გაბესკირია ვიქტორ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვიქტორ გაბესკირია

გაბესკირია ვიქტორ − (1903 − 1964), პოეტი და დრამატურგი. დაიბადა ფოთში. დაწყებითი განათლება მიიღო სოფელ ყულევში, შემდეგ სწავლა გააგრძელა ფოთის გიმნაზიაში. დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი (1927). მისი პირველი ლექსები 1922 გამოქვეყნდა გაზეთ „ბახტრიონში”, ლექსთა პირველი კრებული გამოიცა 1929 წელს. გაბესკირია რედაქტორობდა ფოთის გაზეთ „პონტოსს” (1922), შემდეგ ბათუმის ჟურნალ „ისპირს” (1924). მუშაობდა გაზეთების „წითელარმიელის”, „კომუნისტისა” და „მუშის” რედაქციებში. გაბესკირიას ლექსთა მომდევნო კრებულში (1939) შეპირისპირებულია ძველი და ახალი საქართველო, ხოლო 1949-ის კრებულის ძირითადი თემაა მეორე მსოფლიო ომი. „ერთტომეულში” (1955) ლირიკული ლექსების გარდა შევიდა პოემები „ქეთევან წამებული”, „შემთხვევა პიონერთა ბანაკში”, „ნონია მესხი” და თარგმანები (პუშკინი, ლერმონტოვი, ნეკრასოვი, მიცკევიჩი, ლესია უკრაინკა და სხვა). ქართულ სცენაზე წლების განმავლობაში იდგმებოდა ვიქტორ გაბესკირიას პიესები. 1974 წელს გამოვიდა მისი ნაწარმოებების სამტომეული. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.


ზღვასთან
დადუმებულა სავანე ქართა,
ზღვა... ეგებება ის მზე გოლიათს.
მე მივყრდნობივარ შენს თეთრ ჭიშკართან
ხეს მაგნოლიის.
შენ კი არ ჩანხარ, ნუთუ კვლავ გშვენის
ღიმილი... რატომ არ გხედავ გზაზე?!
მე ის კაცი ვარ. ოდესღაც შენი
ჩრდილი ქვიშაზე რომ შემოვხაზე.
ვით ბავშვობაში, ახლაც სილაში
ხელებს თუ მალავ, როს მარტო რჩები?
კიდევ თუ მოჩანს წყლიან ქილაში
იმ დროს ნაპოვნი თეთრი კენჭები.?!

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები