გალავანი (სოფელი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გალავანი - სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მუხრან-საგურამოს ვაკის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე თეზამის მარჯვენა ნაპირზე, მცხეთიდან 18 კმ-ზე. ადრე ბოკოწინი ერქვა.

ქართული ისტორიულ-ეკონომიკური საბუთები ამ ტოპონიმს იცნობენ როგორც ბოკოწინა: მისი შეწირულება ალექსანდრე /კახთა/ მეფეს 1579 წელს განუახლებია სვეტიცხოვლისათვის. იოანე ბატონიშვილს ტოპონიმი ბოკოწინი ბაკიწინი ფორმით აქვს დადასტურებული. საფიქრებელია, იოანეს დროისათვის ბოკოწინი ხალხის მიერ უკვე „ბაკის წინა“ ადგილად იყო გააზრიანებული და იოანესაც თავის „აღწერაში“ ეს ფორმა შეუტანია.

ბოკოწინი, ჩვენი ვარაუდით, სოფელ ბოკონის წინ (გაღმით, მოპირდაპირე მხარეს) მდებარე სოფელს ნიშნავს. ბოკონი დღევანდელ თიანეთის რაიონშია, უწინ კი ერთიც და მეორეც კახეთის საგამგებლოში შემავალი ტერიტორია იყო. ბოკონი და ბოკოწინი (დღევანდელი გალავანი) გეოგრაფიულად მართლაც მთის იქით-აქეთ მდებარე დასახლებული პუნქტებია, ასე რომ ერთ-ერთის მიმართ ზედსართავ წინა-ს გამოყენება ფაქტობრივად გამართლებულია.

ადგილობრივ ასეთი გადმოცემა არსებობს: „აქ უწინ ყოფილა ერთი მღვდელი, სახელად რქმევია ბოკო. ეს სოფელი იმასა რგებია წილში. სოფელი თავდაპირველად ზემოთ ყოფილა გაშენებული, წინამძღვრიანთკარის თავზე, ცაცხვიგორას ვეტყვით, იმის ძირში. როცა წილისყრა მოუხდენიათ, მაშინ ეგ მიწები იმ ბოკოს რგებია, მღვდლის წილი ყოფილა“.

ეს გადმოცემა, უმნიშვნელო ცვლილებით, გამოქვეყნებულია. სპეციალურ ლიტერატურაში ცნობილია ტოპონიმი ბოკოტან-ი, რომელიც სოფ. ბიწმენდის უძველეს სახელადაა მიჩნეული. ვფიქრობთ, აქ მასალის უზუსტობასთან გვაქვს საქმე: ბიწმენდს ბოკოტანი არასოდეს რქმევია, ის კი მოსალოდნელია, რომ ბოკოტანი ბოკოწინის ერთ-ერთი ვარიანტთაგანი იყოს: ბოკონ-ტანი „ბოკონის გადაღმა მდებარე სახნავ-სათესი ტანები, მიწები“


იხილე აგრეთვე

ახატანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები