სარწმუნოებისათვის დამახასიათებელი თარიღის აღდგენა კი ამჟამად ძალზედ ძნელდება. საერთოდ, აპრილის დასაწყისი აჭარაში ხვნა-თესვის კამპანიის დასაწყისს ემთხვევა და ხალხური წეს-ჩვეულებების, მაგალითად, „კანუღის გაღების” – პირველი ხნულის გავლების რიტუალის შესრულებაც ამ პერიოდისათვის იყო დამახასიათებელი.

თვეობით მზადების შემდეგ ბუღების პატრონები სოფლად შეჯიბრების დღესა და ადგილს აცხადებდნენ. ჭვანისა და ღორჯომის ხეობათა სოფლებში ასეთი შეჯიბრებისათვის გამოყოფილი ჰქონდათ სპეციალური ადგილები. ასე, მაგალითად, სოფელ ინწკირვეთში ბუღიების ჭედობა „დუბე ჭალას” მოედანზე, სოფელ ნაღვარევში – „გორიკულაზე”, სოფელ მეკეიძეებში – „კინტავრაზე” ტარდებოდა.

შეჯიბრების დღეს ორივე მხრივ აურაცხელი ხალხი გროვდებოდა. ბუღიების ჭედობის პროცესი აღსავსე იყო დრამატიზმით. განსაკუთრებით ბუღის პატრონები ღელავდნენ, რომლებიც თავიანთ ბუღებს გვერდში ედგნენ და შეტაკებებისას შეძახილებით ამხნევებდნენ. ბუღის გამარჯვებას, პატრონთან ერთად, სოფლის მოსახლეობა ჟრიამულითა და თოფების სროლით ხვდებოდა, დამარცხებული მხარე კი მოედანს ჩუმად სტოვებდა და რევანშის სურვილით აღვსილი გამარჯვებულის პატრონს განმეორებით იწვევდა. ამგვარად, ბუღიების ჭედობა სოფლად დაახლოებით ერთ კვირას გრძელდებოდა. საასპარეზოდ არენაზე ერთმანეთს ახალ-ახალი წყვილები ცვლიდნენ.


ლიტერატურა

მგელაძე, ლომთათიძე, 2016:56-59; ქართული ეთნოლოგიური... 2009:87.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები