ბუხუნჭაი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბუხუნჭაჲ (აღულ. БухьунчIай) – დაღესტნური (აღულური) წვიმის გამოწვევის რიტუალი, ამ რიტუალის მთავარი პერსონაჟი და საწესო სიმღერა. ხანგრძლივი გვალვების დროს აღულები 40-45 წლის მამაკაცს თავზე ჩალის კონას დაახურავდნენ, სხეულს კი ტირიფისა და არყის ხის ტოტებით შეუმოსავდნენ. იმ სოფლებში, სადაც ბუხუნჭაჲს როლში ქალი გამოდიოდა, მას თავზე ერთად შეკრულ სამ ჩალის კონას ახურავდნენ. ასე მორთული ბუხუნჭაჲ, ქალები და ორივე სქესის ბავშვები სოფელს კარდაკარ დაივლიდნენ და ყოველ სახლთან შემდეგი შინაარსის სიმღერას მღეროდნენ:

Чи БухьунчIиз хьур канди,
Гьюринтариз рагъ канди,
Дифар-къеривур ахъ хьурай,
Рагъар-вазар варт хьурай!


ჩვენს ბუხუნჭაჲს ფქვილი უნდა,
სოფლელებს მზე უნდა,
ღრუბელი [დე, ძირს] ჩამოვიდეს,
მზე-მთვარე [დე, ზემოთ] აიწიოს!

ამ სიმღერის გაგონებაზე დიასახლისი მსვლელობის მონაწილეებთან გამოდიოდა და ბუხუნჭაჲს ვედროთი წყალს ასხამდა, ხოლო მის თანამგზავრებს პროდუქტებით (პურით, კვერცხით, ტკბილეულით) ასაჩუქრებდა. სოფლის ყველა ოჯახის შემოვლის შემდეგ, პროცესია მდინარისკენ გასწევდა და ბუხუნჭაჲს წყალში შეაგდებდა, შეგროვილ პროდუქტებს კი გაინაწილებდა და დაიშლებოდა.

გვალვების დროს აღულები სხვა საწესო მოქმედებებსაც მიმართავდნენ: ქალები მწყემსს მდინარის წყალში ძალით აგდებდნენ; ამასვე აკეთებდნენ გაზაფხულზე, როცა საქონელი პირველად გაჰყავდათ საძოვარზე, რათა წლის დარჩენილი პერიოდი წვიმიანი და ნაყოფიერი ყოფილიყო; იცოდნენ მდინარეში ულაყის თავის ქალის, ან მართლმორწმუნე მუსულმანის წმ. საფლავის ქვის წყალში ჩადება (ქვას წვიმის მოსვლის შემდეგ კვლავ უკან აბრუნებდნენ). გარდა ამისა, იმ გზებზე, რომლებითაც საქონელი საძოვრებიდან სოფელში ბრუნდებოდა, აკრეფდნენ კენჭებს და, ალაჰის სადიდებლის თქმის შემდეგ, მდინარეში ყრიდნენ, თან ვინმე მარფაგაჲს (ნალექის მფარველი სული?) მიმართავდნენ:

Э, Марфагай, Марфагай!
Марфа кIиларис хьурай!
Къунши кIиларис хьурай!
Регьми угъал угъуна!
Рагъухъан час яргьурай!
Э, Марфагай, Марфагай!


ეი, მარფაგაჲ, მარფაგაჲ!
დე, წიმამ დაასხას მთის მწვერვალებზე!
დე, წიმამ დაასხას მეზობელ სოფლებსაც!
დე, წამოვიდეს კეთილისმყოფელი წვიმა!
დე, გამოვიდეს ცისარტყელა!
ეი, მარფაგაჲ, მარფაგაჲ!


ლიტერატურა

  • Сефербеков Р. Из мифологии агулов: реконструкция образов пантеона и пандемониума // Вестник Института истории, археологии и этнографии. Махачкала. 2014, № 3;
  • Трофимова А. Г. Из истории религиозных обрядов вызывания дождя и солнца у народов Южного Дагестана // Азербайджанский этнографический сборник. Баку, 1965. Вып. 2.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები