გამსახურდია კონსტანტინე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კონსტანტინე გამსახურდია

გამსახურდია კონსტანტინე სიმონის ძე - (15.V.1893, სოფ. ძველი აბაშა - 1975, თბილისი) - ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

სარჩევი

ბიოგრაფია

ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის დასრულების შემდეგ, უმაღლესი განათლება მიიღო პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენისა და ბერლინის უნივერსიტეტებში. 1909 გამოაქვეყნა პირველი ლექსი კონსტანტინე აბაშისპირელის ფსევდონიმით. 1916 მიატოვა სწავლა ბერლინის უნივერსიტეტში და სამშობლოში დაბრუნდა. მუშაობა დაიწყო გაზ. „სახალხო საქმის“ რედაქციაში.

1917 წლის აგვისტოში აირჩიეს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის თბილისის კომიტეტის წევრად. 1917 ასწავლიდა გერმანულ ენასა და ლიტერატურას თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. 1918 დატოვა სოციალისტ-ფედერალისტების პარტია. ამავე წელს მისი რედაქტორობით გამოიცა ჟურნალი „პრომეთე“. 1918 დაბრუნდა გერმანიაში და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბერლინის საელჩოს ატაშედ დაიწყო მუშაობა. დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი და მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. სწავლის პერიოდში, არდადეგების დროს იყო სამშობლოში და მონაწილეობდა ოსმალეთის წინაღმდეგ ბრძოლაში - ნატანების ფრონტზე.

Gamsaxurdia konstantine.jpg

1919 დაწერა ნოველა „მკვდართან შეხვედრა“, იმავე წელს დაიწერა მისი ნოველები: „ფოტოგრაფი“, „ტაბუ“ და „მშვენიერება“. 1919 წლის ივლისში გერმანიიდან გამოჰყვა გემ „ქრისტიანიას“ და თან 3 700 ქართველი სამხედრო ტყვე ჩამოიყვანა. 18.X.1920 ჟურ. „ბარრიკადში“ ტიციან ტაბიძემ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც სხვა მწერალთა შორის განიხილა კ. გამსახურდიას ლექსები და წერილები. 14.XII.1920 წაიკითხა მოხსენება – „გერმანიის კულტურისა და პოლიტიკის პრობლემები“. 10.I.1921 საქართველოს მასწავლებელთა ყრილობას წარუდგა მოხსენებით – „რეფორმატორული იდეები გერმანიის პედაგოგიკაში“.

1921 წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ლენინს მისწერა საპროტესტო წერილი -„ღია წერილი ულიანოვ-ლენინისადმი“. ამავე წელს გამოქვეყნდა მისი წერილი „სიტყვები ქართველი ერისადმი 26 მაისს“.

1922-1923 წლებში დააარსა გაზ. „საქართველოს სამრეკლო“, ჟურ. „ალიონი“ და „ქართული სიტყვა”. ხელმძღვანელობდა მწერალთა აკადემიურ კავშირს. 1924 ბოლშევიკების საწინააღმდეგო აჯანყებაში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს. გათავისუფლებიდან 9 თვის შემდეგ დაწერა პირველი რომანი „დიონისოს ღიმილი“.

1926 ქართველი მწერლების პირველ ყრილობაზე რუსიფიკაციის წინააღმდეგ გალაშქრების გამო ხელმეორედ დაპატიმრეს. 6 თვე „ბუტირსკის“ ციხის სიკვდილმისჯილთა საკანში იხდიდა სასჯელს, 3 წელი - სოლოვკის კუნძულებზე. 1927 ავადმყოფობის გამო პატიმრობიდან გაათავისუფლეს და სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცეს. 1931 მწერალთა ფედერაციამ ორგანიზაციის რიგებიდან გარიცხა, როგორც ანტისაბჭოთა მწერალი.

1934-1962 წლებში დაწერა რომანები: „გოეტეს ცხოვრების რომანი“, „მთვარის მოტაცება“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „ბელადი“, „ვაზის ყვავილობა“, „დავით აღმაშენებელი“, თარგმნა გოეთეს „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი“, დანტეს „ღვთაებრივი კომედია“, რემარკის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“, უოლტ უიტმენის ლექსები და სხვ.

1944 აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად. 1965 რომანისთვის „დავით აღმაშენებელი“ მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის პრემია. დაკრძალულია საკუთარი სახლის, კოლხური კოშკის ეზოში.

ეკა ჯავახიშვილი

ლიტერატურა

ს. სიგუა, „მარტვილი და ალამდარი“; „ბარრიკადი“, 18 ოქტომბერი, 1920.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

კონსტანტინე გამსახურდია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები