გავაშელიშვილი მიხეილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მღვდელი მიხეილ გავაშელიშვილი მეუღლესთან და შვილთან ერთად (XIX საუკუნის 80-იანი წლები)

გავაშელიშვილი მიხეილ – (1855, სოფ. ღები, რაჭის მაზრა, ქუთაისის გუბერნია (ახლანდელი ონის მუნიციპალიტეტი, – 22.03.1912, ქ. ქუთაისი), მღვდელი, პედაგოგი, პუბლიცისტი.

დაიბადა მღვდელ თეოდორე გავაშელიშვილის ოჯახში. სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომელიც წარჩინებით დაასრულა. ცოდნის გაღრმავების მიზნით მან სწავლა თბილისში, იმპერატორ ალექსანდრე II-ის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში გააგრძელა. გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გელათის მონასტერში შეისწავლა. 1881 წ. 29 აგვისტოს ქუთაისის წმ. ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარში იმერეთის ეპისკოპოსმა წმ. გაბრიელმა (ქიქოძე) გავაშელიშვილი დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 6 სექტემბერს მღვდლად დაასხა ხელი და მშობლიურ კუთხეში, ღების მაცხოვრის ტაძარში განაწესა. 1888 წ. გავაშელიშვილი იმერეთის საეპარქიო მმართველობის რაჭის განყოფილების წევრად აირჩიეს. 1889 წ. 20 ოქტომბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1890 წ. 19 დეკემბერს, ეპისკოპოს გაბრიელის ლოცვა-კურთხევით, იგი ონის მაზრაში არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედველად დაინიშნა.

გავაშელიშვილის ზედამხედველობის პერიოდში მისი გულმოდგინე შრომისა და მეცადინეობის შედეგად ხუთი ახალი სამრევლო-საეკლესიო სკოლა გაიხსნა კუდაროში, ძეგლევში, ფუტიეთში, შავრასა და ხონჭიორში.

1893 წ. გავაშელიშვილის ეკლესიის ერთგული სამსახურისთვის სკუფია უბოძეს. 1897 წ. მან აქტიური მონაწილეობა მიიღო რუსეთის იმპერიაში ჩატარებულ პირველ საყოველთაო აღწერაში, რის გამოც ამავე წლის 13 ივნისს სამკერდე ვერცხლის მედალი ებოძა. 1898 წ. 6 ივნისს კამილავკით, ხოლო 1903 წ. 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.

გავაშელიშვილი თანამშრომლობდა იმჟამად გამომავალ ჟურნალ-გაზეთებთან. მრავალი საინტერესო ისტორიულ-ეთნოგრაფიული, პედაგოგიური ხასიათის მასალა გამოაქვეყნა გაზ. „ივერიასა“ და სასულიერო ჟურნალ „მწყემსში“ („მიხაკო ღებელის“ და „რივნის თაველის“ ფსევდონიმებით). პრესაში ასევე შეხვდებით სტატიებს მთის რაჭაში მისი მოღვაწეობის შესახებ.

გავაშელიშვილმა ღებელთა უდიდესი სიყვარული და მოწიწება დაიმსახურა. სოფელში მცხოვრები ძველი თაობის წარმომადგენელთა გადმოცემით, იგი იყო კაცთმოყვარე, ცოდვა-მადლის გამკითხავი, სამართლიანი, უბიწო და ღრმად განათლებული მოძღვარი.

დიაკ. გ. მაჩურიშვილი

წყაროები და ლიტერატურა

  • ჟურნ. „მწყემსი“, 1891, №6; გაზ. „ივერია“, 1901, №65;
  • სცსა, ფ. 489, აღწერა 1, საქმე №40418; საქმე №42O36; საქმე №47986.
  • მაჩურიშვილი გ., ტოგონიძე ლ., XVIII-XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ., 2012.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები