ბუშე ფრანსუა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრანსუა ბუშე. წამოწოლილი ახალგაზრდა ქალი ლუიზა ო’მერფი, 1751; ტილო, ზეთი, 73X59 სმ. ვალრაფ-რიჰარცის მუზეუმი, კიოლნი

ფრანსუა ბუშე - (François Boucher, 1703- 1770) როკოკოს ერთ-ერთი ცნობილი წარმომამდგენელი, მხატვრის შვილი იყო. 1723 წელს ბუშე გრავიურის სახელოსნოში იწყებს მუშაობას, სადაც იგი კოლექციონერებისთვის ვატოს რეპროდუქციების შესასრულებლად დაიქირავეს. სახელოსნოში მუშაობა განმსაზღვრელი აღმოჩნდა მისი მომავალი კარიერისთვის.

ფერწერისა და ქანდაკების საფრანგეთის სამეფო აკადემიის მიერ დაარსებული რომის აკადემიაში 1723-1731 წლებში სწავლის შემდეგ ბუშე პარიზში მკვიდრდება და აკადემიის წევრი ხდება. ამ დროიდან მისი ცხოვრება და კარიერა მჭიდროდ უკავშირდება ორ ქალს: მეუღლეს, მარი ჟანა ბიუზოს, ხელოვნებაში საკმაოდ გაწაფულ, ნიჭიერ ქალბატონს, რომელიც ბუშეს მოდელი და სახელოსნოში მისი ასისტენტი იყო და ლუდოვიკო XV-ს საყვარელს, ცნობილ მადამ დე პომპადურს, ბუშეს მფარველსა და მისი ხელოვნების თაყვანისმცემელს. პომპადური თავად იყო მოყვარული მხატვარი და ბუშესგან გრავიურის გაკვეთილებსაც იღებდა.

1735 წელს შესრულებული პირველი სამეფო შეკვეთის შემდეგ ბუშე თითქმის უწყვეტად მუშაობს ვერსალისა და ფონტენბლოს სამეფო რეზინდენციების გასაფორმებლად. 1755 წლიდან იგი პარიზის გობელენის მანუფაქტურის მთავარ ზედამხედველად ინიშნება; ქმნის ესკიზებს პარიზის, სევრის ფაიფურისა და ბოვეს ქსოვილების მანუფაქტურების ნაწარმისათვის. სამივე სახელოსნო პროდუქციას არა მხოლოდ სამეფო კარისთვის, არამედ ღია ბაზარზე გასატანადაც აწარმოებდა ისეთი ვაჭრებისთვის, როგორიც, მაგალითად, ჟერსენი იყო. ხელოვნების ბაზარი კი, წინა საუკუნესთან შედარებით, ბევრად უფრო მომგებიანი იყო მხატვრებისთვის.

1765 წელს ბუშე სამეფო კარის პირველი მხატვარი გახდა. იგი ქმნის ლუი XV-ს რამდენიმე პორტრეტს, ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ სცენებსა და მითოლოგიურ სურათებს, ასევე, ტილოებს კერძო მფლობელებისთვის - ეროტიკული ნამუშევრების სერიას, რომლებშიც, ხშირად, ვენერას თავგადასავლები იყო ასახული. თუმცა, ერთ-ერთი ასეთი სურათის, წამოწოლილი ახალგაზრდა ქალი: ლუიზა ო’მერფი ძნელია, ეს თემა მითოლოგიურად ჩაითვალოს. ჯერ კიდევ მოზარდი ლუიზა ო’მერფი, რომელიც მალე ლუი XV-ს ერთ-ერთი საყვარელი გახდება, სრულიად შიშველი, გამომწვევ პოზაში ტახტზე გულდაღმა გაწოლილა და სურათის მიღმა იყურება; ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს იგი სრულიად არ უწევს ანგარიშს მაყურებელს. ატლასის დაჭმუჭნულ სამოსზე გაწოლილს, ფეხები გაუშლია და ბალიშზე უდევს, თმა თასმებითა და ლურჯი ბაფთებით აქვს შემკული, ვარდისფერი ვარდი კი, იატაკზე დავარდნია. ზუსტად სურათის ცენტრში გამოსახული ლუიზას სხეულის სავსე ფორმები დაუფარავად გვამცნობს ნამუშევრის რეალურ არსს. ვატოს ე.წ. fềte galante-ს სურათებისგან განსხვავებით, სადაც არისტოკრატებისა და პუტის შეთხზული პერსონაჟები იდილიურ გარემოში უწყინარ სასიყვარულო გართობას მიცემიან, რეალურ გარემოში წარმოდგენილი ბუშეს ვნებიანი ქალი თავადაც სრულიად რეალური, თანამედროვეთათვის ცნობილი პიროვნებაა და უდავოდ ქმნის როკოკოსთვის დამახასიათებელ ეროტიკულ განწყობილებას.


წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები