გაგოშიძე თამარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თამარ გაგოშიძე

გაგოშიძე თამარ - Gagoshidze Tamar, Гагошидзе Тамар 1959 -

ქართველი ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1984), დოქტორი (1997), პროფესორი (1998). სწავლა დაიწყო ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე და დაასრულა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ნეიროფსიქოლოგიის და პათოფსიქოლოგიის განხრით (1980). მოსკოვში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ხატობრივი აზროვნების დარღვევა თალამუსის ვენტროლატერალური ბირთვის სტერეოტაქსიური ოპერაციის შემდეგ”. 1985-1987 წლებში დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელია. 1988 წლიდან მუშაობდა თსუ-ში ზოგადი ფსიქოლოგიის კათედრაზე, ჯერ დოცენტის, ხოლო 1988 წლიდან პროფესორის თანამდებობაზე. აქ მისი ხელმძღვანელობით გაიხსნა პირველი სამაგისტრო პროგრამა კლინიკურ ნეიროფსიქოლოგიაში. ამ პროგრამის ფარგლებში მომზადებული ოთხ ათეულზე მეტი სპეციალისტი წარმატებით მუშაობს სახელმწიფო და კერძო დაწესებულწებებში, ძირითადად განათლებისა და ჯანდაცვის დარგებში. პარალელურად თ. გაგოშიძე მუშაობდა პ. სარაჯიშვილის სახ. ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ინსტიტუტში ნეიროფსიქოლოგად. აქ მან შეიმუშავა და განახორციელა ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროგრამები აფაზიის, აღმასრულებელი ფუნქციებისა და მეხსიერების დარღვევის მქონე პაციენტებთან, აგრეთვე ახორციელებდა ეპილეფსიისა და პარკინსონიზმის მქონე პაციენტების ნეიროფსიქოლოგიურ დიაგნოსტიკას სტერეოტაქსილურ ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ. დაგროვილი მასალის საფუძველზე თ. გაგოშიძემ შეასრულა და დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „პარკინსონიზმის ფსიქოლოგიური პრობლემები”. 1997 წელს თ. გაგოშიძემ კოლეგებთან ერთად დააფუძნა ფსიქომეტრიული და საკონსულტაციო ასოციაცია, რომლის ფარგლებში განხორციელდა მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი პროექტები ფსიქოსოციალური მხარდაჭერის, საზოგადოების განათლების, ადამიანური რესურსის მენეჯმენტის, ინკლუზიური განათლების მიმართულებით.

2005 წლიდან თ. გაგოშიძე ახალშექმნილი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ხდება. ამავე წელს ნევროლოგ კოლეგებთან ერთად მან დააფუძნა ნევროლოგიისა და ნეოროფსიქოლოგიის ინსტიტუტი, რომლის ნეიროფსიქოლოგიის სამსახურსაც ხელმძღვანელობდა 2015 წლამდე. 2014 წელს თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს გამოეყო ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნირებათა ფაკულტეტი და თ. გაგოშიძე მის დეკანად იქნა არჩეული.

1999 წლიდან თ. გაგოშიძე დაინტერესდა ბავშვთა განვითარების დარღვევებით. მისი ხელმძღვანელობით თსუ-ს ნეიროფსიქოლოგების ჯგუფმა შეიმუშავა განვითარების დარღვევების შესაფასებელი ქართულენოვანი ნეორიფსიქოლოგიური სისტემა, ნეიროფსიქოლოგიური დიაგნოსტიკის სტანდარტული პროცედურები განვითარების ისეთი დარღვევებისთვის, როგორიცაა მეტყველების განვითარების დარღვევები, აუტიზმის სპექტრის აშლილობები, დისლექსია, სწავლის უნარის დაქვეითება, ტიკური აშლილობა, მოტორული კოორდინაციის განვითარების დარღვევა, ინტელექტუალური დარღვევა, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი და სხვა. ამასთან ერთად, აქტიურად მიმდინარეობს შესაბამისი ნეიროფსიქოლოგიური სარეაბილიტაციო სისტემების შემუშავება ამ დარღვევათა მქონე ბავშვებისთვის.

ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტში მუშაობისას თ. გაგოშიძემ შეიმუშავა უნიკალური თამაშით თერაპია, რომელიც ბავშვის განვითარების კანონზომიერებას მორგებულია და მეტად ნაყოფიერია. მისი ხელმძღვანელობით ინსტიტუტის ფარგლებში 2009 წელს ამოქმედდა ბავშვთა ადრეული განვითარების დარღვევების პრევენციის სახელმწიფო პროგრამა. ამ პროგრამით მომსახურეობა გაეწია 5000-ზე მეტ ბავშვს და მათ მშობელს. 2007 წელს გამოიცა თ. გაგოშიძის სახელმძღვანელო „ბავშვის განვითარების დარღვევები”.

თ. გაგოშიძე აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციების მუშაობაში, ეწევა ნაყოფიერ კვლევით, პედაგოგიურ, პრაქტიკულ და საორგანიზაციო საქმიანობას.

ძირითადი ნაშრომები

  • ბავშვის ფსიქიკური განვითარების დრღვევები. თბილისი: „ნეკერი”, 2007;
  • თ. გაგოშიძე, ქ. ფილაური, თ. ჭინჭარაული, მ. ბაგრატიონი. ინკლუზიური განათლების პრინციპები. თბილისი: „ნეკერი”, 2009;
  • როგორ ვასწავლოთ კითხვა / პროექტის ავტორი და რედაქტორი, ი. კუტალაძე. თბილისი: „გამოცდების ეროვნული ცენტრი”, 2011 (თანაავტორები: ნ. მჟავანაძე, ნ. გორდელაძე);
  • Autism and equine therapy / International handbook: Man and Horse. All about hyppo/ridetherapy. ed. D. Tsverava., TMI, 2011;
  • Chkhenkeli SA, Šramka M, Rakviashvili TN, Lortkipanidze GS, Magalashvili GE, Bregvadze ESh, Otarashvili A,Gagoshidze TSh. Bitemporal intractable epilepsy: could it be surgically treatable // Stereotactic and Functional Neurosurgery, 2013, 91(2);
  • Cognitive functions of children exposed to antiepileptic drugs in utero – Study in Georgia. Together with: S. Kasradze, G. Lomidze, Sh. Mamukadze, N. Tatishvili, Tompson T. // Epilepsy and Behaviour, 2017, 66;
  • Working memory deficit in patients with temporal and frontal lobe epilepsy. J. Mosiashvili, S. Kasradze, T. Gagoshidze // JSM Brain Science, 2017, 2(2).


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები